რა არის ანევრიზმა და რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ?

464
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ანევრიზმა, ანუ თავის ტვინის სისხლძარღვის კედლის ტომრისებური გაგანიერება თანდაყოლილი პათოლოგიაა.

როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტიკა, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია მკურნალობის მეთოდები? ამ თემაზე  ექიმი ნეირო-ქირურგი მამუკა გვენცაძე საუბრობს:

“ანევრიზმა თავის ტვინის სისხლძარღვების პარკისებური გაგანიერებაა. ეს გახლავთ პათოლოგიური კედელი. მასში არ არის განვითარებული კუნთოვანი შრე, შესაბამისად, წარმოადგენს სუსტ ადგილს სისხლის მიმოქცევის წრეში.

თუ ანევრიზმა დიდი ზომის არ არის და სისხლის ჩაღვრა ტვინის ქსოვილში არ ხდება, ამ შემთხვევაში არანაირ სურათს იძლევა არც სიმპტომითა და არც რაიმე ჩივილით გამოვლინდება. ეს გახლავთ “ნაღმი”, რომელიც ადამიანის ორგანიზმშია და სანამ არ აფეთქდება, ვერავინ მის შესახებ ვერაფერს მიხვდება. გასკდომამდე მისი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ შესაბამის გამოკვლევას ჩავატარებთ.

თავის ტვინში სისხლჩაქცევა ყოველთვის მწვავედ იწყება. კლინიკური სურათი დროის ხანმოკლე პერიოდში ვითარდება. სიმპტომები ასეთია: აღინიშნება უეცარი თავის ტკივილი, პირღებინება, გონების დაკარგვა, გენერელიზებული გულყრა, პაციენტი რამდენიმე წამში შეიძლება კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდეს.

რაც შეეხება მის დიაგნოსტიკას, რამოდენიმე მეთოდი არსებობს, რომლის საშუალებითაც შეიძლება დავინახოთ სისხლძარღვის პათოლოგია. ყველაზე მგრძნობიარე და პირველი რიგის კვლევა არის ე.წ. დიგიტალური ცერებლური ანგიოგრაფია, ანუ თავის ტვინის სისხლძარღვების რენტგენოკონტრასტული კვლევა. ეს გახლავთ ინოაზიური მეთოდი, ანუ სპეციალური კათეტერის შეყვანა ხდება ბარძაყის არტერიაში. კათეტერი რენდგენო-კონტროლით საბოლოოდ აღწევს თავის ტვინის სისხლძარღვში და იქ უკვე ხორციელდება კონტრასტის შეშვება. კონტრასტი თავის ტვინის სისხლძარღვებს ხილულს ხდის რენტგენული კვლევით და ვიღებთ თავის ტვინის სისხლძარღვოვანი ქსელის რენტგენულ სურათს. როდესაც ყველა სისხლძარღვი გამოჩნდება, დავინახავთ პარკისებურ გაგანიერებას. ყველაზე ხშირად ტომრისებური ანევრიზმა გვხვდება, რომელიც სისხლძარღვზეა ჩამოკიდებული. არსებობს კიდევ კომპიუტერული ანგიოგრაფია, როდესაც ჩვეულებრივი ბანალური კომპიუტერული ტომოგრაფია კეთდება. აქაც იგივე მეთოდით ხდება კონტრასტის შეყვანა, უბრალოდ სურათის გადაღება და ამ სისხლძარღვების ასახვა კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ხორციელდება. ასევე გამოიყენება უკონტრასტო, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია. გამოკვლევის ჩატარება აფიქსირებს სისხლის ნაკადს სისხლძარღვში. მგრძნობელობა შედარებით ნაკლებია ამ მეთოდის მიერ ანევრიზმის აღმოჩენის მიმართ.

ანევრიზმა პათოლოგიური უბანია სისხლძარღვზე, რაც არის სისხლდენის წყარო თავის ტვინსა და მის გარსებში. ანევრიზმაზე მიმართული სამკურნალო მეთოდების მიზანია, გამოითიშოს სისხლის მიმოქცევის წრიდან. ამისათვის 2 ძირითადი მეთოდი არსებობს: ღია ქირურგიული მეთოდი, როდესაც ანევრიზმაზე მიდგომა ხორციელდება ქალას ღრუს გახსნით, ანუ ტრეპანაციის საშუალებით და მეორე, შედარებით დამზოგველი მეთოდი – ანევრიზმების ენდოვაზალური მკურნალობა. ენდოვაზალური მკურნალობა გულისხმობს იმას, რომ ანევრიზმაზე მიდგომა ხდება სისხლძარღვის შიგნიდან. გაივლის იმავე გზას, რაც ანგიოგრაფიის დროს. ანევრიზმის ღრუს ამოვსება ხელოვნურად, სპეციალური საშუალებებით ხორციელდება, რაც ხურავს ანევრიზმას, ანუ შიგნით ანევრიზმის ღრუში სისხლის ნაკადი აღარ ხვდება.

ქირურგიული მკურნალობის დროს ხდება ანევრიზმის კლიპირება სპეციალური კლიპსით სისხლის მიმოქცევის წრიდან, რათა მასში სისხლი აღარ მოხვდეს. შესაბამისად ხორციელდება ანევრიზმიდან სისხლდენის პრევენცია.

ანევრიზმის გასკდომის დროს მომხდარი დაზიანება ძალიან მნიშვნელოვანია. რა ვუყოთ იმ სისხლს, რომელიც უკვე ჩაიღვარა, სანამ ანევრიზმა იყო დიაგნოსტირებული?! ან ტვინის მნიშვნელოვნად დაზიანებულ უბანს?! ეს არის ამ დაავადების ძირითადი პრობლემა. ანევრიზმის სისხლდენის დროს ხშირად ისეთ დაზიანებას ვიღებთ, რომ პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმდება. ამ შემთხვევაში გამოსავალი რთულია. შედარებით უფრო კეთილსაიმედოა პროგნოზი, როდესაც: 1. სისხლდენა არის თავის ტვინის გარსებში, ქსელისებური გარსის ქვეშ, 2. არ ხდება სისხლის ჩაღვრა უშუალოდ ტვინის ქსოვილში, ან მის შიგნით არსებულ პარკუჭებში და 3. როდესაც სისხლის რაოდენობა არის შედარებით ნაკლები.

თავიდან, როდესაც ანევრიზმა არ არის დიაგნოსტირებული, იწყება თავის ტკივილი, პირღებინება, გულყრა და სისხლის ჩაღვრა. თუ ორგანიზმს თვითონ სისხლის შედედების უნარი გააჩნია, რომ სისხლის დენა შეწყდეს ანევრიზმიდან დროულად, ანუ დაითრომბოს ის მიდამო, საიდანაც მოხდა სისხლდენა და დიდი რაოდენობის სისხლი არ მოხდეს თავის ტვინში, მაშინ გამოსავალი საიმედოა და პაციენტი შეიძლება აბსოლუტურად “ჯანმრთელი” და შრომისუნარიანი დარჩეს.

დაინვალიდების თვალსაზრისით საკმაოდ მაღალი რისკებია, როდესაც თავის ტვინის დაზიანება ხდება და სისხლდენა დიდი მოცულობისაა. სგავს შემთხვევაში პაციენტები ხშირად მთელი ცხოვრება სხვის დახმარებას საჭიროებენ.

სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 2-3% აქვს ანევრიზმა, ხოლო მისი გასკდომა ხდება დაახლოებით 40-50%-ში. ასეთი პაციენტების კლინიკაში შემოსვლას რაც შეეხება, საშუალოდ, კვირაში 2-3 პაციენტი ფიქსირდება.

რეკომენდაცია: ანევრიზმის გასკდომის უმეტესი შემთხვევები მაღალი არტერიული წნევის ფონზე ხდება. პირველი, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, ეს არის არტერიული წნევის რეგულირება. არ უნდა გამოვიჩინოთ უყურადღებობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს სისხლძარღვების ათერომატოზული დეგენერაცია (ათეროსკლეროზი). ამისთვის საჭიროა, რომ კვების რაციონი იყოს სწორად შერჩეული: მცენარეული საკვები, ნაკლები ცხიმი და ნახშირწყლები. ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდეს და ნაკლებად იყოს ადინამიური (მჯდომარე ცხოვრება). წონაში მატება წნევის ზრდასაც იწვევს. ყველა ეს ფაქტი კი განაპირობებს სისხლდენის განვითარებას, თუ ორგანიზმში არის ანევრიზმა.

ყველაზე ხშირად ანევრიზმის გასკდომა ხდება 35-დან 65 წლის ასაკში. თუმცა ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც 14-15 წლის ასაკშიც ვითარდება ეს დაავადება.

ანევრიზმა თავის ტვინის სისხლძარღვში კუნთოვანი შრის დეფექტია. სისხლძარღვის სამი შრეა. შუაში გახლავთ კუნთოვანი შრე, რომელზეც არის ეს დეფექტი, ამიტომ სისხლძარღვში არტერიული წნევის ზემოქმედების შედეგად ეს დეფექტი ნელ-ნელა გამოიბერება და ჩამოყალიბდება პარკისებურ ანევრიზმად. შემდეგ უკვე ადამიანი რისკის ქვეშ დგება.

საქართველოში ანევრიზმის ოპერაცია ტარდება როგორც ღია, ასევე ენდოვაზალური წესით. ოპერაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 3-5 საათია, მაგრამ ეს ინდივიდუალურია და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ლოკალიზაცია ანევრიზმებისა სხვადასხვანაირია. არსებობს ბაზილარული არტერიის ანევრიზმა, სადაც მიდგომა შედარებით რთულია. ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ანევრიზმის ლოკალიზაციაზე, მის ფორმასა და თავის ტვინის შეშუპების ხარისხზე.

ამ ოპერაციის დროსაც საჭირო ხდება სისხლის გადასხმა, რადგან ეს არ არის მარტივი ოპერაცია. საკმაოდ სერიოზულია და ზოგჯერ დონორსაც მოითხოვს.

შედეგი ყოველთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენი მკურნალობის საბოლოო ეტაპის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ის თავის ტვინის პირველადი დაზიანება, რომელიც ხდება ანევრიზმიდან სისხლდენის დროს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE