ჩემი პრიორიტეტია მოხდეს საქართველოს ევროპულ ქვეყნად და ცივილიზაციად აღიარება – ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან

128
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

გასულ სექტემბერს, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე მოგზაურობის ფარგლებში, მქონდა პატივი თბილისში საქართველოს პრეზიდენტს შევხვედროდი. იმის თაობაზე, თუ როგორ ჩამოვიდა ფრანკო-ლაოსური კულტურის, დიპლომატიის გულშემატკივარი საქართველოში, რათა ინტერვიუ ჩამოართვას საფრანგეთის ყოფილ ელჩს, რომელიც ახლა უკვე საქართველოს პრეზიდენტია, ხანმოკლე საუბრის და სიცილის შემდეგ, მან ჩემს კითხვებს ამომწურავად და ღირსეულად უპასუხა.” – ასე იწყება გამოცემა “DIPLOMATIC WORLD”-ის ჟურნალისტის წინასიტყვაობა, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ტექსტის ქართული ვერსია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 შეგიძლიათ მკითხველისთვის საქართველოს პრეზიდენტის როლზე ისაუბროთ, კონკრეტულად თუ რას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია დიპლომატიურ საკითხებთან დაკავშირებით?

საქართველოს ახალმა კონსტიტუციამ პრეზიდენტის უფლებამოსილება ხელახლა განსაზღვრა, რადგანაც ჩვენ მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადავედით, რომელიც კლასიკური მოდელია, სადაც პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ძალაუფლება გააჩნია, ხოლო პრემიერ-მინისტრი მართავს ქვეყანას.

თუმცა, ამავე დროს პრეზიდენტის უფლებამოსილება საქართველოში შედარებით განსხვავებულია, რადგან პრეზიდენტი აქ, სხვა საპარლამენტო სისტემისგან განსხვავებით, ხალხის მიერ 6 წლის მანდატით იქნა არჩეული მოცემულ მომენტში, რაც მომავალში შეიცვლება. ასე რომ, ეს მანდატი პრეზიდენტის თანამდებობას გარკვეულ ლეგიტიმაციას ანიჭებს, რათა საზოგადოებრივ და დიპლომატიურ საკითხებში საკმაოდ გავლენიანი იყოს.

პრეზიდენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მთავარი წარმომადგენელია დიპლომატიაში, ეს არის დამახასიათებელი სხვა საპარლამენტო რეჟიმებისთვის, ხოლო პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა დიპლომატია უმნიშვნელოვანესია.

საგარეო ასპარეზზე ჩვენ ძალიან აქტიური პრეზიდენტი უნდა გვყავდეს და ეს ჩემს დავალებად იქცა ბოლო 8 თვის მანძილზე, რაც პრეზიდენტი გავხდი.

ამ ხნის მანძილზე, აქტიურად ვმოღვაწეობ ევროკავშირთან, ევროპელ და ყველა სხვა პარტნიორთან, რადგან საქართველოს პრიორიტეტი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები. ფაქტობრივად, ამ საქმიანობამ განაპირობა საქართველოს ევროპულ რუკაზე უფრო მეტად დაბრუნება. ვთვლი, რომ დღესდღეობით საქართველო ყველას ინტერესის საგანია.

გვაქვს ასევე ოკუპირებული ტერიტორიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიყოთ ძალიან აქტიური პარტნიორებთან ურთიერთობების დროს, რათა იმ ხალხის ვითარების შემსუბუქება შევძლოთ, რომლებიც ოკუპირებულ მიწაზე ცხოვრობენ და ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად გადაწყვეტილება ვიპოვოთ. კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, თუმცა ამ მიმართულებით პრეზიდენტი ყველაზე აქტიურია.

ეს ჩემი ამოცანების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არსებობს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შიდა ასპექტები და ერთ-ერთ მათგანს კულტურა წარმოადგენს.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც სამინისტროების რაოდენობა შემცირდა და განათლებაზე, სპორტზე, კულტურაზე და მეცნიერებაზე მხოლოდ ერთი სამინისტრო გახდა პასუხისმგებელი, რაც ნიშნავს, რომ მათ აღარ ჰყავთ სტატუსის მქონე საკმარისი კადრი, რომლებიც საქართველოს კულტურის შესახებ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ისაუბრებენ. ასე რომ, ჩემი როლი, რაც საარჩევნო პროგრამის ნაწილიც გახლდათ, არის ის, რომ ქართულ კულტურას შიდა პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელობა მიენიჭოს, რადგან ქართული კულტურა არის ის რამაც საქართველო შექმნა და რაც რეალურად მის მთავარ სიძლიერეს წარმოადგენს ქვეყნაში, ასევე ფარგლებს გარეთ პოზიციონირებისას.

საქართველოს პოზიციონირება მხოლოდ მისი კულტურის საშუალებით არის შესაძლებელი. ახლა მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროპულ ქვეყნად და მისი ევროპულ ცივილიზაციად აღიარება მოვახდინოთ და მეტი ევროპული ქვეყანა ვიხილოთ აქ, რადგან ამგვარად ქართველი ხალხი ევროპასთან სიახლოვეს უფრო მეტად იგრძნობს. ასე რომ, კულტურა ძალიან ფუნდამენტურია.

მე ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობ “იუნესკო”-სთან კულტურული მემკვიდრეობისათვის და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.
თუ საქართველოს შეხედავთ, ნახავთ, რომ მას უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. ჩვენ უფრო მეტი უძველესი ეკლესია გვაქვს, ვიდრე მაგალითად საფრანგეთში არის სხვადასვხაგვარი ყველი.

სწორედ, ეს განაპირობებს ჩვენს ტურისტულ მიმზიდველობას, ამავე დროს არის ის სიმდიდრე, რომელსაც საქართველო ემყარება, რაც ძალას გვაძლევს შევეწინააღმდეგოთ ყველაფერს, რაც საუკუნეების მანძილზე საქართველოში ხდებოდა, იქნება ეს შემოსევები, თუ ოკუპაციები, რასაც არ შევეგუეთ და არ მოგვწონს, თუმცა გადარჩენა შევძელით და საკუთარი ძალების აღდგენა. ეს ისტორიულ პერსპექტივასა და მომავლის იმედს იძლევა.

თქვენ ხართ პირველი ქალბატონი ამ თანამდებობაზე. რაზე მეტყველებს ეს ქართულ საზოგადოებაში ქალთა პოზიციების ევოლუციასთან მიმართებით?

ვფიქრობ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰყავდეს პირველი ქალი პრეზიდენტი, რაც საქართველოს პროგრესულობას ადასტურებს. თუმცა, ჩვენი ქვეყნისათვის ეს სიახლე არ არის: საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული პერიოდი დედოფლის მმართველობის დროს იყო; საქართველო ქალი წმინდანის მიერ გაქრისტიანდა; დაყოფილი საქართველოს რამდენიმე სამეფოს ქალები მართავდნენ. ამრიგად, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფუნქციის მქონე ქალი, არავის აკვირვებს და მისასალმებელია.

ჩვენი მითოლოგიის თანახმად, ქალის სახელმწიფოს სათავეში ყოფნა გულისხმობს, რომ საქართველო თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდს დაუბრუნდება, რაც ერთდროულად დიდი ძალა და პასუხისმგებლობაა. მინდა აღვნიშნო, რომ ქალად ყოფნის ფაქტისადმი არ ყოფილა არანაირი წინააღმდეგობა და კრიტიკა, არც ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს და არც მანამდე.

საკმაოდ პოლარიზებულნი ვართ სხვა საკითხებში და ხშირია დაპირისპირება, თუმცა, ზოგადად, ქართველი ხალხი დიდ პატივს სცემს ქალებს და დიდია მოლოდინი მათთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში მნიშვნელოვანია იყო ქალი და ასევე ევროპელი ქალი, რადგანაც მე დავიბადე და გავიზარდე ევროპაში. მნიშვნელოვანია, ვინაიდან რასაც საზოგადოებამ მომავალ წლებში უნდა მიაღწიოს და რაშიც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ქართული საზოგადოების ტრანსფორმაციის დასრულებაა.

ჩვენ თანდათანობით ვთავისუფლდებით 70 წლიანი ტოტალიტარული მმართველობისგან. ამჟამად 27 წელი გავიდა, თუმცა, ძველი ტოტალიტარული მენტალიტეტისგან გასათავისუფლებლად, როგორც ამას მე ვუწოდებ და საზოგადოებაში შემორჩენილი ჩვევების, ინიციატივებისა და ზოგჯერ თავისუფლების სიმცირის აღმოსაფხვრელად, კიდევ წლები დაგვჭირდება.

ვფიქრობ, როგორც ქალი და ასევე ის ფაქტი, რომ მოვდივარ ევროპიდან და ჩემი დასავლური განათლებით საკითხებს განსხვავებულად ვაფასებ, მნიშვნელოვნად დაეხმარება აღნიშნული ტრანსფორმაციის პროცესს.

თქვენ, ფრანგულსა და ქართულს, ორმაგ ეროვნებასა და კულტურას ატარებდით გულით. როგორი ზეგავლენა აქვს ამ ფაქტს თქვენს ფუნქციასთან მიმართებაში, კერძოდ კი საერთაშორისო ურთიერთობებში?

როგორც ადრე ვთქვი, მე ჭეშმარიტად ქართველი ვარ, რადგანაც ქართულ ოჯახში გავიზარდე. ქართული იდენტობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი იყო, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხარ, თუმცა მე ამავდროულად ფრანგული განათლება მივიღე და დიდი ხნის განმავლობაში ფრანგული კარიერის მქონე დიპლომატი ვიყავი.

ამიტომაც, მე ასევე სრულად ევროპული მსოფლმხედველობა და განათლება მაქვს, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მე შემიძლია საქართველოს შიგნიდან დავაკვირდე და ვნახო თუ რა არის საჭირო ჩვენი საზოგადოების გარდაქმნისათვის და ჩვენი ძალისხმევითა და შესაძლებლობებით 21-ე საუკუნის საერთაშორისო საზოგადოების ნაწილად ჩამოყალიბებისთვის. ამავდროულად, მე მაქვს შესაძლებლობა საქართველოს, როგორც უცხოელმა, სხვა თვალითაც შევხედო და დავინახო ის სისუსტეები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას და რომელთაც არ უარვყოფთ.

დღევანდელ რეალობაში, ჩვენს საზღვრებს მიღმა დაახლოებით 1.5 მლნ. ქართველი ცხოვრობს და საქართველოში – 3.7 მლნ. ადამიანი. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ ჩვენ უფრო და უფრო მეტ ადამიანს შევხვდებით, რომელთაც ძლიერი ქართული იდენტობა აქვთ. იმედი მაქვს, ისინი საქართველოში განსხვავებული კულტურის პროფესიული და პირადი გამოცდილებით დაბრუნდებიან, რაც ჩემი აზრით, საქართველოს გაამრავალფეროვნებს და არ დაასუსტებს.

როგორ იყენებს საქართველო ხელოვნებასა და კულტურას დიპლომატიურ პოლიტიკაში?

მას შემდეგ რაც დიპლომატიური პოლიტიკის ნაწილი ვარ, როგორც უკვე აღვნიშნე, კულტურა ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია. ჩვენ არ გვყავს ძლიერი ჯარი და სამხედრო ძალა საკუთარი თავის დასაცავად და ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ამიტომაც ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენთვის აუცილებელია, თუმცა ეს არ არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ზეგავლენა გამოვიყენოთ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ამრიგად, ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი დიპლომატიურ პოლიტიკაში არის კულტურა.

კულტურა ის სფეროა, რომელშიც ჩვენ ევროპელ ხალხთან როგორც განმასხვავებელი, ასევე საერთო მახასიათებლები გვაქვს. ჩვენ ამ მიმართულებით შეგვიძლია საქართველოს ძველი ტრადიციები შემოვიტანოთ, რომლებიც ევროპაში ზოგჯერ დავიწყებულია. ჩვენ ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს.
ქართველი ხალხისათვის რელიგია და ეთნიკური წარმომავლობა არასდროს ყოფილა დისკრიმინაციის ფაქტორი.

ეს მიდგომა კი ევროპაში თანდათანობით დაივიწყეს. ეს ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო, რომელსაც ევროპა ეფუძნებოდა, მაგრამ იგი დავიწყებულია. ვთვლი, რომ ქართული კულტურა არ არის მხოლოდ განსაკუთრებული, რომელიც უნდა აღმოაჩინო, არამედ იგი დაუბრუნდება ევროპული და ქრისტიანული ღირებულებების ფესვებს, რომლის საუნჯეც ჩვენ ვართ.

ჩვენ ღვინის უძველეს ტრადიციებთან ერთად, უამრავი არქეოლოგიური არტიფაქტიც გვაქვს, რაც საქართველოს უძველესი ისტორიის წყაროდ და ცენტრად აქცევს.
ამრიგად, ჩვენ გვაქვს ბევრი რამ, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE