მიგვაჩნია, რომ პირდაპირი ქართულ-აფხაზური დიალოგი, არის სწორი და თითქმის ერთადერთი გზა – “ლელო”-ს განცხადება

79
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო”-ს განცხადება


ბოლო დღეებია, აფხაზეთში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აფხაზი პოლიტიკოსებისაგან სულ უფრო ხშირად გვესმის ქართულ მხარესთან დიალოგის აუცილებლობის საჭიროებაზე განცხადებები. ამგვარი განცხადება, ჯერ საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ცნობილმა პოლიტიკოსმა სერგეი შამბამ გააჟღერა და შემდეგ ბატონმა ასლნ ბჟანიამ, რომელიც აფხაზეთის ოპოზიციური ძალების მოქმედ ლიდერს წარმოადგენს. ამგვარი სიგნალები, ჩვენ კარგა ხანია არ გვსმენია და შესაბამისად, ეს განცხადებები ყურადსაღებია.

შიშის, დაყოფისა და სიძულვილის რუსულმა პოლიტიკამ ქართველები და აფხაზები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირა. ამით იზარალა ერთიანმა საქართველომ და ორივე მხარეს მცხოვრებმა ხალხმა.

ჩვენ, ლელოში, მიგვაჩნია, რომ პირდაპირი ქართულ-აფხაზური დიალოგი, არის სწორი და თითქმის ერთადერთი გზა მხარეებს შორის ნდობის აღდგენის გზაზე. პირდაპირი დიალოგი, შესაძლოა გამოდგეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის ტრანსფორმაციის გრძელ გზაზე. ჩვენ გვწამს, რომ აფხაზებსა და ქართველებს დიდი ხანია გვმართებს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძიება და ახალი ფურცლიდან გვაქვს დასაწყები ხალხთაშორისი საუბარი.

სამწუხაროდ, დღემდე ჩვენი სისუსტეებით ძალიან მოხერხებულად სარგებლობდა გარე ძალა, რომლის ძალისხმევამ უკიდურესად სავალალო სიტუაცია შექმნა როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად კავკასიის რეგიონში.

დარწმუნებულნი ვართ, რომ გონიერი, რაციონალური, პრაგმატული მიდგომების პირობებში, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული ახალი თაობები და ახალი პოლიტიკური ძალები, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას თვისობრივად შევცვლით.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE