” ამ “მარა”-მ ისე შემზარა და შემაშინა.. თვალწინ დამიდგა მისი განწირული “მომავალი”

86
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სოციალური ქსელის მომხმარებელი თამაზ ბოლქვაძე, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამბავს იხსენებს, რომელიც მოზარდს ეხება.

რამდენიმე დღის წინ ბათუმიდან თბილისისკენ მომავალს ლანჩხუთის სოფელ ვაზისუბანში რკინიგზის გადასასვლელთან პატარა ბიჭმა დამიქნია ხელი წამიყვანეო. მარტო ვიყავი, გავუჩერე და წამოვიყვანე. გამეცნო როგორც ირაკლი ადეიშვილი.
ცოტა რომ გავშინაურდით ვკითხე ასე შუა გზაზე რას აკეთებდა და სად მიდიოდა. ამოიოხრა და დაიწყო:

“აქეთ ვიყავი ნისიად მინდოდა რაღაც საჭმელი და არ მომცეს, ახლა იქეთ უნდა გავიდე იქნება იმათ მაინც მომცენ პური და კალბასი. სახლში მივედი მშიერი და რომ არ დამხვდა არაფერი წამევედი”

ვკითხე მშობლები სად გყავსთქო. ” მამა ციხეშია კერხერის ქურდობიზა. მამაჩემი რავარც დეიჭირეს, დედაჩემი მესამე დღეს ადგა და სხვას გაყვა, გათხოვდაო.
სახლში ჩემი დაა 16 წლის. კვერცხის შეწვა კი იცის მარა რათ გინდა, არ გვაქ და რას შეწვავს…

ნათესავებიც ვითომ გვკითხულიბენ ჭკვიანად იყავითო მარა არავინ არაფერს გვეხმარება. შუქი ჩაგვიჭრეს, წინა თვეში ჯართზე ვიმუშავე და გედევიხადე რაცხა იყო 7 ლარი.მარა 2 კვირაა არ გვაქ შუქი. ..”  ამ საუბარში მივუახლოვდით შემდეგ “პერეეზდს”.
აქანე ჩამოვალ მეო.

ვკითხე სოციალური სამსახური ან სკოლა არ დაინტერესებულან თქვენი მდგომარეობითთქო? კი იყვენ მოსული გვნახენ შეგვამოწმენ და გვითხრენ ცოტახანი დეელოდოთ უნდა და მოგცემთ დახმარებასო თუ რაცხასო..
ნებართვა ვთხოვე სურათი გადამეღო და დავპირდი რამეს ვიზამდი მათ დასახმარებლად.

შემდეგ მანქანიდან ჩამოვედი და მაღაზიაში შევყევი.  ვუთხარი აიღე რაც გინდა და მე გადავიხდითქო. რამდენიმე დღის საჭმელი აიღო, მერე მაცივართან მივიდა , “ბუმს” მოკიდა ხელი და თავდახრილმა გამომხედა. გავუღიმე და თვალი ჩავუკარი. აიღო გახარებულმა და გულიანად დამლოცა.

მარკეტის გამყიდველმაც მადლობა გადამიხადა თქვენ არ იცით რამხელა სიკეთე გააკეთეთო… მანქანაში რომ ვჯდებოდი მივუბრუნდი და ვუთხარი: არასოდეს არ მოიპარო ირაკლი! ყველაფერი კარგად იქნება მეთქი…

“ხო მაგაში მართალი ხარ, მარაა…. ” ამ “მარა”-მ ისე შემზარა და შემაშინა.. თვალწინ დამიდგა მისი განწირული “მომავალი”
მთელი გზა ვცდილობდი ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვას მაგრამ არ პასუხობდნენ. არ ვიცი ვის ხელეწიფება ამის მოგვარება მაგრამ სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს.

გთხოვთ გააზიარეთ და მონიშნეთ ყველა სამსახური ვინც ვალდებულია ამათზე იზრუნოს.

ვისაც დახმარების საშუალება ექნება მომწერეთ და იქნებ გადავარჩინოთ სანამ ფეხი დაუცდება და რამე ცუდს ჩაიდენს.”– წერს თამაზ ბოლქვაძე.

ფოტოზე: ირაკლი ადეიშვილი

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...