რა მოხდება მეორედ მოსვლის შემდეგ? – ამონარიდი პატრიარქის ეპისტოლედან

349
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ამონარიდი პატრიარქის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლედან:


 მეორედ მოსვლისას საბოლოოდ განისჯებიან ყოველნი, _ ცოდვილნიც და მართალნიც, რათა არცერთ ადამიანს თავისი სიკეთის ამქვეყნად გამოვლენილი მისხალიც არ დაეკარგოს, მის სახელზე ახლობელთა და სხვათაგან აღსრულებული ქველი საქმენი მიეთვალოს და უკანასკნელი მსჯავრი უკეთესი მიეგოს.

ნეტარების ღირსნი ხდებიან როგორც მართალნი, ასევე ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის სათანადო ნაყოფი. ისინი, ღვთის გულმოწყალებითა და ეკლესიის შუამდგომლობით, მიიღებენ ცოდვათა შენდობას.

ხოლო შემდეგ, უხრწნელი სხეულით შემოსილნი, ხატნი და მსგავსნი უფლისა, კვლავ გააგრძელებენ ღვთისკენ დაუსრულებელ სწრაფვას, რა თქმა უნდა, სხვა სახით და სხვა მდგომარეობით, დანარჩენნი კი მარადიულ სატანჯველს დაიმკვიდრებენ.

სწავლების მიხედვით, თავის გარდაქმნილ, უკვდავ და უხრწნელი თვისებების მქონე სხეულებს, მართალთა მსგავსად, ღვთისაგან განდგომილი ცოდვილნიც შეიმოსავენ, მაგრამ მოუნანიებელ დანაშაულთა და ვნებათა სიმძიმე მათ დაუსრულებელ ტანჯვას განაპირობებს, როგორც მათი ნებაყოფლობითი არასწორი არჩევანისა და მოქმედების შედეგს.

ეკლესიაში მაცხოვრისა და მისი მოწაფეებისაგან დადგენილი ნათლობის წესის აღსრულებით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და სულიწმინდის ნიჭის თანაზიარი ამ ქვეყნად ყველა მართლმორწმუნე ხდება; ამასთან ადამზე აღმატებულის, რადგან ეს მადლი ჩვენს პირველმშობლებს საჩუქრად, დამსახურების გარეშე, ჰქონდათ დედამიწაზე, ედემში; ქრისტიანებს კი იგი ეძლევათ მაცხოვრის უდიდესი გამომსყიდველი მსხვერპლისა და პირადი სულიერი ღვაწლის შედეგად და ამასთან, მარადიული ნეტარების დასამკვიდრებლად; მაგრამ მის შენარჩუნებას ბოროტის მიერ დაგებული ათასგვარი განსაცდელის გამო, მცირედნი თუ აღწევენ.


სრული ვერსია იხილეთ აქ:

სააღდგომო ეპისტოლე

თქვენი კომენტარი?
IMG.GE