მთავარი პრობლემა, რის გამოც „ქართული ოცნება“ პირველი ტურის შემდეგ მოულოდნელი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა

62
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ანალიტიკოსი და ჟურნალისტი ზვიად ავალიანი საპრეზიდენტო არჩევნებში დამდგარი შედეგების შესაძლო მიზეზებზე საუბრობს.

“საქმე მხოლოდ „ძველ“ და „ახალ“ გვარდიაში არაა (თუმცა ამაშიც არის…) მთავარი პრობლემა, რის გამოც „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მოულოდნელი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა არის ის, რომ მმართველმა პარტიამ დღემდე ვერ ჩამოაყალიბა „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია, გნებავთ, ქვეყნის განვითარების ალტერნატიული პროექტი, რომელიც ამ იდეის გარშემო შეკრავდა მხარდამჭერებს და ამავე დროს, იქნებოდა ერთ-ერთი მკაფიო კრიტერიუმი თუნდაც პარტიის საკადრო პოლიტიკაში.

არადა ეს თითქოს ძალიან მარტივი იყო – ხალხმა, რომელმაც 2012 წელს ხმა მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, უარი უთხრა არა მხოლოდ ძალადობას (ძალადობა ყველას არ შეხებია), არამედ უარი უთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელ იდეოლოგიას მთლიანობაში.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ახალ მმართველ პარტიას უნდა გაეტარებინა „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული კულტურული, ეკონომიკური, სოციალური და თუნდაც საგარეო პოლიტიკა.

რეალურ ისტორიაში ეს ასე არ მოხდა. ასე, მაგალითად, კულტურულ პოლიტიკაში ლიბერალური დისკურსის ჰეგემონია შენარჩუნდა, ხოლო კონსერვატიული პროტესტი აკადემიურ ენაზე არ გადაითარგმნა და კონსერვტორები კვლავ ე. წ. „მარგინალურ ზონაში“ დარჩნენ. სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაში ფუნდმენტური ძვრები არ მომხდარა, ხოლო საგარეო პოლიტიკა და რიტორიკა, განსაკუთრებით, უკრაინის კრიზისის შემდეგ, ძალიან დაემსგავსა იმას, რის გამოც „ოცნება“ 2012 წლის არჩევნებამდე „ნაციონლურ მოძრაობას“ აკრიტიკებდა.

საბოლოო ჯამში კი, განვლილი ექვსი წლის მანძილზე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „ოცნება“ ცდილობდა შეექმნა არა „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიური ალტერნატივა, არამედ „ნაციონლური მოძრაობის“ გაუმჯობესებული ვერსია „ცოცხების გარეშე“. ეს ცხადია იყო შეცდომა, რადგან ამ სტრატეგიით „ოცნება“ დაშორდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მისი იდეური დასაყრდენი უნდა გამხდარიყო და დაიწყო „ნადირობა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველზე, რაც, ასევე არ გამოუვიდა და საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა.

რა შეიძლება მოხდეს მომავალში?

თუ „ოცნება“ მომავალში მაინც მოინდომებს ჩამოაყალიბოს „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული განვითარების პროექტი და მოხერხებს ამ პროექტის გარშემო შემოიკრიბოს საკუთარი იდეური ელექტორატი, ამ შემთხვევაში არჩევნების წაგებაც კი არ იქნება პარტიისთვის განაჩენი და მომავალში მას აუცილებლად მიეცემა შანსი კვლავ დაიბრუნოს ინიციატივა.

მაგრამ თუ „ოცნება“ გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გაუმჯობესებული ვარიანტი, ამ შემთხვევაში ადრე თუ გვიან საპარლამენტო არჩევნებზეც მოხდება ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს, ოღონდ „ოცნების“ ბედი ოპოზიციაში იქნება უფრო მძიმე, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი იყო, რადგან იდეური ამომრჩევლის გარეშე პარტიები ოპოზიციში ვერ ძლებენ.”- ამბობს ავალიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...