რატომ ვეთანხმები ირმა ინაშვილს და რატომ არ ვეთანხმები მეტ ბრაიზას?

1716
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ირაკლი კაკაბაძე – მწერალი


რატომ ვეთანხმები და რატომ არ ვეთანხმები მეტ ბრაიზას. ჩემი ზოგიერთი მეგობარი შეშფოთებული რეკავს ჩემს მიერ გამოხატული მყარი პოზიციის გამო და ახლა გავაკეთებ განმარტებას ამ თემაზე. ირმა ინაშვილი მე გულწრფელად მიმაჩნია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აუთენტურ და ნაღდ პოლიტიკოსად, რომელიც არც ანტი-ამერიკელია (თუმცა ასეთებიც არსებობენ) და არც პრო-რუსი (ასეთებიც არსებობენ, რა თქმა უნდა).

ირმა ინაშვილი კარგად გრძნობს დღევანდელი დღის მაჯისცემას მთელს მსოფლიოში – კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ბოლო 80 წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაში გავრცელებული ნეოლიბერალიზმი სისტემურ კრიზისს განიცდის და ახლა კაცობრიობა დიდი ცვლილებების ზღვარზეა.

არსებული იმპერიები დაშლის პირას არიან ერთის მხრივ – და მეორეს მხრივ ახალი დაპირისპირება არის აშკარა – ფუნდამენტალისტურ ისლამსა და ქრისტიანულ (ლიბერალურ-დემოკრატიულ) სამყაროს შორის. ნეოკონსერვატორები თავის დროზე ფუნდამენტალისტებს იყენებდნენ საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსი იმპერიალისტები შამილ ბასაევს იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ომის დროს. მაგრამ, დრო შეიცვალა რამოდენიმე წელიწადში და უსამა ბინ ლადენიც, ხალიდ შეიხ მუჰამედიც და შამილ ბასაევიც თავისი ძველი ქრისტიანი ბატონების წინააღმდეგ მოტრიალდნენ და დაიწყეს საზარელი ტერორისტული აქტების ჩატარება.

ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი თავდასხმა ამერიკაზე სწორედაც რომ იბნ საუდის ოჯახის ფავორიტის უსამა ბინ ლადენის და ამერიკაში განათლებამიღებული ჰალიდ შეიხ მუჰამედის მიერ იქნა ორგანიზებული. 2001 წლის 11 სექტემბერს დაიწყო დეტანტის მსოფლიო წესრიგის რღვევა და მის მაგივრად გამოჩნდა ახალი დიქოტომია. გამრავლდა ელვის სიწრაფით ფუნდამენტალისტურ-ვაჰაბიტური მედრესეები, წავიდა სეკულარიზმის სრული დისკრედიტაცია არაბულ სამყაროში და მუსლიმური ‘უმმა’ თითქმის მთლიანად ბინ ლადენის იდეოლოგიურ მოკავშირედ იქცა. რა თქმა უნდა ეს ყველა მუსლიმს არ ეხება – ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ, დღევანდელ დღეს ‘ისლამურ სახელმწიფოს’, ‘ალ ყაიდას’ და სხვა ორგანიზაციებს ძალიან დიდი იდეოლოგიური უპირატესობა აქვთ დასავლეთზე საკუთარ თემებში. რუსეთის იმპერია კი იდეოლოგიის გარეშე დარჩა.

დუგინის და რამოდენიმე საკმაოდ მარგინალური მოაზროვნის გარდა რუსეთში არავინაა ისეთი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის იდეოლოგიას წარმოადგენს. ამიტომაცაა რომ რუსეთის იმპერია თვითონვე იშლება, კორუფციით და უიდეალობით. ეს მე ნამდვილად არ მიხარია – მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

მუსლიმური ფუნდამენტალიზმი აღმავლობის გზაზეა – და სეკულარული ლიბერალიზმი დიდ კრიზმისს განიცდის თვით დასავლეთში. ამის მოწმობაა ისეთი პოლიტიკური ლიდერების გაჩენა, როგორებიცაა დონალდ ტრამპი, ბორის ჯონსონი, მარინ ლე პენი, ალტერნატივა გერმანიისათვის, ხუთი ვარსკვლავი, პოდემოსი და სხვა მემარცხენე თუ მემარჯვენე ძალები.

ყველა ეს ძალა ცდილობს გაემიჯნოს კლასიკურ ნეოლიბერალურ დოქტრინებს და ახალი ფილოსოფია შემოიტანოს. რა თქმა უნდა ულტრა-მემარჯვენე და გინდაც ულტრა-მემარცხენე ტენდენციები რადიკალიზაციას და პოლარიზაციას იწვევს და ეს არ არის ბოლომდე მისასალმებელი. თუმცა ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ რიგით მოქალაქეს სისტემის აღარ სწამს.

ლიბერალიზმი უკვე კორუფციის და ამავე დროს სულიერი დეგრადაციის სინონიმად იქცა საშუალო ამერიკელისთვის – რიგითი დეტროიტელი ან კლივენდელი მუშისათვის. სწორედ ამიტომაა რომ მან ხმა დონალდ ტრამპს მისცა ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ. და დონალდ ტრამპიც, მიუხედავად იმისა რომ მთელი პოლიტიკური და ბიზნეს ისტაბლიშმენტი მის წინააღმდეგაა იმარჯვებს ამ ბრძოლაში. ლიბერალიზმი ლპება, როგორც იდეოლოგია მთელს მსოფლიოში. ის ელიტების იდეოლოგიად რჩება და ეს ელიტები, რომლებიც საკუთარ აურაცხელ სიმდიდრეში იხრჩობიან, ვერ გრძნობენ უბრალო, რიგითი მოქალაქეების ტკივილს.

და ეს ტკივილი დიდია – სწორედ ამან მოიტანა ახალი გამოთქმა სოციალურ მეცნიერებებში ‘პრეკარიატი’ – ‘მოწყვლადი ადამიანი’ ანუ გამწარებული ადამიანი. ეს აღარ არის მარქსისტული ‘პროლეტარიატი’ რადგან ბევრი მათგანი მუშა ან უმუშევარი აღარ არის. უმრავლესობა მონა-მოსამსახურეა, რომელსაც ცხოვრების არანაირი პერსპექტივა არ აქვს. სწორედ ამ ადამიანებს უთხრა დონალდ ტრამპმა რომ მე არასდროს დაგივიწყებთო, როგორც ამას ელიტა აკეთებსო და სწორედ ამიტომ მიიღო მათი ხმები.

ირმა ინაშვილი დონალდ ტრამპის მოკავშირეა და არა ლიბერალური ელიტის. ის ამერიკის დღევანდელი სახელმწიფოს ყველაზე უფრო ნაღდი მხარდამჭერია. მეტ ბრაიზა და ბატონი კრამერი კი ძველ ელიტებს წარმოადგენენ, რომლებიც ტრამპსაც ვერ იტანენ და სხვა ანტი-ელიტისტებსაც, რადგან მათ ლიბერალურ სისტემაში უბრალო ადამიანის ადგილი არ არის. ის განწირულია მონობისათვის. ლიბერალური სამყარო მთლიანად მდიდრებს და მათს მომსახურე პერსონალს ეკუთვნის.

რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ ბერნი სანდერსის ან ელიზაბეთ უორენის მსგავს პოლიტიკოსებსაც მიეცემათ თავისი სიტყვის თქმის საშუალება. მე პირადად, ირმა ინაშვილს პრო-ამერიკულ პოლიტიკოსად მივიჩნევ, რომელიც თავისი მსოფლმხედველობით ყველაზე ახლოა დონალდ ტრამპთან.

მეტ ბრაიზა და ბატონი კრამერი ახალი დროის წინააღმდეგი არიან – მათ ისევ ლიბერალურ პარადიგმაში დარჩენა უნდათ. მაგრამ, დღეს ლიბერალიზმი უკვე გუშინდელი დღეა და ამიტომაც არის რომ ბატონი კრამერი ისტერიკაში ვარდება. ის გრძნობს, რომ ნეოკონსერვატორების მიერ დამკვიდრებული ლიბერალური მსოფლიო წესრიგი ნელ-ნელა ინგრევა და მის ადგილს იკავებს ახალი ტიპის პოპულიზმი, რომელიც სულაც არ არის ცუდი რამ. REX POPULI ხალხის ფილოსოფიაა და სწორედ ამიტომაც მას აქვს მომავალი. თუმცა ეს არ იქნება ადვილი ბრძოლა.

მაგრამ კაცობრიობა მაინც შეიცვლება – რადგან ცვლილება გარდაუვალია -მაგრამ პროგრესი არა. რამდენიად გვექნება პროგრესი იმაზეა დამოკიდებული რამდენად კარგად გავუგებთ ჩვენ რიგით და უბრალო მოქალაქეს – მსოფლიოს რიგით მოქალაქეს და არა მხოდლო გაქსუებულ ელიტებს. ამ უბრალო მოქალაქის ირმა ინაშვილს უკეთ ესმის ვიდრე მეტ ბრაიზას ან კრამერს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...