არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილიც სწორედ ასეთი მოულოდნელი ნაბიჯისთვის ემზადება – ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან

98
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან

ავტორი: თამარ შველიძე

“საერთო გაზეთი”


ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებთ მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებას?

– რა გითხრათ, ადვილი სათქმელი არ არის. ძალიან ბევრი გაუგებარი პროცესი მიდის. მაინც მგონია, ეს პროცესები ნელ-ნელა იმ ზღვარს უახლოვდება, როცა “ქართულ ოცნებას” მოუწევს გადაწყვიტოს , უნდა მოიგოს არჩევნები თუ არა.

ამისთვის, ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, რაც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილმა გააჟღერა. ანუ, ახლოვდება დრო, როდესაც ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

  • რა იყო თქვენთვის საყურადღებო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში?

– ივანიშვილმა მოსახლეობას შეგნებით თუ შეუგნებლად განუცხადა, რომ იგი მოსამართლეების პრობლემაზე პასუხისმგებელი არის. არ გამოვრიცხავ ეს, მისი მხრიდან, შეგნებული დეზინფორმაცია იყოს, რათა სხვა ნაბიჯები უკეთ მომზადდეს, ცვლილებებმა რაღაც მოვლენებს წინ არ გაუსწროს და ა.შ. ასეთ მანევრს პოლიტიკაში არცთუ იშვიათად მიმართავენ. ამ დროს, ხშირად, მოულოდნელობის ეფექტი ძლიერია. ანუ, ყველასგან მოულოდნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილიც სწორედ ასეთი მოულოდნელი ნაბიჯისთვის ემზადება. მავანი ამბობს, რომ ამ სიის უკან ივანიშვილი დგას. ზოგმა მიიჩნია: აზრი აღარ აქვს “ქართული ოცნების” გუნდის გაუმჯობესების მოლოდინსო და ახალგაზრდები კიდევაც წავიდნენ საკრებულოდან.

თავიანთი ნაბიჯის მოტივირების დროს, ისინი აპელირებას ივანიშვილის ინტერვიუზე აკეთებდნენ. ასე, რომ ეს ინტერვიუ ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო _ ივანიშვილმა, უპირველეს ყოვლისა, პრობლემა უნდა დაინახოს.

  • ამ ინტერვიუში მან ისაუბრა იდეოლოგიურ შეტევაზეც, რასაც არაერთი ტელევიზია, არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად ვნებს ეროვნულ უსაფრთხოებას?

– ეს ხომ, ფაქტობრივად, იდეოლოგიური ომია. ის, რომ ამ პროცესმა შეიძლება ერში ძალიან მძიმე სურათი შექმნას, ისტორიიდან ამის უამრავი მაგალითი ვიცით _ საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა სხვას არაფერს აკეთებდა. მაგრამ პრობლემა არის არა იმაში სახიფათოა თუ არა იდეოლოგიური მანქანა, რა თქმა უნდა, სახიფათოა, არამედ როგორ უნდა აიცილოს ადამიანმა ეს ხიფათი. ყოველ შემთხვევაში, იმ გზით რითაც, ჯერჯერობით, `ქართული ოცნება~ მიდის, ხიფათს ვერ ავიცილებთ.

ამის აცილების ჭეშმარიტი, ქმედითი გზაა ის, რომ მოქალაქეები იმ ნაბიჯების რეალობაში დარწმუნდნენ, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. ამ რწმენამ მოიკოჭლა და სწორედ ეს არის პრობლემა. ამის შესახებ კარგად იცის ივანიშვილმა. მან კიდეც თქვა: ვიცი რომ ბევრი რამ შესაცვლელია, ბევრ საკითხში იმედი ვერ გაგიმართლეთ, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდებაო. აი, ეს იმედი უნდა არსებობდეს. ზუსტად იმედი გახლავთ არასწორი პროპაგანდის ყველაზე კარგი ჩამხშობი.

  • დღეს, იმედი გამქრალია?

– იმედი გამქრალი, ჩამქრალი რომ არ იყოს, მაშინ “ქართულ ოცნებას” არც მხარდამჭერების პრობლემა ექნებოდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს კარგად გამოჩნდა. ბევრი რამ გადასახედია. ხელისუფლებას თუ სურს იდეოლოგიურ ბრძოლაში გაიმარჯვოს, ქვეყანას უნდა მიხედოს. მაგრამ არის კიდევ პროფესიული საკითხები: როგორც წესი, ხელისუფლების წინაშე დგას ერთი და იგივე პრობლემა.

კერძოდ, არსებობს პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ამახინჯებს იმ რეალობას რაშიც ვართ, ხომ. თუ არსებობს ასეთი პროპაგანდისტული მანქანა, ეს იმის ნიშანია, რომ არ არსებობს შესაბამისი კონტრპროპაგანდისტული მანქანა. ანუ, ივანიშვილის გუნდის პიარი კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ეს უკვე პროფესიული პრობლემაა. თუ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რაც გასაკეთებელია და არ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ პიარის პრობლემაა. ამას სერიოზული მიხედვა სჭირდება.

  • როგორ მოიქცეს, ამ სიტუაციაში, საზოგადოება?

– უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებამ მმართველ გუნდს ილუზიებში ყოფნის საშუალება არ უნდა მისცეს, რისგანაც, როგორც ჩანს, ეს გუნდი დაზღვეული არ არის. ივანიშვილის გულშემატკივრებისგან და ასეთი ძალიან ბევრია, ხშირად გაისმის _ როგორც ჩანს ივანიშვილმა ბევრი რამ არ იცის, საქმის კურსში არ არისო. არ არის გამორიცხული ასეც იყოს, მაგრამ ეს ისევ პიარის თემაა.

თუმცა პოლიტიკოსისთვის საქმის კურსში არ ყოფნა გამართლებული არ არის. შესაძლოა არც მოსახლეობაა მეტისმეტად მონდომებული და არ ამბობს თავის სათქმელს ან ხაზგასმით, მმართველი გუნდი დაყრუებულია.

ჩვენ, შეჩვეული არ ვართ, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში ხშირად გვინახავს ამა თუ იმ მარტივ საკითხებზე გამართული დემონსტრაციები, ხომ. რისთვის ეწყობა ეს დემონსტრაციები? მათი ეფექტურობა, წესით, ძალიან მაღალი არ უნდა იყოს. ისინი არ ამტვრევენ არაფერს, ცეცხლს არ უკიდებენ შენობებს და ა.შ. მათი ძირითადი მიზანი სწორედ ის არის, რომ ხელისუფლებას ილუზიები არ შეექმნას და იცოდეს: რა მოთხოვნები აქვს მოსახლეობას. ასეთი ილუზიების არშექმნის მცდელობა, თავისთავად, საშურია.

ამ ხერხს, ჩვენ, იშვიათად მივმართავთ. თუ ქუჩაში გამოვედით ყველაფერს ვანგრევთ და თუ არ გამოვედით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ არაფერი გვაწუხებს.

  • საინტერესოა როგორ აფასებთ, რაც დღეს “რუსთავი 2”-ის ეთერში ხდება. მსოფლიოს არცერთ ტელევიზიაში, ხელმძღვანელი პირისგან, მსგავსი უწმაწური გინება არ მსმენია. ისიც, საკვირველია 800 ათასი ადამიანი როგორ არის “ნაცების” ამომრჩეველი? ეს უმადურობა ხომ არ არის?

– უმადურობას ვერ დავიჩივლებ იმიტომ, რომ პოლიტიკას მადლიერება არ სჩვევია. ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომი მოიგო, ინგლისელმა ამომრჩეველმა კი იგი მაინც დაიწუნა და სახლში გაუშვა.

ჩერჩილმა ამხელა ომი, ფაქტობრივად, ფაშისტურ მანქანასთან ბრძოლა მარტომ დაიწყო და საბოლოოდ, გაიმარჯვა, მაგრამ ეს ინგლისელმა ამომრჩეველმა არ დაუფასა. პოლიტიკისთვის მადლიერება დამახასიათებელი არ არის. პოლიტიკა პრაგმატულია და ამომრჩეველიც ასე ხელმძღვანელობს _ რაც და ვინც აწყობს, იმას ირჩევს. პრობლემა არის ხოლმე შემდეგის გარკვევა: რატომ აქცევს ამომრჩეველი პოლიტიკოსს ზურგს. ამის გარკვევა შრომას მოითხოვს. სამწუხაროდ, არ არის განცდა, რომ ივანიშვილის გუნდი ამ საკითხზე მუშაობს.

  • თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით და საინტერესოა რა ახსნას მოუძებნით იმ ისტერიულ ლანძღვა-გინებას, ბილწსიტყვაობას, რაც უხვად გაისმის ტელეეკრანებიდან, სოციალურ ქსელში. გვარამიამ ტაბუ ახსნა საზოგადოდ გინებას თუ რა ხდება?

– პოლიტიკური თვალსაზრისით, მგონია, რომ ამ ლანძღვა-გინებას ცოტა ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ. თუმცა, საზოგადოების ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. პოლიტიკური თვალსაზრისით, მოსახლეობა მიხვდება ამ გინებას თუ არა, შეიძლება პირუკუ შედეგი იყოს.

გამორიცხული სულაც არ არის გინების ავტორებმა თავიანთი ქცევით, ამ სტილით უფრო მეტი დაკარგონ, ვიდრე მოიგონ. არაერთხელ ვნახეთ, რომ პარლამენტში პოლიტიკოსების აგრესიული სტილი მოქალაქეებისთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ პარლამენტარებმა ეს გაითვალისწინეს და მუშტი-კრივმა მეტ-ნაკლებად იკლო. პოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ ეს ქმედება მოსახლეობისთვის მოსაწონი არ არის. ვფიქრობ, გვარამიას გინებაც არ არის ქართველი ამომრჩევლისთვის მოსაწონი. პირველი ვინც ამით ქულებს კარგავს, ეს გვარამიაა. უბრალოდ, მან, სხვაგვარად ურთიერთობა არ იცის.

  • ახლოვდება მაისის შუალედური არჩევნები, რას ელით და რა გავლენა ექნება ყოველივეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

– ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია სწორედ იმით, რაც ბრძანეთ  გავლენით 2020 წელზე.

თუკი ამომრჩეველი დაინახავს, რომ `ქართული ოცნება~ მარცხდება, იგი საწინააღმდეგო ბანაკში გადალაგდება, რაც 2020 წელს მმართველ გუნდს ცუდ შედეგს მოუტანს. ამიტომ, ახლა “ქართული ოცნებისთვის” მარცხი ძალიან დიდი დანაკარგი იქნება.

ამ მარცხს აიცილებენ თუ არა, ეს დამოკიდებულია როგორ იმუშავებს მმართველი პარტია. ზემოთ ვისაუბრე იმაზე, რომ რიგ შემთხვევაში შეცდომები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობებში.

ასეთი ქრესტომათიული ჭეშმარიტება არსებობს: მთავარი არ არის ილაპარაკო, არამედ მთავარია ადამიანს შენი მოსმენა უნდოდეს, აინტერესებდეს. შეიძლება მედია-საშუალება სულ არ გქონდეს, მაგრამ მიზანს მიაღწიო.

ზვიად გამსახურდიას დროს ტელევიზიას საბჭოთა მანქანა აკონტროლებდა, მაგრამ ხალხი ინფორმაციას ხეებზე გაკრული პროკლამაციებით და მიტინგებით იღებდა. დიახ, მოსახლეობა ამ ინფორმაციას იღებდა იმიტომ, რომ აინტერესებდა. თუ საინტერესოს იტყვი, ინფორმაციის მოპოვების პრობლემა არ დგას.

თუ იმას იტყვი რაც მიუღებელია, რამდენი დინამიკიც არ უნდა ჩართო, ამომრჩევლის ყურამდე მაინც ვერ მიაღწევ. ხშირად, ამას არ ითვალისწინებს ის ხალხი ვინც მმართველი გუნდის, ივანიშვილის პიარს წარმართავს. შედეგიც შესაბამისია. ვურჩევ, ამაზე დაფიქრდნენ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...