მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაჭერა სერიოზული შეცდომა იქნება – ვაჟა ბერიძე

184
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვაჟა ბერიძე – ანალიტიკოსი


მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაჭერა სერიოზული შეცდომა იქნება.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ აშშ–ს საელჩო შეშფოთებულია კონტექსტის და დროის გამოო, ბრძანეს.

სასურველი იქნებოდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობას დაეზუსტებინა კონტექსტი და ჩვენთვის მისი რაობა თავსატეხად არ დაეტოვებინა.

სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბრძანა – ანაკლია უნდა აშენდეს, მაგრამ რუსეთის და ჩინეთის აქტიურობას რეგიონში არ მივესალმბითო (იმედია, ბატონი პომპეო მომიტევებს მისი სიტყვების ოდნავი პერიფრაზირების გამო).

ანაკლია უნდა აშენდეს – არავინ დაობს. ამაში რუსული კაპიტალი ვერ მიიღებს მონაწილეობას, ცხადია. აღმოჩნდა, რომ ვერც ჩინელები. დასავლეთელ ინვესტორებს კი გარანტიები უნდათ, რომ სხვა ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არ აშენდება და უნდა მოხდეს კომერციული რისკების დაზღვევა ტვირთნაკადების არასაკმარისი ოდენობის გამო, ანუ საქართველოს ბიუჯეტისგან.

სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რას ეუბნებიან ამერიკელები – შენ უნდა იყოო ამ პორტის აშენების გარანტი და შენვე უნდა გადააზღვიოო რისკები. ბიძინა ამაზე უარს არ ამბობს, არც იტყვის და ვერც იტყვის. რუსული ფაქტორის გათვალისწინებითაც კი ანაკლია დიდი პროექტია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უფრო უსაფრთხოების თვალთახედვით, ვიდრე ფინანსური მომგებიანობის თვალსაზრისით. მისი ამშენებელი (მოდით, მე ზოგადად ასე ვიტყვი) უდაოდ ისტორიული პიროვნება იქნება, ნიკო ნიკოლაძის დარად, ქვეყნის ისტორიაში. ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული მამუკა ხაზარაძესაც და ბიძინა ივანიშვილსაც. ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია ამ პროექტის განმახორციელებელი მამუკა ხაზარაძე იყოს. ამის გამოა ეს მორიგი აურზაური სალხინეთში.

დასანანია.

განა პირველი შემთხვევაა, როცა დიდ საქმეს ზიანი მიდგომია ქართველებს შორის გაუგებრობის და შუღლის გამო.

თორემ რა შუაშია კონკრეტული ქეისი. განა ჩვენ არ ვიცით რას წარმოადგენს ოფშორები და როგორ ირეცხება იქ ფული, მათ შორის ქართული რეალობის თვალსაჩინო აქტორების მიერ და იქნებ საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიებისა და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების ნუსხაშიც ჩაეხედა ვინმეს. განა არ ვიცით პოსტ–საბჭოური ბიზნესი როგორ დადიოდა „შავი“ და „თეთრი“ ფულის ზღვარზე?

ამ და მრავალი კონტექსტუალური მოცემულობის გამო ვართ ჩვენც, შეშფოთებულები ამერიკელების შეშფოთების გამო.

რაც შეეხება ხაზარაძე–ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას, სამართალი უნდა აღსრულდეს და კანონიერებამ უნდა იზეიმოს. ეს უდაოა, მაგრამ კონტექსტი, ჩვენებურად გაგებური კიდე უფრო შემაშფოთებელია.

ხალხს არ უყვარს ბანკირები გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ „ველური კაპიტალიზმის“ სტადია პოსტ–საბჭოთა სივრცეშიც აბსოლუტურად ლოგიკური იყო, სამწუხაროდ.

ცალკეულმა დიქტატორობისკენ მიდრეკილმა ავტორიტარმა მმართველებმა თითქოსდა შეიტანეს გარკვეული წესრიგი პოსტ–სოციალისტურ სინამდვილეში, თუმცა თავად გახდნენ თავიანთი ქვეყნების მთავარი ოლიგარქები, ზოგი ღიად, ზოგი ფარულად, ზოგიც ცრუმაგიერი პირების მეშვეობით.

ჩვენ გვაქვს ის რეალობა, რომელიც გვაქვს. ჩვენ უნდა მივესალმებოდეთ შეძლებული ადამიანების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკაშიც და მასშტაბური პროექტების განხორციელებაშიც, თუმცა თავად ისინი არ უნდა მიელტვოდნენ ძალაუფლებას, როგორც თავიანთი ქონების და კაპიტალების დაცვის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას, ერთმანეთთანაც ცივილიზებულად უნდა არკვედნენ ურთიერთობას არც თუ მთლად დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულების მეშვეობით, ხოლო ხალხი უნდა იყოს მათზე და მართლმსაჯულებაზე აღმატებული განმსჯელი. ასეთი რამ, ჯერ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა.

კონკრეტული ქეისი უნდა იქნას სათანადოდ გამოძიებული და ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. მაგრამ ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა დიდი წინდაუხედაობა იქნება.

