MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს იეჰოვას მოწმეებმა უჩივლეს. საქმე ეხება 2018 წლის მარტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც მის სახლში ორი ქალბატონი მივიდა და ბროშურებს არიგებდა, რაც ნინო მიქიაშვილმა გააპროტესტა და მისივე თქმით, ჯერ დახია ეს ბროშურები, შემდეგ ორივეს ხელი მოჰკიდა და გააძევა, რაზეც მათ მიუგეს, რომ ეს იყო ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის გამო უჩივლებდნენ

“რომ დამაპატიმრონ, არ გაგიკვირდეთ! დაახლოებით ერთი საათის წინ, ანჩისხატში მეგობრის პანაშვიდზე ვიდექი, სანზონის პოლიციიდან იეღოველების საქმეზე რომ დამირეკა გამომძიებელმა – პოზიცია ხომ არ შეგიცვლიათო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამავე საკითხზე ეს მეორე ზარი იყო პოლიციიდან. ამჯერად გამომძიებელს აინტერესებდა, ხომ არ გადავიფიქრე ჩვენების სასამართლოს ნაცვლად პოლიციისთვის მიცემა. მშვიდად მივუგე, პოლიციას ერთხელ უკვე მივეცი ჩვენება, მომხდართან დაკავშირებით და სათქმელი აღარაფერი მაქვს, ახლა სასამართლოში მივალ-მეთქი. კეთილი, სასამართლოშიც მე უნდა წაგიყვანოთო.

დაახლოებით ათ წუთში ისევ შემეხმიანა გამომძიებელი – დედათქვენიც უნდა გამოვკითხოთო. მას აინტერესებდა, დედაც სასამართლოში მივა, თუ პოლიციას მისცემს ჩვენებას. ამის გაგონებაზე ხმას ავუწიე, დედაჩემი კანონმორჩილი ადამიანია, მაგრამ ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ 80 წლის ქალს ნერვიულობის ნიადაგზე არაფერი დაემართება?! მამუკა ნოზაძესთან შევათანხმებთ დეტალებს და საღამოს მე და დედა ერთად დაგირეკავთ-მეთქი.

აქვე შაგახსენებთ, რომ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრება – “რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის” მუხლით არის გამოძიება დაწყებული, სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის 1 ნაწილით. და ეს იმისთვის, რომ 2018 წლის 26 მარტს იაღოველებმა მოგვაკითხეს ოჯახში, დედაჩემს ხელში ბუკლეტები, მიაჩეჩეს, რის გამოც ისინი მივაბრძანე. გიჩივლებთო, – დამემუქრნენ და მიჩივლეთ-მეთქი, – მივუგე. იმავე დღე პოლიციაში გამომკითხეს. მოგვიანებით საქმე დაიხურა, მაგრამ ხელახლა დაიწყეს გამოძიება და ხელმეორედ დამიბარეს, რაზეც უარი განვაცხადე – ერთხელ უკვე გითხარით სათქმელი და ჩვენებას სასამართლოს მივცემ-მეთქი. ახლა საქმეს სასამართლოს გადასცემენ და იქ დამკითხავენ. ეს რომელ რიცხვში მოხდება, თარიღი წინასწარ არ ვიცი.” – წერს ნინო მიქიაშვილი.


“ახლა კი გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას მომხდარის შესახებ, რომელიც ნინო მიქიაშვილმა 2018 წლის მარტში დაწერა:

 ზარი დარეკეს, დედაჩემმა გახედა. ჰკითხეს მეგრულად საუბრობ, სვანურად თუ ქართულადო. შემდეგ ქართულ ენაზე დაბეჭდილი თავიანთი ბუკლეტი ხელში მიაჩეჩეს და გზა გააგრძელეს. მე დიდ მაგიდასთან ვიჯექი, დოკუმენტები და პერსონალური კომპიუტერი გაშლილი მქონდა, ცხინვალის რაიონის სოფელ კეხვში ჩემს ბავშვობაში შეძენილი სანათი მენთო და გულმოდგინედ ვმუშაობდი.

დედაჩემი შემოვიდა, ხელში იეღოველების ბროშურა ეჭირა. გამოვართვი და დერეფანში გავედი. ორი ახალგაზრდა ქალი, ხელში სექტანტებისთვის დამახასიათებელი მართკუთხა ფორმის ჩანთებით იდგნენ. მეორედ აღარ დაგინახოთ აქ მოსული და არ გაბედოთ დედაჩემისთვის თქვენი ბროშურების მიჩეჩება-მეთქი. ხელში რაც მეჭირა დავხიე და მივაყარე. ათჯერ რომ გავუმეორე გადით აქედან, აქ აღარ დაგინახოთ-მეთქი და რომ არ ინძრეოდნენ ადგილიდან, მეთერთმეტედ ხელი მოვკიდე, ორივე მივაბრძანე და დერეფნის რკინის კარი მივუხურე.

ერთი მემუქრებოდა, ეს ფიზიკური შეურაცხყოფაა, პატრულს დავურეკავ, შენ იცი მე ვინ ვარ?! ადვოკატი ვარო! ეს რამდენჯერმე გაიმეორა და ყველა ჯერზე ვპასუხობდი მიდი, დაურეკე პატრულს, სახლებში რომ გვივარდებით და მოსვენებას არ გვაძლევთ-მეთქი.

მე სახლში შემოვედი და მუშაობა გავაგრძელე. მოგვიანებით უბნის პოლიციის თანამშრომელი მოვიდა. მკითხა ვინაობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და წავიდა. შესაძლებელია პოლიციაში მოსვლა და გასაუბრების ოქმის შედგენა გახდეს აუცილებელიო. პოლიციელის წასვლიდან დიდი დრო არ იყო გასული, განყოფილებიდან დარეკეს, მობრძანდითო და მივედი.

პოლიციის შესასვლელთან მანანა ვაზაგაშვილი დამხვდა, მარტო ხომ არ იქნებიო. პოლიციაში გავიგე, რომ სექტანტებს 112-ზე დაურეკიათ, ფიზიკური შეურაცყოფა მოგვაყენაო. მერე პოლიციაში, რომ მისულან, ბუნებრივია, დეტალების მოყოლა გახდა აუცილებელი და აღმოჩნდა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მათთვის არც მე და არც სხვას არ მიუყენებია.

როცა ჩემი გასაუბრების ოქმი დგებოდა, პოლიციელმა მკითხა, ღვთისმსახურებაში შევუშალე თუ არა ხელი (ცნობისათვის ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და თავისუფლების აღკვეთით ისჯება – სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 155. რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა).

ესე იგი სექტანტები პოლიციას არწმუნებდნენ, რომ ის, რაც მე გავაკეთე, იყო ღვთისმსახურებაში ხელის შეშლა.

შესაძლებელია პოლიციაში კიდევ დამიბარონ, თუ ზემდგომი პროკურორი გადაწყვეტს, რომ რაღაც დეტალებზე კითხვები დამატებით უნდა დამისვან. მე, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, რასაკვირველია, პოლიციაში დაუყოვნებლივ გამოვცხადდები”– წერდა ნინო მიქიაშვილი 2018 წლის მარტში.

თქვენი კომენტარი?