პირველი არხის განცხადება ნოდარ მელაძის საპასუხოდ

5
წაკითხვა
IMG.GE

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს, რომელიც “რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნოდარ მელაძეს პასუხობს:

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. სასამართლო ვალდებულია, უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის მათი მოთხოვნისთანავე.

გამომდინარე აქედან,საქართველოს პირველმა არხმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და განახორციელა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის ჩაწერა და ჩანაწერის უცვლელი სახით მყისიერად მიწოდება სხვა მედიასაშუალებებისთვის.

კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სახის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მასალა მიწოდებული იყო სხვა მედიასაშუალებებისთვის დამუშავებული სახით.

ხაზგასმით, სრული პასუხისმგებლობით და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ სხვა მედიასაშუალებებს ზემოთ აღნიშნული სხდომის ამსახველი მასალა გადაეცემა ყოველგვარი ცვლილების გარეშე.

საქართველოს პირველ არხს არამც თუ არ გააჩნია რაიმე საკანონმდებლო ვალდებულება, პირდაპირი ტრანსლაცია უზრუნველყოს სხვა მედიასაშუალებებისთვის სასამართლო სხდომის დარბაზიდან, არამედ მოქმედი კანონმდებლობა თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, განახორციელოს ამგვარი პირდაპირი ტრანსლაცია, რაზეც არაერთხელ, სხვა გახმაურებულ სასამართლო საქმეების განხილვაზე იყო მსჯელობა და კომენტარი და რაზეც ასევე არაერთხელ შედგა კომუნიკაცია სასამართლო ინსტანციასთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე, სპეციალურ ველზე განთავსებულია გადაღებისთვის საჭირო განაცხადის მიმართვის ფორმა და მცირედი განმარტება დაინტერესებული მედიასაშუალებებისთვის, რომელიც ასევე სრულად იმეორებს კანონში არსებულ ჩანაწერს და სხვაგვარად არ განმარტავს. კერძოდ, ეს ჩანაწერი არ ითვალისწინებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან როგორც სხდომის პირდაპირი ტრანსლაციის ვალდებულებას, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას, უზრუნველყოს პირდაპირი ტრანსლაცია სხვა მაუწყებლებისთვის.

გავრცელებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს პირველი არხი არ უზრუნველყოფს სხვა მედიასაშუალებებისთვის აღნიშნული მასალის მიწოდებას ან აწოდებს შეცვლილი სახით, არის სიცრუე და ემსახურება არხის დისკრედიტაციას. ეს არის იმ აგორებული კამპანიის ნაწილი, რომელსაც აქვს ადგილი გარკვეული ჯგუფის მხრიდან პირველი არხის წინააღმდეგ.

ასე რომ, მელაძის განცხადება არის მორიგი მიზანმიმართული დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.”- ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

რაც ეხება ნოდარ მელაძის პოსტს, მან დაწერა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობდა და კანონის მიხედვით გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა, ტელევიზია ბოროტად სარგებლობდა ამ უფლებით და სხვა ტელევიზიებს არ აწვდიდა საერთო სიგნალს, რის გამოც მასალის ოპერატიულად გადაცემა ვერ ხერხდებოდა. მელაძე ვარაუდობს, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება:

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები