ვფიქრობ, კარგად გათვლილ ხაფანგის დადგმას ჰქონდა ადგილი, რომელშიც „წარმატებით“ გაება პარლამენტი თავისი პარლამენტარებით

130
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რუსი დეპუტატის ვიზიტი საქართველოში, რასაც ქვეყანაში მასობრივი არეულობა, უამრავი ადამიანის დაშავება და ცალკეული პოლიტიკური თანამდებობის პირის სავარძელი შეეწირა.

იყო თუ არა სერგეი გავრილოვი ერთგვარი საბაბი ცალკეული ძალებისთვის, მათი პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად და რა აიცილა ან რის აცილება ვერ შეძლო ხეისუფლებამ.

ამ საკითხზე multimedia.ge-ს ესაუბრა დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ  პოლიტიკა მისი საქმიანობის სფერო არ არის,  მისი მოსაზრებები მკითხველისთვის ყოველთვის საინტერესოა.

(კითხვა) – დავიწყოთ 20 ივნისიდან და დეპუტატ გავრილოვის გარშემო აგორებული სკანდალიდან, როგორ ფიქრობთ, იყო ეს გაუთვალისწინებელი შეცდომა ქართული მხრიდან, თუ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ერთგვარ საბოტაჟს ან უბრალოდ ოპოზიციამ ისარგებლა მომენტით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის?

(პასუხი) -ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიცია სარგებლობს  სახელისუფლო შტოების შეცდომით და იყენებს სათავისოდ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვფიქრობ, კარგად გათვლილ ხაფანგის დადგმას ჰქონდა ადგილი, რომელშიც „წარმატებით“ გაება ამ შემთხვევაში პარლამენტი თავისი პარლამენტარებით.

მოხდა ამ პოლიტიკური ახლომხედველობის პედალირება, უსწრაფესი, ჩასაფრებული რეაგირება-პარლამენტში შესასვლელი უამრავი საშვის დაშვებიდან ქუჩაში მყისიერ  მზადყოფნაში „აღმოჩენილი“ პოლიტიკურად დაკავშირებული  საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმძაფრესი რეაქციით.

ეს რეაქცია თითქოს პირდაპირი გაგრძელება იყო პრაიდის ჩატარების მუქარის მუხტისა, ამ თემაზე გაღვივებული საზოგადოებრივი დუღილისა და და დაპირისპირებისა, იმ ფონზე, როდესაც ასევე რეგიონში უაღრესად დაიმუხტა გეოპოლიტიკური სიტუაცია.

შეთქმულების თეორიები აქ მოსატანი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი ერთიანი გეგმის ჯაჭვებს ნამდვილად ჰგავს. შემდეგ-გავრილოვის თემის უკიდურებისი გამძაფრება, ლამის ფიზიკური საფრთხის შექმნის ჩათვლით, ფაქტობრივად დიპლომატიური სკანდალის აგორება და შედეგად სადამსჯელო პასუხის მიღება.

ისევ საინტერესო პარალელები: გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა ოპოზიციისა და მასთან აფილირებული „საზოგადოებრივი“ ჯგუფების მხრიდან ახალი არ არის, იყო მაქსიმალური გამძაფრებებიც, მაგრამ ოპოზიციამ „ბასტილია“ წარმატებით ვერ დააგვირგვინა.

იგივე ჯაჭვის რგოლი იყო ზუგდიდის არჩევნებიც, რომელიც ოპოზიციის მხრიდან წინასწარ, არჩევნებამდე, მძლავრი საინფორმაციო ეპილოგის სახით აპრიორი  ცხადდებოდა ძალადობრივად და აქაც ოპოზიციამ სრული ფიასკო განიცადა.

იგივე პროვოცირების რგოლად მიმაჩნია ყოვლად სამარცხვინო „შარვალჩახდილი კაცების“ „პერფორმანსი“ სასაზღვრო ზონაში!   ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში საზღვარს ან ჭკუით და დიპლომატიით, ან იარაღით იცავენ, „შარვლის ჩახდით“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანამოძმეებთან შერიგება ვეჭვობ, მსოფლიო ისტორიას ახსოვდეს!

„ბასტილიის“ შექმნის წინაპირობების, მცდელობების ჯაჭვის სხვადასხვა  რგოლის აღწერა შეიძლება, მაგრამ ეს შესაბამისი ორგანოების ანალიტიკოსების სამუშაოა და მე მათ ვერ შევეცილები  შედეგების გამოძიებას კი იმედია, მალე ვნახავთ-ეს აუცილებელია.

20-21 ივნისის ღამე მძიმე იყო თავისი შედეგებით, მაგრამ უაღრესად დაძაბული ქართული საზოგადოებისათვის, ვინც ამ მოვლენებს დეჟავიუს განცდით პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს და 90-იანებს ხედავდა! მაშინაც რუსეთის „დამშევის“ და „დაქცევის“ მოწოდებების ფონზე შედეგი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა იყო მშიერ, ჩაბნელებულ, ომწაგებულ, მამულიშვილებდახოცილ საქართველოში! მე კარგად მახსოვს ამ პერიოდში ეშელონებით ჩამოსვენებული უამრავი ქართველი ახალგაზრდა ვაჟკაცი, დაფლეთილი ჭრილობებით თავში და სხეულზე, სად? თბილისის მორგში!!!  მათ დამოუკიდებელ საქართველოში უნდა ეხარათ და ულამაზესი შთამომავლობა აღეზარდათ მათსავით პატრიოტული სულისკვეთებით!!!  ჩვენ ვდუმვართ ამაზე, მაგრამ ჩემი სიცოცხლის მანძილზე არასოდეს არასოდეს ამოვა ეს მწარედ ჩაბეჭდილი უმძიმესი, რეალური კადრები!

ყოველთვის გული მწყდება, როცა ემოცია სჭარბობს დიპლომატიურობას და ეს ჯაჭვიც აღარ მთავრდება!!!

სამწუხარო ფაქტი-საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში კონკრეტული ღონისძიების ჩატარება  და თავმჯდომარის სავარძელში ბატონი გავრილოვის მიწვევა უაღრესად არაგონივრული ფაქტია, რომელიც დიპლომატიური ჩიხით დასრულდა ქვეყნის გარეთ და პარლამენტის შენობის აღების მცდელობით ქვეყნის შიგნით. არადა, ეს ორი ფაქტი არ იყო ურთიერთწონადი, მითუმეტეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე  გადადგა!

არავისთვის იყო ახალი, რომ რუსეთი ოკუპანტია, არავისთვის იყო სადავო, რომ ბატონი გავრილოვის (ბატონოს წოდებით მე არა ამ პერსონის მიმართ სიმპათიას, არამედ,  ჩემს კულტურალურ მიკუთვნებადობას  გამოვხატავ, ისევე, როგორც არანორმატიული ლექსიკის გამომყენებლები-საკუთარს!) ადგილი არ იყო პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება ან დიპლომატიურად მოგვარება, მაშინ, როცა სავალალო შეცდომის დროს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანდება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით!

(კითხვა )– აქციის დარბევამდე ვნახეთ, რომ შეკრებილი ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი ცდილობდა პარლამენტის შენობაში შეჭრას, შემდეგ დაუპირისპირდნენ სამართალდამცველებს, რასაც მოჰყვა საპასუხო ღონისძიებები და გამოყენებული იქნა ძალა, თუმცა სამწუხარო შედეგებით დასრულდა და რამდენიმე მონაწილემ თვალი დაკარგა, როგორ ფიქრობთ, გადაამეტა თუ არა პოლიციამ ძალას და სხვა რა გამოსავალი არსებობდა სიტუაციის დასამშვიდებლად? ასევე ითქვა, რომ შესაძლოა ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონოდა ერთგვარ საბოტაჟს ცალკეული სამართალდამცველის მხრიდან?

(პასუხი) – პარლამენტში შეჭრის მცდელობა და პოლიციელების მიმართ გამოხატული ზღვარგადასული, აბსოლუტურად დაუშვებელი აგრესია ყველამ ვნახეთ, აქ კითხვები აღარ არსებობს-სიტყვა გამოძიებაზე და გამოძიების პოლიტიკურ ნებაზეა.

მოწინააღმდეგე და აქციები საქართველოს არცერთ შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაკლებია დამოუკიდებელ საქართველოში, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, საქართველოს უახლეს ისტორიაში შინაგან საქმეთა არცერთ მინისტრს არ ჰყოლია ამდენი მხარდამჭერი, როგორც გიორგი გახარიას! ასეთი მძლავრი მხარდაჭერის მიზეზი კი, ჩემი აზრით,  პარლამენტის წინ აქციის შემადგენლობა და პოლიტიკური შეფერილობა გახდა: იქ ხომ გულწრფელ, პატრიოტული პათოსით ანთებულ ახალგაზრდებს ევრო- და ნაციონალური მოძრაობის, მათთან დაკავშირებული “საზოგადოებრივი ორგანიზაციების“ ,  საეჭვოდ  მობარბაცე ახალგაზრდების და პრაიდის მომხრეთა კორპუსი იდგა და დგას.

აქციის პირველ ეტაპზე მე გამაოცა აქციის აგრესიულობის ხარისხმა და  პოლიციელების მოთმინებამ. გამახსენდა ცნობილი, ფსიქოლოგიური ციხის ექსპეიმენტი. უნიფორმაში ჩაცმული პოლიციელები რობოტები არ არიან, ისინი ადამიანები არიან და ძალიან რთულია იმ ყველაფრის ატანა, რაც მათ დაატყდათ თავს.

ჩემი და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების აზრით, გიორგი გახარიამ აღკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ახლა მძიმე შედეგების გამოძიების და რეაგირების ჯერია, ოღონდ ცივილურად.

ვფიქრობ, ამ გამოძიების შედეგებზე იქნება  დამოკიდებული;

შეინარჩუნებს თუ არა შს-მინისტრი საზოგადოების უცნაურად მაღალ, უპრეცედენტო მხარდაჭერას, გაიწმინდება თუ არა შსს-ს რიგები თანამდებობისათვის პროფესიულად და ფსიქოლოგიურად შეუსაბამო და პოლიტიკური აფილირების გამო პოტენციური საფრთხის შემქმნელი პერსონებისაგან, დაიხვეწება თუ არა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის ეროვნული სტრუქტურები, ამ გამოძიების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, აიწევს  თუ დაიწევს   „არაპოლიციელი“ გიორგი გახარიას რეიტინგის თანმდევად ნდობა მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურის მიმართ.

(კითხვა) -აქციის ორგანიზატორები ამ დღეების განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ ეს  იყო პოლიტიკური აქცია და ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდებმა პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს, თუმცა ეს მხოლოდ ორიოდე დღე გაგრძელდა და შემდეგ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის აქტიური ვიდეოჩართვები და მოწოდებები, მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციაზე სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც ჩანდნენ, დომინანტი მაინც ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველოა, ასევე, თქვენ ერთ-ერთ პოსტში დაწერეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს ახალგაზრდებმა ერთდროულად ამდენი საწვიმარის შეძენა, ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში?

(პასუხი) -არცთუ უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ აქციები ორგანიზებულად იმართება და ასევე ორგანიზებულად ფინანსდება.   ვინ აფინანსებს აქციას და „ამარაგებს“ მას  გარკვეული ძალებით, ეს შესაბამისი სტრუქტურების გასარკვევია, მე არ მინდა თუნდაც, ძალიან სარწმუნო, მაგრამ მაინც ჭორების დონეზე საუბარი. საქართველოს ჰყავს უშიშროების სამსახურები და ეს მათ უნდა გაარკვიონ, ეს მათი ვალდებულებაა. ჩვენ, საზოგადოების რიგითი წევრები მხოლოდ ვაანალიზებთ და ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ.

(კითხვა) – ხელისუფლებამ მონაწილეების ორი მოთხოვნა შეასრულა, თუმცა გიორგი გახარიას გადადგომაზე არ თანხმდება, თქვენც ღია მხარდაჭერას უცხადებთ გიორგი გახარიას, თქვენი აზრით, რატომ არ უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი?

(პასუხი) -რაც შეეხება რუსთაველზე მიმდინარე აქციების საერთოდ დიალოგი შეთანხმებას გულისხმობს, კეთილი ნების გამოჩენა ნიშნავს ორივე მხრიდან რაღაცის დათმობას. ხელისუფლებამ 2 მოთხოვნა დათმო. აქცია არ თმობს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აქციას აქვს ულტიმატუმი, ხისტი მოთხოვნა და არანაირ დათმობაზე, დიალოგზე ხისტად არ მიდის.

ისმის კითხვა, როცა ხელების ამობრუნებას, ანუ ულტიმატუმს აქვს ადგილი, ღირდა კი იმის დათმობა, რაც დაითმო? თუმცა მე პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა სწორად მიმაჩნია. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, ყოფილ თავმჯდომარეს გაექცა პარლამენტის მართვის ბერკეტები, მას არ ეყო დიპლომატია, რომ პარლამენტი შიგნიდან არ „აწეწილიყო“. ეს პროცესი ბევრად ადრე დაიწყო, მოსამართლეების თემამ უკიდურესად გაამძაფრა, საქართველოს პარლამენტის იმიჯი დააკნინა   და „გავრილოვის ინციდენტით“ პრინციპში,  ლოგიკურად დასრულდა, რამეთუ, „დაქანებულ ზედაპირზე დამდგარი ქვევით მიგორავს“.

(კითხვა) – და ბოლოს გკითხავთ რუსეთის საპასუხო სანქციებთან დაკავშირებით, ზოგადად, რამდენად დააზარალებს ეს ქვეყნის ეკონომიკას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ ხომ არ დაძაბავს?

საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს, რა თქმა უნდა, ტურიზმს, ხორბლის იმპორტს, ღვინის ექსპორტს, მწვანილის, ხილის ექსპორტს,  ყურძნის შესყიდვას, მევენახის ჯიბეს, ლარს, პენსიონერს, მშენებელს….ეს ხომ ჯაჭვური რეაქციაა, რაც არ უნდა ვიძახოთ, საქართველოში დავისვენებთო, გადავხედე აჭარის სასტუმროების ფასებს, რომლებიც ჯიუტად ისევ მაღალი  რჩება.

თუ საზოგადოება სოლიდარობის აქტს გამოხატავს, აჭარის და საქართველოს სხვა სასტუმროების მეპატრონეებმა არ უნდა გადადგან მათივე მხარდამჭერებისათვის შემხვედრი ნაბიჯი-საქართველოს მოქალაქეებისათვის დააკლონ ფასი?! ცარიელი ნომრები ჯობია ფასის დაკლებას? არ მესმის ქართული კერძო ბიზნესის-სიხისტე და რა ვქნა! ბათუმში  გემრიელი და იაფი საშუალო ზომის აჭარული ხაჭაპური ლიმონათით საშუალოდ 15 ლარი ჯდება. ბევრ კაფეში 200 მილილიტრიანი კოკა-კოლა (ადგილობრივი, რა თქმა უნდა) 3,5 ლარი ღირს, ბოთლი ბაკურიანი (პატარა)-2 ლარი. ეს უცხოელისთვის არაფერია, მაგრამ ქართველი დამსვენებლისთვის, რომელსაც შემოსავალი ლარში აქვს, საკმაოდ ძვირია ჩვენს ზღვისპირეთში დასვენება, მითუმეტეს, ოჯახის 3-4 წევრისათვის. კერძო სექტორში საწოლის ქირაობისა და სამზარეულოში ტრიალის ფასად უცხოეთში წახვალ და კომფორტულად, მაღალი კლასის, ბასეინებიან სასტუმროში დაისვენებ, ავიაბილეთის ჩათვლით!

ორ ქვეყანას შორის სახელისუფლებო დონეზე ურთიერთობები უდავოდ, გართულდა.  რა თქმა უნდა, ხალხს შორის ურთიერთობები ყოველვის განსხვავდება პოლიტიკოსების მიერ შექმნილი, პერმანენტული  შტორმული ურთიერთობებისაგან,  უცვლელი რჩება პირადი ურთიერთობები, მაგრამ უსაფრთხოების განცდა მაინც იკლებს.  როცა ქვეყნის მთავარ გამზირზე ღამის ქალაქში ასეთი მძაფრი ემოციებია,  განუწყვეტელი აქციებია, ვინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ? მე წარმომიდგენია, 20-21 ივნისის ღამით, როცა ყველა ჩვენთაგანი მთელი ღამის მანძილზე დაძაბული უყურებდა ტელევიზორს,  რას გრძნობდნენ უცხო ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები, რომელთაც მათთვის გაუგებარ ენაზე ესმოდათ აქციის გულისფეთქვა, სროლები და ფანჯრებიდან უყურებდნენ იქ მიმდინარე ორომტრიალს! წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ასეთ სიტუაციაში უცხო ქვეყანაში! საშინელებაა.

სამწუხაროდ, მივიღეთ ემოციების შედეგი- „მშრალი ნაშთი“:

  1. უძლიერესი, არაპროგნოზირებადი დარტყმა საკუთარი ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმზე დამოკიდებულ მოსახლეობაზე, და არა მარტო. . . ეს უნდა მოახერხო!
  2. საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯზე დარტყმა-ესეც უნდა მოახერხო!
  3. საგარეო საფრთხეების გამძაფრება.
  4. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაკარგულ თანამოძმეებთან შერიგების ახლო პერსპექტივისა და შანსის შემცირება.
  5. რუსულენოვან სივრცეში მცხოვრები და მომუშავე საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის გართულება, მინიმუმ, მორალური თვალსაზრისით.
  6. ლამის სახელმწიფო გადატრიალება, შიდა უსაფრთხოების სისტემის რყევებით და მოსახლეობის განწყობების უკიდურესი პოლარიზებით და დაძაბვით.
  7. და ბოლოს, შიდა მოხმარების დადებითი შედეგი: პროპორციული არჩევნები.

„გავრილოვიადის“   უარყოფით და დადებითი შედეგებს უახლოესი მომავალი შეაფასებს.

ზოგადად, ხელისუფლებაში პერსონები მიდიან და მოდიან,   უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი – ჩვენი საქართველოა,  მოსახლეობის სიმშვიდე და ქვეყნის დამოუკიდებლობა!


ესაუბრა: გიორგი ლაღიძე

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...