სამხრეთ კორეა – მოსანახულებლად ყველაზე თვალწარმტაცი და საინტერესო ადგილები

64
წაკითხვა
IMG.GE

Multimedia.ge

ავტორი: თამთა ბიბილაშვილი

ბოლო დროს სამხრეთ კორეა განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია იმით, რომ კორეაში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული მეცნიერებების სხვადასხვა დარგები და მეორე მხრივ, ეს კორეულ ტალღას (한류 웨이브 – Hallyu wave) უნდა დავაბრალოთ. სწორედ კორეული მუსიკის ე.წ. K-Pop-ის, კორეული ფილმებისა და სერიალების ფართო და დაუსრულებელი არჩევნით იპყრობს კორეა მთელი მსოფლიოს მათ შორის კი, ქართველი მსმენელებისა და მაყურებლების გულებსაც.

რაც უფრო მეტს უყურებ და უსმენ, მით უფრო მეტ ინფორმაციას იღებ და მით უფრო გიზიდავს ეს ნებისმიერი ქვეყნისგან ძალიან განსხვავებული მხარე და ცდილობ ჩასწვდე მისი კულტურის ერთი შეხედვით, ყველაზე შორეულ კუნჭულსაც კი.

მოგეხსენებათ, სეული სამხრეთ კორეის დედაქალაქი და შესაბამისად, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. აქ დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დედაქალაქი განლაგებულია სამხრეთ კორეის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთით და შემორტყმულია ინჩონით (인천 – Incheon) (დასავლეთიდან) და გიონგის პროვინციით (გიონგი-დო 경기도 – Gyeonggi-do) (აღმოსავლეთიდან).

სეული სტრატეგიულად განლაგებულია მდინარე ჰან-ზე. მისი დაფუძნების ისტორია ორი ათასზე მეტ წელს ითვლის, როდესაც ძვ. წ. მე-18 საუკუნეში კორეის 3 სამეფოდან ერთ-ერთმა, ბეკჯეს ხალხმა, დააარსა ის.

დღესდღეისობით, სეული მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად ითვლება. დედაქალაქში ძალიან ბევრი რამ არის მოსანახულებელი და დასათვალიერებელი ქვემოთ ჩამოთვლილთა სიაში მხოლოდ ყველაზე პოპულარულ ადგილებს ე.წ. ტოპ ათეულს შემოგთავაზებთ.

1.გიონგბოგგუნგის სასახლე (Gyeongbokgung Palace 경복궁)

 

 

 

 

 

 

 

გიონგბოგგუნგის სასახლე უდავოდ ყველაზე ლამაზი სანახაობაა და დანარჩენი 5 სასახლიდან ის ყველაზე ძველია. მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც „ჩრდილოეთის სასახლეს“, რადგანაც ის განლაგებულია ჩრდილოეთით ჩანგდოკგუნგისა და გიონგჰიგუნგისგან განსხვავებით, რომლებიც შესაბამისად, აღმოსავლეთით და დასავლეთითაა აგებული.

თავად მისი სახელი ითარგმნება, როგორც „ბრწყინვალე ბედნიერების სასახლე“. ცეცხლმა აქაურობა გაანადგურა 1592-1598 წლებში იაპონიის ოკუპაციის დროს. თუმცაღა მთელი მისი 7700 ოთახი აღადგინეს მეფე გოჯონის მმართველობის პერიოდში.

აქვე ახლოს ნახავთ სასახლის ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნული ფოლკლორის მუზეუმს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილ სასახლის სამეფო დაცვას თავისი სმენის შეცვლის მეტად სანახაობრივი ცერემონია აქვს. ის ტარდება გიონგბოგგუნგის სასახლის შემოსასავლელთან, რომელსაც გვანგჰვამუნის ჭიშკარი ეწოდება.

 

 

 

 

 

 

 


2. მიონგდონგი (Myeong-dong (명동)

 

 

 

 

 

 

 

 

მიონგდონგი საუკეთესო რაიონია მათთვის, ვისაც საყიდლებზე სიარული უყვარს. აქ ნახავთ ყველაფერს დაწყებული ტანისამოსით დამთავრებული პარფიუმერიითა და სხეულის მოვლის საშუალებებით, დაწყებული ბრენდული ნივთებით და დამთავრებული უნიკალური ხელნაკეთი საგნებით. აქ მთელი დღის განმავლობაში მუდამ ბევრი ხალხია და არსებობს სპეციალური საკვები ობიექტები პირდაპირ ქუჩაში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ კორეული ტრადიციული კერძები ან მსუბუქი სასუსნავები, შეისვენოთ და გააგრძელოთ გზა დარჩენილი მაღაზიებისკენ. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ყველაფრის დათვალიერებას ერთ დღეში ნამდვილად ვერ მოასწრებთ.


3. სეულის კოშკი (N Tower 남산서울타워)

მას მეორენაირად ნამსანის კოშკსაც უწოდებენ, რადგან ის განლაგებულია ნამსანის მთაზე სეულის შუაგულში. ის არის კომუნიკაციისა და დაკვირვების კოშკი და მისი გახსნის დღიდან (1980წ.) წარმოადგენს დედაქალაქის სიმბოლოს.

მისი მწვერვალიდან იშლება პანორამული ხედი. მნახველებს შეუძლიათ ისიამოვნონ მთელი რიგი წარმოდგენებითა და გამოფენებით, რომლებიც ამ ადგილად ეწყობა და ასევე დააგემოვნონ კორეული სამზარეულოს კერძები სხვადასხვა რესტორნებში.

აქვე არის წყვილებისთვის ძალიან საინტერესო აქტივობები, მათ შეუძლიათ ერთმანეთს წერილები გაუგზავნონ სპეციალური ფოსტის საშუალებით, რომელიც ზუსტად ერთი წლის თავზე მიიტანს გზავნილს ადრესატამდე, დატოვონ სურვილები ერთმანეთითვის და მიამაგრონ ხეებზე და ასევე ჩაკეტონ ბოქლომი თავიანთი სახელების ინიციალებით, თუ სადმე ადგილი ნახეს, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, მრავალი სასურათე ზონა, რომლებიც დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ.

 

 

 

 

 

 

4. ბუკჩონის ტრადიციული სოფელი Bukchon Hanok Village (북촌한옥마을)

ორი სასახლის, გიონგბოგგუნგისა და ჩანგდოკგუნგის, შუაში მდებარე რაიონი, სადაც შეხვდებით ძველი (ჩოსონის) პერიოდის ტრადიციულ ხის სახლებს, ბუკჩონის ტრადიციული სოფლის სახელითაა ცნობილი. ბუკჩონი 600 წლის ისტორიას ითვლის და ნათლად წარმოგვიჩენს სწორედ ჩოსონის დინასტიის დროს მცხოვრებ ხალხთა ყოფას. ბუჯჩონის არქიტექტურა ხაზს უსვამს იმ ადგილის ტოპოგრაფიულ მასახიათებლებს, სადაც მდებარეობს და სახლების სტრუქტურული განაწილებით საერთო ჯამში ქმნის ესთეტიკური ხელოვნების ნიმუშს.

5. ჰონგდე (Hongdae (Hongik University Street) (홍대)

ჰონგდე არის დედაქალაქის კიდევ ერთი აქტიური და გადატვირთული ცენტრი საყიდლებისთვის, ახალგაზრდებისთვის უამრავი გასართობი ცენტრითა და ბარებით სავსე რაიონი. ღამის ცხოვრებისთვის ყველაზე კარგად მორგებული უბანია. აქვეა უამრავი მაღაზია, რესტორნები, ბარები და კლუბები და სხვადასხვა გასართობი ცენტრები. მას განსაკუთრებული მდებარეობა აქვს-ჰონგიკის უნივერსიტეტთან ახლოსაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ აუცილებლად შეგხვდებათ მრავალი სტუდენტი და რაღა თქმა უნდა, უცხოელიც.

ჰონგდეში ყოფნისას არ გამოგრჩეთ ეს ძალიან სახალისო მუზეუმი.


6. ინსადონგი (Insa-dong (인사동)

 

 

 

 

 

 

 

 

ინსადონგი არის კიდევ ერთი განთქმული ადგილი, რომელიც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებთ. ამ ცენტრის მთავარი თემაა კორეული ტრადიცია.

შესაბამისად, აქ თქვენ დაათვალიერებთ უამრავს ნივთს, რომელსაც კავშირი აქვს კორეის კულტურასთან და მისი განუყოფელი ნაწილია და გექნებათ მათი შეძენის შესაძლებლობა.

ასე მაგალითად, კორეული ტრადიციული ტანისამოსის (ჰანბოკის) მრავალფეროვანი არჩევანი, ჰანჯი- კორეული ტრადიციული ფურცელი, რომელსაც ზოგ ადგილას ხელითაც კი ამზადებენ, ტრადიციული ხეები, თიხის ნაკეთობები და ფოლკლორული ნივთები.

აქვეა 100-მდე სხვადასხვა თემატიკის გალერია, სადაც შეძლებთ დაათვალიეროთ ტრადიციული კორეული მხატვრობის ნიმუშები, სკულპტურული ნამუშევრები და ა.შ.


7. ჩონგგეჩონის დინება (Cheonggyecheon Stream (청계천)

 

 

 

 

 

ამ ადგილის შენებას საფუძველი ჯერ კიდევ ჩოსონის დინასტიის პერიოდში ჩაეყარა (1392-1910). დროთა განმავლობაში ის ხელახლა დაპროექტდა, კიდევ რამდენიმე წვრილმანი დაემატა და საბოლოო სახე უკვე გასული საუკუნის ბოლოსთვის ჰქონდა მიღებული.

თუმცა სხვადასხვა ადგილების დეტალებით გალამაზება ყოველთვის უყვართ კორეელებს. 11კილომეტრიანი დინება სათავეს იღებს ჩონგგეს მოედნიდან და მიედინება 22 ხიდის ქვეშ, სანამ მდინარე ჰანს შეუერთდება.

მის ჩაყოლებაზე ძალიან ბევრი სანახაობა შეგხვდებათ. ასევე მდინარე ჰანის ნაპირებზე არაერთ პარკს, სასეირნო, დასასვენებელ და განტვირთვისთვის შესანიშნავ ადგილებს ნახავთ.


8. თეთრი ვარდების ბაღი ( DDP White Rose Garden)

 

 

 

 

 

 

 

ნამდვილი ვარდები არ გეგონოთ! კორეელების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ეს ბაღი განთქმულია 25 550 ხელოვნური ელექტრო ვარდებით.

ეს ადგილი თავდაპირველად მხოლოდ გამოფენისთვის იყო გამიზნული და კორეის დამოუკიდებლობის დღის 70 წლისთავზე, 2015 წელს, გადაწყვიტეს ასეთი თეთრი ვარდებით აღენიშნათ ის. თითო ვარდი განასახიერებს თავისუფლების თითო დღეს და რადგანაც 70 წელი შესრულდა ერთმანეთზე გადაამრავლეს და სწორედ ამიტომაა ამ ბაღში 25 550 ვარდი. თეთრი, რასაკვირველია, მშვიდობის და ბედნიერების ფერია.

ღამით ისინი ინთებიან და არაჩვეულებრივ სანახაობად გადაიქცევიან. ეს ადგილი მალევე გახდა პოპულარული, განსაკუთრებით, წყვილებისთვის. სეულის გარდა, ასეთი თეთრი ყვავილები არის ინჩონის პარკშიც და მათთვის, ვინც კორეულ სერიალებს უყურებს, სწორედ ინჩონის პარკშია გადაღებული Hwayugi: A Korean Odyssey-ს ცნობილი სცენა.


9. ევერლენდი

კორეის ყველაზე დიდი გასართობი პარკი, რომელიც გადაჭიმულია 100 ჰექტარზე, მსოფლიოში ყველაზე მეტად მონახულებულ პარკთა შორის  მე-4 ადგილს იკავებს. მას სპონსორობას სამსუნგის ჯგუფი უწევს.

წელიწადში ევერლენდი 5 ფესტივალს და მრავალს გასართობ აქტოვობებს გეგმავს. პარკში თავმოყრილია 40 თავბრუდამხვევი ატრაქციონი.

დამატებით, აქ არის ზოოპარკებიც „Safari World“ ვეფხვები, ლომები, დათვები და ასევე „Herbivore Safari“, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ძალიან ახლოს მივიდნენ ჟირაფებთან, სპილოებთან, სირაქლემებთან და ა.შ. ევერლენდი განთქმულია თავისი უმშვენიერესი ყვავილების ბაღებით და 1985 წლიდან აქ იმართება ვარდების ფესტივალიც.

10. ლოტე უორლდი Lotte World (롯데월드)

 

 

 

 

თუ მოხდა სასწაული და ევერლენდი არ მოგეწონათ, გულს ნუ გაიტეხთ კიდევ ერთი გასართობი პარკი ლოტე უორლდი გელოდებათ. ლოტე უორლდი მსოფლიო რეკორდებშია შეტანილი, როგორც ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი პარკი. ის მთელი წლის განმავლობაშია ღია.

გარდა გასართობი ატრაქციონებისა, გარე პარკს “Magic Island” ჰქვია და ეს ხელოვნური კუნძული აღჭურვილია სავაჭრო ცენტრებით, გალერიებით, თეატრებითა და კიდევ მარავალი გასართობი ცენტრებით. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ, რატომ სტუმრობენ ტურისტები ამ პარკს არის მისი ტურები და ატრაქციონები ექსტრემალებისთვის. გარდა ამისა, აქ ხშირად ტარდება მარშები, კარნავალები და ლაზერ შოუები.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ეს სულაც არაა სრული სია იმისა, თუ რისი მონახულება შეგიძლიათ სეულში. კორეის დედაქალაქი საკმაოდ მრავალფუნქციური მეგაპოლისია, რომელშიც ყველა ასაკის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო ადგილს.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში