“ორი წელია ვიტანჯები პანიკური შეტევებით, სრულიად მარტო დავრჩი”

25
წაკითხვა
IMG.GE

მკითხველის წერილი


ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ჩემი პრობლემის შესახებ, თუმცა ვგრძნობ, რომ შინაგანად დანგრეული ვარ და მეტს ვეღარ ვუძლებ. მინდა ჩემ შესახებ გიამბოთ და თქვენგან მივიღო რჩევა თუ როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან.

ვარ 27 წლის ბიჭი. დაახლოებით ორი წელია მტანჯავს პანიკური შეტევები, ვისაც გამოუცდია ეს შეგრძნება კარგად გაიგებს თუ რა არის, ვინც არ იცის მოკლედ გეტყვით მის სიმპტომებს.

დაახლოებით ორი წლის წინ, სამარშრუტო ტაქსში ყოფნისას დამეწყო შფოთი, რაც გამოიხატა იმაში, რომ წამიერად ვერ ვაცნობიერებდი თუ ვინ ვიყავი, სად ვიყავი ან რა მინდოდა იქ, სადაც ვიყავი. ორგანიზმმა დაიწყო რეაგირება, ამიჩქარდა გული, ხელებში თითქოს ძალა დავკარგე, მინდოდა წამოვმხტარიყავი და მეყვირა შიშისგან, თუმცა ამ დროს ჩაირთო ინსტინქტი და გავაცნობიერე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. რამდენიმე წუთში ამ ყველაფერმა გაიარა და თითქოს დალაგდა.

მეორე დღეს ჩვეულებრივად წავედი სამსახურში და პრობლემა არ მქონია, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცოდი თუ რა მჭირდა, შესაბამისად ყურადღება არ მივაქციე.

ერთ დღეს კი, ჩემი სახლიდან ოდნავ მოშორებით მომიწია გასვლა, ჩავჯექი კვლავ სამარშრუტო ტაქსში და ისევ დაიწყო. გული ამიჩქარდა, ისევ დამეუფლა გრძნობა, რომ ვიკარგებოდი, ამ დროს სიკვდილზე არ ფიქრობ, ამ დროს ვერაფერზე ვერ ფიქრობ, გარდა იმისა, რომ სამშვიდობის გახვიდე, თუმცა რეალურად, არც იმ მომენტში გემუქრება საფრთხე, უბრალოდ ორგანიზმი არასწორ განგაშს ტეხს და სრულიად უადგილოდ გაფორიაქებს, რაც ძალიან, ძალიან ცუდი შეგრძნებაა.

მეორედ ასეთი შეტევისას უკვე სერიოზულად შევშინდი და მას შემდეგ სამარშრუტო ტაქსში ვეღარ ვჯდები, უკვე ორი წელი სრულდება, რაც მარტო ვერ ვახერხებ გადაადგილებას და ჩემებური კომფორტი მოვიწყე ამ მხრივ.

პანიკური შეტევების მქონე ადამიანის სიმშვიდისთვის საჭიროა გვერდით გყავდეს ისეთი ადამიანი, ვისაც ენდობი და კარგად გიცნობს. ჩემ შემთხვევაში კი, გარეთ გასვლას მხოლოდ მაშინ ვახერხებ, თუ ვიცი, რომ ის სანდო ადამიანი ჩემ გვერდით იქნება და ასეთ დროს პანიკური შეტევა არ დამემართება, თუ დამემართება იმის იმედი მაქვს, რომ მან იცის სადაც ვცხოვრობ და მარტო არ დავრჩები ქუჩაში, ამიტომ ეს მამშვიდებს, შესაბამისად ორგანიზმიც არ შფოთავს.

ბევრი მეგობარი დავკარგე ამის გამო, რადგან ვერ ვახერხებდი მათთან ურთიერთობას, რეალურ მიზეზს კი ვერ ვუმხელდი, მართალია რამდენიმე მათგანს ავუხსენი ჩემი პრობლემის შესახებ, თუმცა ვერ გამიგეს, ჩათვალეს, რომ ვიგონებ ან ნერვებს ვარ აყოლილი და რომ ეს უნდა დავძლიო.. ვიცი, რომ უნდა დავძლიო, მაგრამ ამ დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებს, რომლებიც გაგამხნევებენ, გაგიგებენ, გაგრძნობინებენ, რომ მარტო არ ხარ ამ პრობლემასთან და ასე, ეტაპობრივად დაამარცხებ შიშს, თუმცა ყველას თავის პრობლემა აქვს და ვერც მოსთხოვ, რომ დაგეხმაროს.

აგერ უკვე ორი წელია ვებრძვი და თითქოს გამომდის, თუმცა მაქვს პერიოდები, როდესაც თავს ვერ ვერევი. ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც მაკითხავდა, თუმცა ბოლო პერიოდში ისიც აღარ მოდის, ალბათ დაიღალა, თუმცა რამ დაღალა, მე ხომ არ ვახვევ პრობლემებს თავზე, უბრალოდ ვთხოვ რომ მოვიდეს და ოდნავ მაინც გადავაყოლო გული ამ სიმარტოვეში.

მარტო დავრჩი, სრულიად მარტო და არ ვიცი რა გამოსავალია, ცუდი ფიქრები ნამდვილად არ მაქვს, პირიქით, ვცდილობ მოტივაცია ავიმაღლო, მაგრამ არ გამომდის, ამას ემატება ჩემი ფინანსური მდგომარეობაც, რამდენიმემ მირჩია, ფსიქოთერაპევთან წადიო, თუმცა არ მიჯერებენ, რომ მარტო ვერ ვრისკავ წასვლას, წამოყოლით კი სამწუხაროდ არავინ მომყვება.

თქვენი გამამხნევებლი კომენტარები და რჩევები ჩემთვის დიდი სტიმული იქნება, მადლობელი ვიქნები თუ გამომეხმაურებით, სიამოვნებით შევიძენ ახალ მეგობრებს, რადგან ვხვდები, რომ კარგად ვერ შემირჩევია მეგობრები, რამაც გული ძალიან მატკინა.

სიახლე მინდა, თუმცა ჯერ ვერ ვერევი ამ შიშს…..

PS. იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, ვისაც პანიკური შეტევები აწუხებს, ნუ გეშინიათ, ეს არ გვკლავს, ეს ცხოვრებას გვასწავლის..

 

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში