ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან

206
წაკითხვა
IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ BMFTV-ს 


ჟურნალისტის შესავალი  ის გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო მეთაური, რომელიც მოწვეულია საფრანგეთის ბიზნესმენთა ფორუმზე, ლონშამის იპოდრომზე. მოგესალმებით, ქალბატონო სალომე ზურაბიშვილო, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. თქვენ საქართველოს პრეზიდენტი ხართ, მაგრამ საფრანგეთში ძალიან კარგად გიცნობთ, იმიტომ, რომ თქვენ საფრანგეთის წარმომადგენელი იყავით საქართველოში… თქვენ განათლება საფრანგეთში მიიღეთ.

პასუხი  – დიახ, მე გახლავართ ყველაზე ფრანგი ქართველებს შორის…

კითხვა   – ნამდვილად და სახელმწიფო მეთაურებს შორის ყველაზე ფრანგიც, ჩემი აზრით…რატომ ხართ აქ დღეს?  საქართველო, არის გარკვეულწილად მოქცეული გიგანტებს შორის, რუსეთს, თურქეთს შორის და თქვენ გჭირდებათ ევროპა. ამიტომ ხომ არ ხართ დღეს აქ?

პასუხი – დიახ, სწორედ ამისთვის ვარ აქ. მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპა გვჭირდება, არამედ, იმიტომაც, რომ ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენც ევროპელები ვართ, რომ ამ სამყაროს ნაწილი ვართ და ჩვენთვის ძალიან ბუნებრივია ამ ევროპულ ოჯახში შემოსვლა. 

ამას დრო სჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ევროპისკენ სვლა დავიწყეთ ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებთან ერთად, ერთდროულად. ჩვენ თითქმის ერთსა და იგივე მდგომარეობაში ვიყავით, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და მათ შემდეგ, ცოტა არ იყოს, გაგვასწრეს.

ჩვენ მათ მივყვებით, მაგრამ საქართველო ძალიან მიზანდასახულია ამ გზაზე, იმიტომ, რომ გარდა საერთო კულტურული კუთვნილებისა, ღირებულებებისა და ცხოვრების წესისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არსებობს სხვა რაიმე პერსპექტივა რეგიონში. ერთადერთი არსებული პერსპექტივა, დღეს, გუშინ და ხვალაც არის და იქნება ევროპული გზა.

კითხვა კითხვა, რომელსაც თქვენ პასუხი უნდა გასცეთ, უკავშირდება ევროპის თქვენს აღქმას, ჩვენი ევროპის აღქმას, რომლის ნაწილიც თქვენ ჯერ კიდევ არა ხართ, მიუხედავად არსებული მჭიდრო კულტურული კავშირებისა. როგორ უყურებთ თქვენ ევროპას?

პასუხი – მეც და საქართველოც ევროპას სიყვარულით სავსე მზერით ვუყურებთ, ეს სულ ასე იყო, ტრადიციულად. ჩვენ საფრანგეთის მიმართ ვგრძნობთ განსაკუთრებულ სიყვარულს, ალექსანდრე დიუმადან მოყოლებული და მანამდეც… რაც შეეხება ევროპას, საქართველო ევროპას სულით და გულით უჭერს მხარს. ძალიან ბევრი ქართველი ჩამოდის საცხოვრებლად  საფრანგეთში, ხანდახან, ზედმეტად ბევრიც, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მიგრანტიც ჩამოდის აქ… ჩვენი მზერა ევროპის მიმართ არ არის ევროსკეპტიკოსთა მზერა, ეს არის ენთუზიაზმით სავსე მზერა, პოზიტიური მზერა, იმ ყველაფერის გათვალისწინებით, რასაც ევროპა სთავაზობს არამარტო თავის გარშემო მყოფებს, არამედ მთელს მსოფლიოს… და ჩვენ გვსურს, მონაწილეობა მივიღოთ ამ თავგადასავალში, მაშინ, როდესაც ზოგიერთი ამაზე დღეს უარს ამბობს…

კითხვანამდვილად. პასუხობს თუ არა ევროპა თქვენს მოლოდინებს? ევროპა თავის თავში იკეტება ახლა, მდგომარეობა ძალიან რთულია ბრექსიტის შემდეგ, ასევე, არსებობენ სხვებიც, რომლებიც ფიქრობენ ევროპის მომავალზე, თქვენ კი ხელს გვიწვდით ამ ყველაფრის ფონზე…გპასუხობთ თუ არა ევროპა?

პასუხი – ჩვენ ენთუზიასტები ვართ, ხალხი, რომელიც მომავალს ევროპულად წარმოიდგენს. მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპამ უპასუხა ჩვენს მოლოდინებს, როგორც ვთქვი, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი იყო, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ, ჩვენთვისაც ეს წინსვლა უწყვეტი იყო.

სამეზობლო პოლიტიკა საპარტნიორო პოლიტიკად გადაიქცა, პარტნიორობა – ასოცირებად, თავისუფალ ვაჭრობად, უვიზო რეჟიმად… ეს უზარმაზარი მიღწევაა საქართველოსთვის, რომელსაც წარსულში, საბჭოთა ეპოქაში, ეს არც კი დაესიზმრებოდა. ამგვარად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპამ ჩვენ ნებისმიერ მომენტში მოგვცა შესამჩნევი პროგრესი და ჩვენ ერთმანეთს ნამდვილად დავუახლოვდით.

უვიზო რეჟიმი ახალგაზრდა ქართველებისათვის და ერასმუსი წარმოადგენს ევროპაში წევრობას. ჩემი გზავნილი დღეს იყო შემდეგი : ჩვენ გვესმის, რომ არსებობს შიდა მიზეზები, რომელთა გამოც ჩვენ უფრო სწრაფად დაახლოების ამ გზაზე ვერ ვივლით, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს წინსვლა საქართველოსა და ევროპას შორის გზაზე არ შეჩერდეს. საჭიროა მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში, ყველა სფეროში : კულტურაში, განათლებაში, მეცნიერებაში, ტრანსპორტში… არსებობს მთელი რიგი სფეროები, რომლებშიც ჩვენ უნდა ჩავერთოთ და ჩავერთვებით და ევროპის ხილვადობა საქართველოში დღითიდღე იმატებს, იქნება ეს ტურისტების, ინვესტორების, ბიზნესმენების გამო, რომლებიც ვაჭრობას ავითარებენ… სწორედ ესაა ის მოძრაობა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რათა ჩვენი ენთუზიაზმი შევინარჩუნოთ.

კითხვა  დიახ, მაგრამ, ამავდროულად, პოლიტიკური გარემო საქართველოში რთული და დაძაბულია.

პასუხი – დიახ, მაგრამ ამ მიმართულებითაც ერთად ვართ ჩვენ. არ ვიცი, აშშ და ევროპა გადაიქცნენ საქართველოდ თუ პირიქით, მაგრამ ჩვენთანაც იგივე პოლარიზაციას ვხვდებით დღეს, რასაც ძალიან ბევრ ქვეყანაში.

ეს დიდწილად განპირობებულია სოციალური ქსელებითა და მათი გამოყენების მეთოდებით, ჩემი, როგორც პრეზიდენტის და ევროპელი პრეზიდენტის, ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, შერიგებისაკენ  და სიტუაციის განმუხტვისკენ მოწოდება, fake news-ების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გვაშორებს ჩვენი მიზნებისგან.

კითხვა ეს აბინძურებს პოლიტიკურ გარემოს საქართველოში…

პასუხი – დიახ, ნამდვილად ასეა… ეს აბინძურებს გარემოს ყველგან და ჩვენთანაც, განსაკუთრებით, პატარა ქვეყანაში.

კითხვაზოგიერთ ანგარიშში აშშ-სთან და ბრექსიტთან დაკავშირებით, ჩანს, რომ ეს ყველაფერი რუსეთიდან მოდის… ხომ ასრ იტყოდით იგივეს? ხომ არ მიუთითებთ რუსეთზე?

პასუხი – ვინ ცდილობს გათიშვას და ბატონობას? შეგვიძლია ეს კითხვა დავუსვათ საკუთარ თავებს. ძალიან გასაკვირი იქნებოდა, რომ ის მეთოდები, რომლებსაც რუსეთი ბევრ სხვა შორეულ ქვეყანაში იყენებს, რომლებსაც ნაკლებად კარგად იცნობს, გამოყენებული არ ყოფილიყო საქართველოში.

ჩვენ ამისი დამამტკიცებელი საბუთები გვაქვს, თუმცა ეს ბევრ არაფერში გვარგია. თუმცა, გავიგოთ და მე ამას ვუმეორებ ჩვენს თანამოქალაქეებს ყოველდღე, რომ თუ გვსურს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ევროპისკენ წინსვლა, ყველა იმ ეტაპის გავლა, რომელიც უნდა გავიაროთ, ამას შევძლებთ მხოლოდ ეროვნული ერთობით ძირითად საკითხებზე.

ჩვენ უფლება გვაქვს და მოვალეობაც კი, რომ გვქონდეს სხვადასხვა აზრი საკითხებზე, მაგრამ ძირითად საკითხებზე უნდა ვიყოთ ერთსულოვანი. მგონი, საჭიროა რომ შევიმუშავოთ ქარტიაც კი ამ ძირითად თემებზე, რაც ჩვენი ერთიანობის საფუძველი გახდება.

კითხვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ფორ დე ბრეგანსონშიუმასპინძლა, G7-მდე. არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი კვლავ ჩაერთოს G7-ში, ჩვენ ვიცით, რომ ყირიმის დაპყრობის შემდეგ რუსეთი გამორიცხეს G7-ის რიგებიდან. ხომ არ თვლით, რომ, ცოტა არ იყოს, ხანმოკლე მეხსიერება გვაქვს G7-ის რიგებში? თქვენ ხომ რუსეთის წნეხის ქვეშ ხართ?

პასუხი  ჩვენ რუსეთის წნეხის ქვეშ ვართ, და ის, რაც გვაინტერესებს, არის ის ინიციატივები, რომლებიც უკრაინას მიემართება, გვაინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოძრაობა, წინსვლა, ოკუპირებული ტერიტორიების პარალიზიდან გამოსვლა… და თუკი, საფრანგეთის ინიციატივის წყალობით, გაჩნდება უმცირესი იმედიც კი… გავიხსენოთ, რომ საფრანგეთმა ძალიან დიდი სამსახური გაუწია საქართველოს 2008 წელს, როდესაც რუსეთთან ომი მიმდინარეობდა და საფრანგეთმა მიაღწია შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე…

კითხვა  ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იქნება…

პასუხი ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც მაშინ წარმოადგენდა ევროპასა და საფრანგეთს. ჩვენ კვლავ იგივე მოლოდინი გვაქვს ევროპისა და საფრანგეთის მიმართ, რომ დაგვეხმარონ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, იმიტომ, რომ ის აბრკოლებს საქართველოს, რეგიონს, და თუ უფრო გლობალურად შევხედავთ, არავისთვის არ არის ხელსაყრელი.

ეს არის ხელსაყრელი შემთხვევა, რომ ეს გავაგებინოთ რუსეთს, და ძალიან კარგი იქნება, თუ  პრეზიდენტი მაკრონი თუ აღმოჩნდება ის პირი, ვინც ამას გააკეთებს.

კითხვა შესაძლოა თუ არა, რომ ფრანგი ბიზნესმენებისათვის საქართველო გადაიქცეს საწყის წერტილად რუსეთში წასასვლელად?

პასუხი მგონია, რომ დღეს რუსეთში ბიზნესმენები პირდაპირ მიდიან. საქართველო საწყის წერტილად გადაიქცევა იმ ბაზრებზე სვლისათვის, რომლებთანაც ჩვენ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება გვაქვს.

ესენია ჩინეთი, ხვალ ასეთივე შეთანხმება გვექნება ინდოეთთან, იმიტომ რომ ჩვენი მოლაპარაკებები წინ მიდის და მთელი ცენტრალური აზია, რომელთანაც ძალიან განვითარებული გვაქვს ურთიერთობა.

ვიტყოდი, რომ ჩვენ ვართ ბოლო ევროპული ქვეყანა, რომელიც ამ ტერიტორიებზე წვდომის საშუალებას იძლევა და სწორედ ის ადგილი, სადაც საჭიროა ფილიალების გახსნა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში