“პატრონყმობა და კანონის უზენაესობა” – პეტრე მამრაძის ანალიტიკური წერილი

33
წაკითხვა
IMG.GE

ავტორი: პეტრე მამრაძე – მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი


შარშან, 26 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

„რაც უნდა ის ქნას რუსთავი 2-მა, ჩამოიმხოს თავზე ყველაფერი, ოღონდ კანონი არ უნდა დაარღვიოს, გადასახადი გადაიხადოს, რასაც სხვათა შორის, არ იხდის, ეგეც აშანტაჟებს მათ რიცხვში, ხელისუფლებას, დიდი ხანია არ იხდის გადასახადს და არ იხდის პრინციპულად ერთადერთი მიზეზით, რომ მართლაც არ აქვს ამის რესურსი დღეს ხელისუფლებას, რომ ეს რომ ვქნათ, წარმოიდგინეთ რა მოხდება.

რა მოხდა იბერიას შემთხვევაში და სიგარეტების, ეს მონაგონი იქნება, მაგრამ ამის დროც დადგება, რომ მაგათაც მოუწევთ გადახდა გარწმუნებთ და ყველა მედიას მოუწევს გადახდა. ყველამ კანონმდებლობა უნდა დაიცვას, არავის არ გაუჩნდება ხიბლი გარწმუნებთ, სანამ მე ვმონაწილეობ და გუნდიც ამ განწყობით არის, რომ რაიმე შეზღუდვა და რეგლამენტაციები მედიას დავუწესოთ, ღმერთმა დაგვიფაროს, არცერთ შემთხვევაში. მედიას დიდი მნიშვნელობა აქვს და კარგია, რომ მედიამ ეს ფუნქცია შეასრულა სწორად, ეს არის ჩემი იდეა. რუსთავი 2-ს რასაც მოვუწოდებ ისაა, რომ ელემენტარული დაიცვას სტანდარტი, რომ არ შეიძლება მარტო ერთი ჟურნალისტის აზრი გამოვიტანოთ, სასახლეები გადმოვყაროთ და აი ნახეთ როგორი ქრთამებია, აი ნახეთ როგორი კორუფციაა’’.

ეს რამდენიმე წინადადება საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. მისთვის ჩვეულებრივი, პოლიტიკური და საზოგადოდ საჯარო ფიგურისათვის კი უიშვიათესი გულახდილობით და გულწრფელობით, ივანიშვილი აღიარებს, რომ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’ აშანტაჟებს ხელისუფლებას, თანაც დიდი ხანია არ იხდის გადასახადს (რაც კანონის უხეში დარღვევაა), ხოლო დაშანტაჟებულ ხელისუფლებას არ გააჩნია იმის რესურსი, რომ უზრუნველყოს კანონის აღსრულება, ვინაიდან ,,რუსთავი 2’’ იმისთანა საპროტესტო ღონისძიებებს გამართავს, რომ ტელეკომპანია ,,იბერია’’-ს პროტესტები მონაგონი იქნება.

დაკვირვებული ადამიანისათვის ივანიშვილის ეს განცხადება რამდენიმე არსებით შეკითხვას ბადებს: რისი ტოლია მმართველი დაჯგუფების ლეგიტიმურობა, თუ ერთ ტელეკომპანიას შეუძლია მისი დაშანტაჟება? რა ჰქვია იმ სახელმწიფოს, რომლის მმართველ პოლიტიკურ ძალას იმის რესურსიც არ გააჩნია, რომ კანონი აღასრულოს და გადასახადი გადაახდევინოს ურჩ არგადამხდელს? ან იმ მმართველ დაჯგუფებას რა ვუწოდოთ, რომელმაც ექვსწლიანი მმართველობის შემდეგ არა თუ არ დააგროვა ასეთი რესურსი, არამედ ისიც გაფლანგა, რაც თავიდან ჰქონდა? მაინც როდის დადგება ის დრო, როცა ხელისუფლება შეძლებს თავისი უპირველესი მოვალეობის შესრულებას, ანუ კანონის დაცვას? როგორია ამ მხრივ ახლა დინამიკა ჩვენში – ვუახლოვდებით ამ დროს, თუ უფრო ვშორდებით? (მკითხველს, ცხადია ესმის, რომ კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ერისა და სახელმწიფოსათვის გაცილებით უდრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ურჩი არგადამხდელი სუბიექტის მიერ ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალი). რა დონეზე იმყოფება ჩვენი საზოგადოება, რომელიც ივანიშვილის ამ გულწრფელი აღიარების შინაარსის გამო არ აღშფოთდა და არც შეშფოთდა? მარტო ,,რუსთავი 2’’ სარგებლობს ხელისუფლების დაშანტაჟებით მოპოვებული უკანონო შეღავათებით, თუ სხვებიც არსებობენ? 

ა.წ. 1 აპრილს ,,რეზონანსში’’ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის მიერ შემოსავალების სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ,,იმედსა’’ და ,,რუსთავი 2’’-ს 33 მილიონ ლარზე (!) მეტი საბიუჯეტო დავალიანება აქვთ. ,,იმ პირობებში, როცა სარეკლამო ბაზრიდან ,,იმედსა’’ და ,,რუსთავი 2’’-ს მიაქვთ ბაზრის უმრავლესობა, დაახლოებით 70%-ზე მეტი, სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელი ამბავია, როგორ უნდა იარსებოს სხვა მედიასაშუალებებმა. არც ,,იმედს’’ და არც ,,რუსთავი 2’’-ს შემოსავალი არ უმცირდება.

შემოსავალი უმცირდება სხვა მედიასაშუალებებს, მათ შორის რეგიონულ მედიას, თან ძალიან მკვეთრად,’’ – განაცხადა მაუწყებელთა ალიანსის განვითარების დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ,,გადასახადების გადახდა არის ავტომატიზებული პროცესი. ე.ი. არსებობს გარკვეული მითითება, რომლითაც ეს პროცესი არ ხორციელდებოდა ამ ორ ტელეკომპანიაზე. წინა კვირას 600 და 400 ლარებზე დაედოთ სხვა ტელეკომპანიებს ინკასო’’.

ქალბატონი ნათია კუპრაშვილი მართალია -ცხადია, ,,მითითების’’ გარეშე, ავტომატიზებული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დაადებდა ინკასოს ,,რუსთავი 2’’-საც და ,,იმედსაც’’ (რომელმაც შარშან, 26 ოქტომბერს, გვაჩვენა ივანიშვილის ხსენებული შეხვედრა ჟურნალისტებთან) და მათი დავალიანებაც 400-600 ლარს ვერ გადააჭარბებდა, ვინაიდან დავალიანების შეგროვების პროცესი ჩანასახშივე შეწყდებოდა. ისიც ცხადია, რომ ქოცების ხელისუფლება ვერ გასცემდა ასეთ ,,მითითებას’’ პირადად ივანიშვილის თანხმობის გარეშე – ამას ვერავინ გაბედავდა.

ნათია კუპრაშვილის ინფორმაციის კითხვისას გამახსენდა წერილი, რომელიც ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადების თანახმად მან შინაგან საქმეთა მინისტრისაგან გიორგი გახარიასაგან მიიღო. აი ამ წერილის ერთი ფრაგმენტი: 
,,ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.
ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე; გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)…”
პირადად მე, მთელი ჩემი გამოცდილების საფუძველზე, იოტისოდენა ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე სიმართლეს ამბობს და ეს წერილი მან მართლაც ,,ოცნებისაგან’’ მიიღო.

სხვა საქმეა, რომ ეს შეიძლება ვერ დაამტკიცოს სასამართლოში, თუმცა მისი მოქმედებები შეიძლება გამოადგეს მას ,,მოლაპარაკებებისათვის’’ და ხელისუფლებასთან სასურველი გარიგების მიღწევისათვის.

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ამ შემთხვევაშიც აკეთებს იმას, რაც მისი აზრით საჭიროა და სასარგებლოა ქვეყნისათვის: ,,რუსთავი 2’’-ს გადასახადს ვერ ვახდევინებთ, ვინაიდან ამის რესურსი არ გვაქვს, ამიტომ ,,იმედსაც’’ მივცეთ იგივე პრივილეგიები, რომ არსებობდეს მძლავრი კერძო ტელევიზია, რომელიც თავისი ,,პოზიტიური ტრენდით’’ დააბალანსებს ,,რუსთავი 2’’-ის მავნებლურ, დესტრუქციულ მოქმედებას; ხოლო დანარჩენ ტელევიზიებს მოვთხოვოთ, რომ იმედის ,,ტრენდზე დაჯდნენ’’ და დაეტყოთ ,,ობიექტურობის მაღალი ხარისხი’’ (ეს სიტყვებიც ,,გახარიას წერილიდან’’ ავიღე).

ის, რომ მსგავსი კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არის სრულიად ანტისახელმწიფოებრივი და უფრო მეტ ზიანს აყენებს სახელმწიფოს და მმართველ დაჯგუფებასაც, ვიდრე ,,რუსთავი 2’’-ის გადაცემები, ივანიშვილს თავშიაც არ მოსდის. მთავარი კი ის არის, რომ საზოგადოებაც უყურებს ამას ყველაფერს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. საგულისხმოა ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და თვით ,,ავტომატურად’’ დაბეგრილი და 400-600 ლარის დროულად გადაუხდელობისათვის ინკასოდადებული კერძო ტელეკომპანიები არ აპროტესტებენ ამ ყბადაღებულ უკანონობას და უსამართლობას. 

ეს ყველაფერი კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად შორს ვართ ჩვენში დამკვიდრებული პატრონ-კლიენტელური, ანუ პატრონყმული მართვის სისტემიდან ე.წ. თავისუფალი წვდომის, ანუ კანონის უზენაესობის სისტემაზე გადასვლისაგან. 
ამასთან ერთად, რაოდენ პარადოქსულად და კურიოზულადაც არ უნდა ჟღერდეს, ივანიშვილი რჩება იმ ერთადერთ ძალად, რომელიც არ უშვებს საქართველოში ავტორიტარული კლეპტოკრატიის, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარული მართველობის დამკვიდრებას, ანუ იმ რეჟიმის კვლავწარმოქმნას, რომელიც გარდაუვალია ჩვენი ქვეყნისათვის საშუალო ფენის არარსებობისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის სიღატაკის გამო.

სწორედ მისი წყალობით საქართველო სამართლიანად აღიარებულია უფრო თავისუფალ, დემოკრატიულ და კანონის უზენაესობის უფრო მაღალი ხარისხის მქონე ქვეყნად, პოსტსაბჭოური სივრცის და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით.


2019 წლის 7 აპრილი

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში