ოქუაშვილის კომპანიამ მუშაობა განაახლა – აღდგება თუ არა “იბერიის” მაუწყებლობა და რა ბედი ელით თანამშრომლებს?

54
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

კომპანია “ომეგა ჯგუფი”-ს დაქვემდებარებაში არსებულმა თამბქოს ქარხანა “ოჯთ”-მ მუშაობა განაახლა, ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა გაავცელა, უწყების ცნობით, კომპანიამ საწყის ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაიხადა და წარმოების განახლების უფლება ითხოვა, რაც დაკმაყოფილდა, დავალიანების დარჩენილი ნაწილი კი ეტაპობრივად გადანაწილდება.

„26 ოქტომბერს, კომპანია „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ,,ოჯთ”-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის, რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა. ასევე, ,,ოჯთ”-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად.

ამ ეტაპზე ,,ოჯთ” ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში. შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია ,,ოჯთ” განაგრძობს ვალის კეთილსინდისერ მომსახურებას. წარმოების ხელშეწყობა, როგორც გადასახადების გადახდა შედის სახელმწიფოს ინტერესებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღდგება თუ არა ტელეკომპანია “იბერია”-ს მაუწყებლობა და დაბრუნდებიან თუ არა არხზე თანამშრომლები ამ ეტაპზე უცნობია. ამასთან დაკავშირებით ტელევიზიის უკვე ყოფილი თანამშრომელი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.

1. “ომეგას” ამუშავების შესახებ ინფორმაცია გავიგე მედიით.

2. სახელმწიფოს ისედაც ჰქონდა ვალდებულება, რომ საკმაოდ მარტივი პრობლემა გადაეწყვიტა ხელისუფლების ნების შემთხვევაში და არ მოჰყოლოდა ის მოვლენები, რაც მოჰყვა.

3. ჩემს პირველ ეჭვს იწვევს ის, რომ სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ უარი თქვა დავალიანების გადახდის პროცესში ომეგას 10 მილიონზე და ახლა მარტივად დაყაბულდა 1თუ 2 მილიონს. სახელმწიფოს ვალდებულება იყო რესტრუქტურიზაციაც და აქციზების მიცემაც წარმოებისათვის.

4. ეს იყო გარიგება თუ ბოლოსდაბოლოს ხელისუფლება “მოეგო გონს”, ამას მარტივად მივხვდებით იმის მიხედვით, გაიცვალა თუ არა შეთანხმებაში ტელეკომპანია “იბერია”, რაზეც ჩანაწერებში იყო საუბარი და ტელეკომპანიის აღდგენის შემთხვევაში, შეიცვლება თუ არა სარედაქციო თავისუფლება და კრიტიკულობა ხელისუფლებისადმი ზედმეტი ლოიალურობით.

5. მთელმა ამ პროცესმა პირადად მე საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ ჩანაწერებიც და ზეპირსიტყვიერად გამოთქმული მითებიც მართალი იყო, მათ შორის ისიც, რაც ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენებოდა.

6. მთელი ამ პროცესების და ინტრიგების პროცესში მოჰყვა 1500 ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში, “ომეგას” ამუშავება სასიხარულო ინფორმაციაა, რადგან ადამიანები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს ფაბრიკაში და ულუკმაპუროდ არ დარჩებიან… მაგრამ… ნებისმიერ შემთხვევაში ამ პროცესს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია და არაერთი ჩემი თანამშრომელია “იბერიაზე”, რომელიც ამ დაპირისპირებებს შეეწირა და დარჩა უსამსახუროდ, ისე, რომ დიდი ალბათობით ვერც დაუბრუნდება სამუშაო ადგილს.

7. “ომეგას” გარშემო სურათი ჩემთვის დაიხატა ასე: რომ ქვეყანაში არ არის სისტემა, არ არის სამართალი და ხელისუფლება ვალდებულებების შესრულების ნაცვლად ვიღაც ერთი კონკრეტული პირის მითითებების მიხედვით მოქმედებს.

8. ჩვენთან ყველა და ყველაფერი დაუცველია, რიგითი დაქირავებულიც, მედიაც, ბიზნესიც, ყველა ხელისუფლების ტერორში ვართ და ერთი უწვერო (ბერი)კაცის იმედად, რომ ინსტიტუციებჩამოშლილ და სახელმწიფოებრივად განადგურებულ ქვეყანაში იქნებ იმან უშველოს კონკრეტულ პრობლემებს და დაალაგოს სიტუაცია. ეს კი მისი სიკეთე არაა, ეს მის მიერ შექმნილი ცუდი ხელისუფლების და სახელმწიფოებრიობა დანგრეული ქვეყნის შედეგია.

და ბოლოს, ამ ქვეყანაში რომ ხელისუფლებას ჰქონოდა ელემენტარული ზნეობა, სამართლიანობა, კანონიერებისადმი მიდრეკილება და მათ შორის, გონიერებაც, მსგავსი პრობლემები არ შეიქმნებოდა, არ შეეწირებოდნენ ადამიანები.

სადაც გინდა ვიყო, ყოველთვის ვუგულშემატკივრებ “ომეგას” და “იბერიას”…

იმედი მაქვს ტელეკომპანია აღადგენს მუშაობას და არ დაემუქრება “იმედიზაცია”, იქნება ისევ ისეთი კრიტიკული და მამხილებელი ხელისუფლებისა.”- ნათქვამია არჩილ გამზარდიას წერილში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE