“ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს ნაბიჯ-ნაბიჯ ემიჯნება

198
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ქართული ოცნება პრეზიდენტს ნელნელა ემიჯნება და ამაზე მეტყველებს მთავრობის წევრების ბოლოდროინდელი შეფასებები, განსაკუთრებით შეწყალების სკანდალის შემდეგ.

თუ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამაზე ღიად არ საუბრობდნენ და ერიდებოდნენ ზურაბიშვილის ღია კრიტიკას, დღეს უკვე გახსნილად საუბრობენ იმ მიზეზებზე, რის გამოც მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ერთ-ერთი, ვინც დაუფარავად ამბობს, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა ერთგვარი იძულება იყო გრიგოლ ვაშაძის ფაქტორის გამო, არის კახა კალაძე. მან “პალიტრანიუსი”-ს ეთერში სტუმრობისას არ დამალა და თქვა, რომ არც “ქართული ოცნების” ამომრჩევლებში იყვნენ მის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები, თუმცა მიზეზი, რის გამოც მათ მხარი დაუჭირეს ზურაბიშვილს, იყო  “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე.

“მოდით,  პირდაპირ ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილი ჩვენ მხარდამჭერებშიც არ სარგებლობდა კეთილგანწყობით. ისე წავიდა ყველაფერი, რომ მეორე ტურში გავიდა ქალბატონი სალომე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, სადაც პირდაპირ განცხადებებს ვისმენდით რევოლუციებთან და გადატრიალებებთან დაკავშირებით, რომ მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისინი ამ თანამდებობას გამოიყენებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეწყოთ არეულობა, რამდენად გამოუვიდოდათ ეს სხვა თემაა”- განაცხადა კახა კალაძემ “პალიტრანიუსი”-ს ეთერში, რაც თავისთავად ლოგიკურ ეჭვს ბადებს, რომ ეს პოზიცია არ არის მხოლოდ კალაძის და ის უფრო მაღალი ვერტიკალიდან ჟღერდება.

მთავრობის კიდევ ერთი წევრი, რომელიც პრეზიდენტს ირიბად აკრიტიკებს და ერთგვარ მინიშნებებსაც აკეთებს, არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მან შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და ირიბი რჩევაც მისცა სალომე ზურაბიშვილს, რომ მის ადგილზე, ის პროკურატურაში მივიდოდა და არსებულ კითხვებს პასუხს გასცემდა.

პრეზიდენტსა და ოცნების გუნდთან  შესაძლო დაპირისპირებაზე მედიაში რამდენიმე თვის წინ იწერებოდა, ჯერ კიდევ 2019 წლის 12 მარტს გამოჩნდა პირველი ინფორმაცია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრო და მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, თუმცა როგორც სააგენტო “2020NEWS-ს” ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პრეზიდენტი პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე იყო გაბრაზებული. როგორც  წყარო აცხადებდა, სალომე ზურაბიშვილის დემარშის მიზეზი, პარლამენტის 100 წლის იუბილესადმი  მოწყობილ მიღებაზე მისთვის განცხადების გაკეთებაზე უარის თქმა გახდა.

“სალომე ზურაბიშვილი ითხოვდა სიტყვით გამოსვლას და საკუთარი არგუმენტიც ჰქონდა – ეს უპირატესობა პრეზიდენტს ეკუთვნისო, რასაც არ დაეთანხმა ირაკლი კობახიძე და საკუთარი არგუმენტი დაუპირისპირა ზურაბიშვილის არგუმენტს – ახლა პარლამენტის თავმჯდომარე მე ვარ და პარლამენტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა თანამდებობრივად მე მეკუთვნისო.

საბოლოოდ, კობახიძემ გაიმარჯვა, ზურაბიშვილი განაწყენდა და აღნიშნულ ღონისძიებაზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა”, – განუცხადა “2020NEWS-ს” ინფორმირებულმა წყარომ.

და ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ გამიჯვნის მიზეზი სავარაუდოდ ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიც შესაძლოა იყოს, როდესაც ის ვალდებულად არ თვლის თავს კომენტარი ან განმარტება გააკეთოს შეწყალების ხმაურიან საქმეზე, რაც პირდაპირ თუ ირიბად “ქართული ოცნების” პოლიტიკურ მომავალს და რეიტინგს უქმნის საფრთხეს.


გიორგი ლაღიძე – MULTIMEDIA.GE

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE