25 წელი – რუსთავი2-ის ისტორია მოკლედ

35
წაკითხვა
IMG.GE

 

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” -ის ეთერში გასვლიდან 25 წელი გავიდა. 1994 წლის 1-ლ ივნისს, ქალაქ რუსთავის სასტუმროს ორ ოთახში გახსნილი ტელევიზია დღეს ქვეყნის წამყვანი მაუწყებელია და შეიძლება ითქვას, რომ საინფორმაციო პოლიტიკურ ამინდს ქმნის.

არხი დააფუძნეს: ჯარჯი აქიმიძემ, დავით დვალმა და ეროსი კიწმარიშვილმა. საინფორმაციო გამოშვებაც სწორედ ამ დროიდან იწყებს მუშაობას და სახელწოდება კურიერიც ეროსი კიწმარიშვილის მოფიქრებულია.

კურიერის პირველი ქუდი – 1994

კურიერის მეორე ქუდი 1996

1997 წლიდან “რუსთავი 2” უკვე თბილისში აგრძელებს მუშაობას და ბინას იდებს ვაჟა-ფშაველას 45 ნომერში მდებარე შენობის მე-15 და მე-18 სართულებზე.

 

ამ დროიდან გავიდა ეთერში კურიერის 12 და 3 საათიანი გამოშვება, მანამდე მხოლოდ 6 და 9 საათიანი გამოშვება გადიოდა.

დღის ეთერის წამყვანები 12 და 3 საათზე ნანა ლეჟავა და ნინო ორჯონიკიძე იყვნენ, მოგვიანებით კი ნათია ზამბახიძე.

 

მთავარი გამოშვების წამყვანები 21:00 საათზე,  იყვნენ ნიკა ტაბატაძე და ნათია ლაზაშვილი.

 

1999 წელს დაემატა “ღამის კურიერი” რომელსაც თავდაპირველად გიორგი სანაია უძღვებოდა.

მოგვიანებით  არაპოლიტიკური  რუბრიკისგანაც შედგებოდა. გადაცემას კი უძღვებოდნენ: ეკა ბერიძე, გიორგი სანაია და ნინო ქაჯაია.

 

ნინო ქაჯაია არაპოლიტიკური ბლოკის წამყვანი იყო, ხოლო ეკა ბერიძე და გიორგი სანაია პოლიტიკურ ნაწილს უძღვებოდნენ, მოგვიანებით ნინო ქაჯაია შეცვალა ნატა ამაღლობელმა.

“რუსთავი2” იყო პირველი ტელევიზია, რომელიც გავიდა თანამგზავრზე, მაყურებელს შესთავაზა ქართულად გახმოვანებული ფილმები, ცნობილი სერიალები, ასევე ინტელექტუალური გადაცემა: ვის უნდა 20 000, რომელიც დუტა სხირტლაძეს მიჰყავდა.

მეტად პოპულარული იყო საბავშვო გადაცემა “აკუნა მატატა” რომლის ფარგლებშიც გადიოდა საბავშვო გადაცემები “ზოლიანი ბანანები” მულტსერიალი ” გრენდაიზერი” , საბავშვო სერიალი “ცისფერი ხე”, ამერიკული კომედიური ჟანრის სერიალი “ალფი”. ასევე მეტად პოპულარული იყო   სერიალები:  “მაშველები”,  “სასწრაფო” და “ნიკიტა”.

ასევე მაყურებელს კარგად ახსოვს საოჯახო  სერიალები” ბლანკოს ქვრივი”, მეორე მე, გვადალუპე, იოლი ფული და ა.შ.

90 იანი წლებიდან “რუსთავი2” აქტიურად იწყებს ჩაბმას პოლიტიკურ პროცესებში და მკვეთრად გამოხატული იდეური თანხვედრით მაშინდელი “კმარას” დღეს კი “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ცნობილ  ლიდერებთან ერთად ერთვება.

ამ პერიოდში გადიოდა აკაკი გოგიჩაიშვილის ჟურნალისტური გამოძიების გადაცემა “60 წუთი” რომელშიც არაერთი სკანდალური ფაქტი გაშუქდა, თუმცა ითქვა ისიც, რომ ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც ვალერი ასათიანის შესახებ მომზადდა, იყო ცილისმწამებლური და ამაზე სასამართლოშიც იყო დავა.

2001 წელს  ტელევიზიაში შედის უშიშროება, რაც აღიქმება, როგორც პოლიტიკური ნიშნით ბრძოლა ხელისუფლების მხრიდან, სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად.

2001 წლის 26 ივნისს, ჟურნალისტი გიორგი სანაია მოკლეს, მისი ცხედარი სანზონაში მდებარე ნაქირავებ ბინაში იპოვნეს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ვინმე გრიგოლ ხურცილავა, მეტსახელად “გრიცკო”, დღემდე ბუნდოვანებით არის მოცული ეს მკვლელობა და დანამდვილებით არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში და რას შეეწირა გიორგი სანაიას სიცოცხლე.

იხილეთ ვიდეო:


გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ ღამის კურიერის ფორმატი შეიცვალა და გადაცემა უკვე ეკა ხოფერიას მიჰყავდა, რომელსაც 2003 წლამდე უძღვებოდა, მოგვიანებით საავტორო გადაცემის წამყვანი გახდა, თუმცა პოლიტიკური ჩარევის გამო მან პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვა არხი.

2003 წლის შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები ხდება, იცვლება ხელისუფლება და სათავეში მოდის ნაციონალური მოძრაობა, ტელევიზიაშიც რიგი ცვლილებები იწყება.

