სამხრეთ კორეული კულტურისა და განსაკუთრებული ტრადიციების კვალდაკვალ

385
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სამხრეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა. მიუხედავად პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისა, მათ შეძლეს და მოკლე დროში განვითარების დონით საკმაოდ მაღალ საფეხურს მიაღწიეს.

ასეთად ვიცნობთ ჩვენ სამხრეთ კორეას. ქვეყანა, სადაც ხალხი ცხოვრების მაღალი ხარისხით სარგებლობს და დაუღალავად შრომობს თავისი სახელმწიფოს განვითარებისთვის.

ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიქცია ტექნოლოგიური მიღწევებით, ხელგაშლილი ეგებება და ითვისებს სიახლეებს და ამავდროულად ინარჩუნებს თავის ადათ-წესებს. საკითხავია, თუ რა გვსმენია მათი კულტურისა და ტრადიციების შესახებ, ცხოვრების წესისა თუ ხალხის ყოფის შესახებ.

რამდენად განსხვავდება ის საქართველოსგან და კორეელი ხალხი ქართველებისგან, რამდენად განსხვავდებიან ისინი სხვადასხვა ასპექტებში და არის თუ არა რამე მსგავსი ამ ორ ქვეყანას შორის.

ჩემს სტატიაში შევეცდები უფრო მეტად გაგაცნოთ სამხრეთ კორეა, მოგიყვეთ უფრო მეტი, ვიდრე აქამდე გსმენიათ, გაგიზიაროთ ჩემი აზრი, ახლებურად დაგანახოთ ეს ქვეყანა და ერთი ნაბიჯით დაგაახლოვოთ მასთან, თითქოს ჩვენ შორის ასეულობით კილომეტრი კი არა, სულ პატარა მანძილი იყოს და ვიმედოვნებ, რომ თქვენც შეგიყვარდებათ კორეა უფრო მეტად ან სულ ცოტათი მაინც.

ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ სამხრეთ კორეა დღესდღეისობით თავისი განვითარების დონითა და სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. ის ცნობილია, როგორც მაღალტექნოლოგიური და ინდუსტრიალიზებული სახელმწიფო , გამორჩეული ელექტრო მოწყობილობებით, ტელეკომუნიკაციების მაღალი დონით, მანქანა და გემთმშენებლობით და ასევე ქიმიური პროდუციის, კოსმეტიკის წარმოებით. ამ მხრივ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალთაგან ყველაზე ცნობილი კომპანიები – Hyundai, Kia, LG and Samsung სწორედ რომ კორეულია.

დღესდღეისობით, სამხრეთ კორეა ასევე ცნობილია კორეული პოპ მუსიკით, რომელმაც ბოლო დროს საკმაო პოპულარობა მოიპოვა, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ზოგადად ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ შორეული აღმოსავლეთის ხალხის კულტურა მეტად განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, მაგალითად, ევროპისგან. გადმოცემებით ოდითგანვე გვსმენია, რომ ჩინეთი, იაპონია და კორეა განსაკუთრებული ღირებულებების მატარებელი ქვეყნებია და რომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ, მოწიწებით ეპყრობიან და იცავენ თავიანთ ადათ-წესებს.

ასე თუ ისე, რომ გადავიდეთ კერძოდ ხალხზე მათ კულტურაზე, ტრადიციებსა და შედარებებზე, პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ კორეელები, ისევე როგორც ქართველები უზომოდ სტუმართმოყვარე, მოსიყვარულე და თბილი ხალხია, თუმცაღა, თუკი უკვე დადგენილ წესებსა და ეტიკეტებს არ გაითვალისწინებთ, დიდი ალბათობით მათ ძალიან გაანაწყენებთ, მკაცრ გაფრთხილებას მიიღებთ ან მათ კეთილგანწყობას დაკარგავთ.

განვიხილოთ გაცნობის სცენა, როგორც პირველი პუნქტი. საქართველოში გაცნობისას ორი ადამიანი ერთმანეთის სახელს იგებს და ხელს ართმევს, ხოლო შემდგომი შეხვედრების დროს უკვე ლოყაზე კოცნით ვესალმებით. რა ხდება კორეაში? როგორ ეცნობა კორეელი ხალხი ერთმანეთს? აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კორეელები საკმაოდ კონსერვატიულები არიან.

პირველი შეხვედრის დროს მიმართვის ფორმალურ თავაზიან ფორმას იყენებენ. მას შემდეგ, რაც ერთმანეთის სახელებს გაიგებენ (სავიზიტო ბარათებს გაცვლიან) ხელს ჩამოართმევენ (ქალბატონები იშვიათად) ერთი მეორეს და პატივისცემის ნიშნად თავს უხრიან, თუმცა საგულისხმოა, რომ აუცილებლად მარჯვენა ხელი უნდა გაუწოდოთ და ამავე დროს მარცხენა ხელით მარჯვენას იდაყვი უნდა დაიჭიროთ, შემდგომი შეხვედრებისას უკვე თავის დახრით და გამარჯობით ესალმებიან.

ჩახუტებაზე და ლოყაზე კოცნაზე ზედმეტიცაა საუბარი, სავსებით შესაძლებელია გაუგებრობაში ჩავარდეთ ამის გამო. ამიტომ მისალმებისას მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.

კორეაში ასაკს ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელის გაგების მერე მომდევნო კითხვა სწორედ ასაკს შეეხება, მიუხედავად ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული მოსაზრებისა, რომლის მიხედვითაც ქალბატონს ასაკს არ ეკითხებიან და ეს არცთუ ისე სასიამოვნო კითხვად ითვლება, კორეაში პირიქით, აუცილებელიცაა, რადგან ასაკის მიხედვით განისაზღვრება სამნაირი მიმართვის ფორმისგან კერძოდ რომელი უნდა გამოიყენონ თქვენთან საუბრისას.

ერთი წლით უფროსი რომც იყოთ, ეს უკვე მინიშნებაა კორეელისთვის, რომ მან აუცილებლად ფორმალურად უნდა მოგმართონ, სხვა მხრივ, თუ ის აღმოჩნდება უფროსი, იგივეს ელოდება თქვენგანაც.

სამსახურში ყველა ერთმანეთს თავაზიანად ესაუბრება და თავისზე მაღალ პოზიციებზე მყოფთათვის ფორმალურ-თავაზიან ვარიანტს იყენებენ, ამით ისინი ერთმანეთისადმი პატივისცემას გამოხატავენ და ასეთი მიმართვისას თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ. ამ მხრივ, ქართველ ხალხსაც უყვარს თავაზიანი მიმართვები უფროსებისადმი, თუ ადამიანი ამ წესს იცავს, მაშასადამე ის ზრდილობიანია, თუმცა ასეთი დაკვირვება ასაკისადმი ნაკლებად გვახასიათებს, ერთი ან რამდენიმე წლით უფროს-უმცროსობას ნამდვილად არავინ აქცევს ყურადღებას.

შემდეგი საკითხი შეეხება ვინმესთან სტუმრად მისვლას. აქაც განსაკუთრებული წესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ხელცარიელი ვინმესთან მისვლა ნამდვილად არ არის საუკეთესო ვარიანტი, საჭიროა სიმბოლური, მაგრამ რაიმე საჩუქარი მიუტანოთ მასპინძლის ოჯახს.


სახლში შესვლისას სპეციალურად გამოყოფილ ადგილას (ამაღლებასთან, რომელიც ყველა კორეულ სახლსა თუ ბინას აქვს) ფეხსაცმელი უნდა გაიხადოთ და ისე შეხვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ოჯახისადმი უპატივცემლობა და შეურაცხყოფა იქნება, ვინაიდან თვითონ კორეელებიც თავიანთ სახლებში ფეხსაცმლით არასდროს შედიან, რადგან დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, ისინი ამ იატაკზე სხედან და სძინავთ.

თუკი ვინმეს დაავიწყდა ეს წესი და პირდაპირ შევა, კორეელების პირდაპირობის გამო, ისინი აუცილებლად მიგითითებენ, რომ მათ ქვეყანაში ეს დაუშვებელია და დიდი ალბათობით ფეხაცმლის გახდა მოგიწევთ.

საქართველოში ამას საერთოდ არ ექცევა ყურადღება, რა თქმა უნდა სასურველი იქნება თუკი სტუმრებისთვის საგანგებოდ დასუფთავებულ სახლში ფეხსაცმლით არ შევალთ, მაგრამ ეს სტუმრის ნებაზეა დამოკიდებული, ამის გამო არავინ არაფერს გეტყვით.

რაც შეეხება სუფრასთან ჯდომას, რა თქმა უნდა, ქართული სუფრისგან განსხვავებით თამადა არ ეყოლებათ, თუმცა კერძების მრავალფეროვნებით გაოცდებით, ისევე, როგორც საქართველოში , ჩვენც გვიყვარს მრავალი კერძის მომზადება სტუმრისთვის.

კორეაში უფროსებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. არ შეიძლება დაიწყოთ ჭამა მანამ, სანამ ყველაზე უფროსი ოჯახის წევრები არ დაიწყებენ და არც სუფრიდან ადგომა შეიძლება სანამ ისინი არ დაასრულებენ.

ასევე თუკი უფროსები შემოგთავაზებენ სასმელს, უარის თქმისგან თავი შეიკავეთ. მოგეხსენებათ, კორეაში მრავლადაა ცხარე საჭმელი, ამიტომ კარგი იქნება, თუ წინასწარ გააფრთხილებთ მასპინძლებს, რომ მწარე საჭმელს ვერ მიირთმევთ, თორემ სუფრასთან ცრემლების ან ცხვირის მოწმენდა უზრდელობად ითვლება.

ასევე არ შეიძლება საჭმელი ჩხირების ბრინჯის ფიალაში ჩატოვება, ამით მიცვალებულებისადმი უპატივცემულობას გამოხატავთ მათი ტრადიციების მიხედვით, შესაბამისად, ჩხირებით სარგებლობის შემდეგ ის თეფშის გვერდით, სპეციალურ დასადებზე უნდა მოათავსოთ. ქართულ სუფრაზე, რასაკვირველია, ამდენი წესები არ გვაქვს და მთავარი აქ სულ სხვა ტრადიცია და სულიერებაა.


შემდეგი არანაკლებ საინტერესო საკითხი ეხება მათ დამოკიდებულებას რიცხვებისადმი (ცრურწმენა) კერძოდ, ტეტრაფობია, ანუ ციფრი 4-ის შიში. კორეაში თითქმის ყველა შენობაში, განსაკუთრებით, სამედიცინო და საცხოვრებელ დაწესებულებებში, იქ სადაც ბევრი ხალხია მე-4 სართულის ღილაკს ლიფტში ვერ იპოვით, ციფრი 4 ან საერთოდ გამოტოვებულია ან ის ლათინური F -ითაა ჩანაცვლებული.

ასეთ უცნაურობასაც აქვს თავისი ახსნა. შორეული აზიის ქვეყნების ენებში, ამ შემთხვევაში განვიხილავ კორეულს, ციფრი 4 კორეულად არის „სა“ , რომელიც ასევე ნიშნავს „სიკვდილს“, შესაბამისად კორეელებისთვის ოთხიანი ასოცირდება სიკვდილთან, ავის მომასწავებელთან. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ ისინი ერიდებიან ციფრ 4-ს და ცდილობენ ან თავიდან აიცილონ მისი გამოყენება, ან რამე შემცვლელი მოუძებნონ.

მათგან საპირისპიროდ, ციფრი 4 ქართველებისთვის სულაც არ არის ავის მომასწავებელი და მით უმეტეს, არც სიკვდილთან აქვს რაიმე კავშირი. სამაგიეროდ, მოსახლეობის ნაწილი რიცხვ 13-ს მიიჩნევს არასასურელ და ავის მომასწავებელ ან, როგორც უფრო ფარდოდ გამოიყენება, „თარს“ რიცხვად.


 

 

 

 

 

 

 

 

აქვე მინდა ვახსენო ერთი პატარა დეტალიც, რომ ადამიანების სახელებს და გვარებს ხალხი წითელი ფერის კალმით არასდროს წერს. წითელი მელნით მხოლოდ მიცვალებულთა სახელები იწერება და ფიქრობენ, რომ, თუ ცოცხალი ადამიანის სახელს დავწერთ წითელი კალმით, ეს მას უბედურებას მოუტანს, რაიმე ფათერაკს ან პრობლემებს გაუჩენს, ან მას დაუშავდება რამე.

საქართველოში მსგავსი წარმოდგენები არ გვაქვს და შესაბამისაც, ეს ფაქტი შეიძლება ცოტა უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ საინტერესოა.

დაკვნით ნაწილში კი მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ რამდენიმეა იმ უამრავ ტრადიციათა შორის, რომელიც მნიშვნელოვანია კორეელი ხალხსთვის. შევეცადე ზუსტად განმემარტა თითოეული ადათ-წესი და შემედარებინა ქართველი ხალხის კულტურასთან. ყველა ერს თავისი კულტურა და წესები მართებულად მიაჩნია, ითვალისწინებენ და ინარჩუნებენ წინაპრებისგან დატოვებულ ადათებს და ცდილობენ არ დაკარგონ თავიანთი ეროვნული თვისებები, რომლებიც სწორედ ამ ტრადიციებსა და წარმოდგენებში გამოიხატება.

ავტორი: თამთა ბიბილაშვილი

MULTIMEDIA.GE

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...