ამით ხაზარაძეს პოლიტიკურ ველს კი გაარიდებენ, მაგრამ ქვეყანას გაწირავენ საიმისოდ, რომ ქართულ პოლიტიკაში კიდევ რამდენიმე წელი მინიმუმ იყოს ორი ფული – ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი (გულუბრყვილოა, ვინც ამ ფულს, რომელიც „იმ 9 წელიწადში“ იშოვეს მავანთ, იგნორირებას უკეთებს). სამწუხაროდ, პოლიტიკის კეთებას ფული სჭირდება. ამის ალტერნატივა ნაციონალ–პოპულიზმის დომინირებული მდგომარეობაა, რაც კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის.

ასეთ შემთხვევაში, ასეთ რეალობაში ხაზარაძის ფინანსური რესურსი კიდევ ერთი პოლიტიკური ცენტრის შექმნას შეუწყობდა ხელს, რაც საზოგადოებისთვისაც საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა და თავად ბიძინა ივანიშვილისაც. ნაციონალები და პოსტ–ნაციონალები მას სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევენ (ამისთვის სახელისუფლო რესურსი და ფინანსური რესურსი ჭარბად გამოყენებული სხვას შანსს არ უტოვებს). პატრიოტთა ალიანსი, ერთიანი საქართველო, ლეიბორისტები და სხვები სუსტები არიან.

ივანიშვილის „მზაკვრული“ ჩანაფიქრი – ოპონენტებად ჰყავდეს მისთვის აპრიორი უპირატესობის შემქნელი ნაციონალები და პოსტ–ნაციონალები საბოლოო ვარიანტში ჩიხისკენ მიმავალი სტრატეგიაა. იგი შანსს უზრდის დესტრუქციულ–ექსტრემისტულ ძალებს მოვიდნენ ხელისუფლებაში რევოლუციის გზით.

ეს თვალნათლივ გამოაჩინა არეულობებმა ბათუმში, ლიბერალური ნარკოპოლტიკის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციამ და გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომით გამოწვეულმა მღელვარებამ, რომელიც კინაღამ დასრულდა პარლამენტში შევარდნით, რასაც უეჭველი მოყვებოდა უმართავი პროცესები ქვეყანაში. კიდევ ერთი რევოლუცია და გადატრიალება კი სერიოზული საფრთხეა მყიფე, ჯერ კიდევ სუსტი ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიისთვის. მოვლენათა ასეთი განვითარება მიუღებელი და საზიანოა.

ეს უნდა გაითვალისწინოს დღევანდელმა მმართველმა ძალამ და ივანიშვილმა და პოლიტიკური პროცესი, რეანიმირებული ამ მოვლენების ფონზე, გონივრულად უნდა მართონ, რაც მათი ძალაუფლების მარადიულობას სულაც არ ნიშნავს. პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნაა საჭირო, რაზეც სამწუხაროდ არც ივანიშვილი ზრუნავს და არც დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი.

პოლიტიკური პროცესი, რომელიც 2012–2013 წლებიდან დიდხანს იყო დაპაუზებული, რეანიმირების პროცესშია. ამას ივანიშვილმა ხელი კი არ უნდა შეუშალოს, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს კიდეც. თორემ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ქვეყნის ინტერესებისათვის შესატყვისი რეალური არჩევანი, ვერასდროს ჩამოყალიბდება „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა, რაც შიდა და გარე საფრთხეების გათვალისწინებით საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ორკაციანი და ორი კაპიკის მქონე პარტიები ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში, ისიც კარგად იცის, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ვერც ნაზარბაევის ყაზახეთი და ვერც ლუკაშენკოს ბელარუსი და რუსები, რომელბთან დიალოგსაც დღევანდელი ხელისუფლება ვერ ბედავს, აგვისრულებენ დანაქადებს – რამდენიც შემოხვედით რუსეთის იმპერიაში, იმდენ „ქვეყნად“ დაშლილი გახვალთო.

მაგრამ თუ განეიტრალდა ყველა პოტენციური პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბებამდე, სტაბილურობის ნაცვლად შესაძლოა, მასშტაბური დესტაბილიზაცია მივიღოთ.

მათ შორის ამიტომაც არის დაანონსებული ხაზარაძე–ჯაფარიძის დაჭერა შეცდომა. მამუკა ხაზარაძეს უნდა მიეცეს პოლიტიკაში მოსვლის საშუალება და მტყუან–მართალი უზენაესმა მსაჯულმა – ქართველმა ხალხმა, ამომრჩეველმა განსაჯოს. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძისთვის იოლი შანსი – მის ბანკირულ იმიჯს რიგითი ქართველი ტაშისკვრით არ შეხვდება, მაგრამ ხაზარაძის, ისე როგორც ნებისმიერი ბიზნესმენის და პოლიტიკაში შემოსვლის მსურველის ბედს უნდა წყვეტდეს ხალხი და არამარტო ქართული მართლმსაჯულება, რომელიც დღეს რეფორმირების სტადიაშია და ბევრი პრობლემა აქვს.

ასეთი გზა იქნება შანსი ქვეყნისთვის, შანსი ივანიშვილისთვის და შანსი ხაზარაძისთვის.

თანაბარი შანსი კი უნდა მიეცეს ყველას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემს მიერ აღქმული კონტექსტიდან გამომდინარე, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა სერიოზული შეცდომა იქნება.

ამ საქმეს მართლაც ბევრი ასპექტი და უზარმაზარი კონტექსტი აქვს, რომელზე დაფიქრებაც ყველას გვმართებს”

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...