არხის სარედაქციო პოლიტიკა ერთი პოლიტიკური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების სასარგებლოდ იცვლება და არხს ეწოდება გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, როგორც ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მონაწილე, ვინაიდან “რუსთავი2” და მისი გუნდი იყო, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ხელისუფლების შეცვლაში, რადგან მათი და “ნაც.მოძრაობის” იდეები ურთიერთთანხვედრაში იყო.

2004 წლიდან შეიცვალა არხის ლოგო, განახლდა ღამის კურიერი, რომელსაც უკვე აკაკი გოგიჩაიშვილი და ნათია ზამბახიძე უძღვებოდნენ, წინ მომდევნო რევოლუცია იყო, ე.წ აჭარის რევოლუცია, რაშიც ისევ “რუსთავი2”-ს ჰქონდა დიდი წვლილი, რა თქმა უნდა საინფორმაციო კუთხით.

2005 წლიდან იცვლება არხის ხელმძღვანელობა, როგორც ითქვა, დამფუძნებლებს წილები იძულებით დაათმობინა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ და სათავეში მოიყვანა მმართველი, ვინც მათ პოლიტიკურ ინტერესს გაატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილიც, ჯარჯი აქიმიძეც და დავით დვალიც არ თმობდნენ კუთვნილ წილებს, საბოლოოდ იძულებული გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ . ამ დროიდან უკვე  ტელევიზიას ტოვებენ პირველი წამყვანები: ნანა ლეჟავა, ნათია ლაზაშვილი, ნიკა ტაბატაძე, ეკა ხოფერია.

ამ პერიოდში არხი ერთი პარტიის მიმართ მკვეთრად გამოხატულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს, კურიერის მთავარი გამოშვება მხოლოდ ხელისუფლების პოზიტიური გაშუქებით იწყება და კრიტიკული მასალები ფაქტობრივად არ გადის ეთერში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წამიან ე.წ კადრ სინქრონებს და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს, რა დროსაც ტელევიზია უწყვეტ რეჟიმში გადასცემდა ტელეკომპანია “იმედი”-ს დარბევას და იქ განვითარებულ მოვლენებს.

2010 წლიდან არხზე კვლავ სიახლეებია, შეიცვალა კურიერის სტუდია, ქუდი და განახლდა არხის ლოგო, რომელიც უკვე მე-9 წელია არ შეცვლილა.

2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არხი არ თმობს საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს, იცვლებიან მფლობელები, კერძოდ, ტელევიზიის მეწილე თავდაპირველად ხდება თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.

მოგვიანებით  მან  წილები ბიზნესმენ ძმებ ყარამანიშვილებს მიჰყიდა, რომლებიც თავის მხრივ კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” ერთგვარი იდეური მოკავშირეები არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა კვლავ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ რჩება.

ასევე მოიაზრება, რომ ტელევიზიის რეალური მფლობელი მიხეილ სააკაშვილია, თუმცა ამის დამტკიცება დოკუმენტალურად შეუძლებელია. ამ დროიდან ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ინიშნება ყოფილი პროკურორი და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია, რომელიც დღემდე ხელმძღვანელობს ტელევიზიას.

2014 წლის 15 ივლისს, ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვნეს ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი, გამოძიების ცნობით მან თავი მოიკლა საკუთარ ავტომანქანაში, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა და ფიქრობს, რომ ის მოიშორეს პოლიტიკური ნიშნით.

2015 წელს, არხის წილების ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელევიზიის დაბრუნებისთვის სამართლებრივ ბრძოლას იწყებს, რომელშიც ასევე ერთვებიან დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

საქართველოში მოქმედმა ყველა სასამართლო ინსტანციამ ქიბარ ხალვაშს წილები დაუბრუნა.

თუმცა “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორისა და იურისტების ეფექტური მუშაობის შემდეგ, მათ ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს და აღსრულება გაურკვეველი დროით შეჩერდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქიბარ ხალვაშს არ აქვს უფლება ქართული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები აღასრულოს, შევიდეს ტელევიზიაში, დანიშნოს მმართველი და მართოს არხი, თუმცა ასევე გაურკვეველია, თუ როდის ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის სასამართლო.

დამატება:  – 2019 წლის 18 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, “რუსთავი2”-ის საქმეზე აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი მოიხსნა, რომლის შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა ქართული სასამართლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულა, შევიდა ტელევიზიაში, გაათავისუფლა გენ.დირექტორი ნიკა გვარამია და ამ პოსტზე მისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები არხის ახალ ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შორის, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ “რუსთავი2”-ის მომავალ ბედს და ფიქრობენ, რომ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა, რასაც უარყოფს ახალი დირექტორი პაატა სალია, თუმცა არხის გუნდი ითხოვს მყარ გარანტიებს კონტრაქტის სახით. უცნობია, თუ რა შედეგებით დასრულდება მოლაპარაკებები.

პარალელურად, ტელევიზიის საქმეში გამოჩნდა ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც ამტკიცებს, რომ წილების რეალური მფლობელი არის ის, ხოლო ხალვაში ნომინალური ფიგურაა და მხოლოდ ფორმალურად აქვს გადაფორმებული. ოქრუაშვილმა წარმოადგინა 2010 წელს შედგენილი დოკუმენტიც, თუმცა ხალვაში ამბობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე დატანილი მისი ხელმოწერა გაყალბებულია.

ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოში შეიტანა მოთხოვნა, რომ ქიბარ ხალვაშის წილები დაყადაღდეს.


 

ავტორი: გიორგი ლაღიძე

 

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები