ბოლო ამბები
14/12/2024

მიდით, ქართველებო, ჟორდანიას, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ზურაბიშვილის გზაზე ილოცეთ, სტალინის გზა კი წყევლა-კრულვით მოიხსენიეთ

გაზიარება

“მიდით, ქართველებო!

გლოვის დღეა საქართველოში. შორეულ წარსულში, 103 წლის წინათ, სოციალისტურმა რუსეთმა რომ „დაგვიპყრო“, იმ “შავბნელ” დღეს გლოვობენ „პატრიოტი“ ქართველები…”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია.

“სწორადაც გლოვობენ, შემოცვივდნენ ტყავისქურთუკიანი და მაუზერიანი ბოლშევიკები და განძიპარია მენშევიკები ქვეყნიდან გაყარეს. შემდეგ კი, ნესტიან და უხვნალექიან კოლხეთის დაბლობსა და გვალვიან აღმოსავლეთში, ერთდროულად, იქამდე არნახული და არსმენილი ტემპებით დაიწყეს ჭაობის დაშრობისა და გასარწყავების ამბიციური პროექტების განხორციელება; ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა – „ზაჰესიდან“ „ენგურჰესამდე“; საფუძვლის ჩაყრა გიგანტური დარგებისა და ქარხნებისთვის – მეტალურგია, ქიმია, ჩარხმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ელმავალმშენებლობა, გემთმშენებლობა, ავიამშენებლობა და მრავალი სხვა.

აღარ ეცალა ქართველს მხარ-თეძოზე წამოსაწოლად და აღარც მავნებლობისა და დივერსიული საქმიანობისთვის. და თუ ვინმემ მაინც მოიცალა საამისოდ, მაინც იპოვა გზები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად და დასავლეთთან საჯაშუშოდ, უხეშად მოიცილეს თავიდან. თვითონ კი განაგრძეს არნახული აღმშენებლობის პროცესი – ელექტროფიკაცია, ინდუსტრიალიზაცია, კულტურული რევოლუცია, ჯანდაცვის დაწესებულებების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების, კურორტების, სანატორიუმების, დასვენებისა და გართობის ცენტრების, უნივერსიტეტების, ინსტიტუტების, ტექნიკური და პროფტექნიკური სასწავლებლების, სკოლების, საბავშვო ბაგა-ბაღების, კინოთეატრების, კულტურის სასახლეების, გზების, პარკების მშენებლობა; მშენებლობა სოფლად და მშენებლობა ქალაქად, მშენებლობა მიწის ზემოთ და მშენებლობა მიწის ქვემოთ; რკინიგზები, ხიდები, ესტაკადები, გვირაბები, მეტროპოლიტენი; სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო ტრანსპორტი; კავშირგაბმულობა; რადიო, ტელევიზია და ა.შ. რაც მთავარია, ყველაფერი სახალხო და ყველაფერი ხელმისაწვდომი. შემდეგ კი, დასავლურ ფაშიზმთან უსასტიკესი ომი და არნახული გამარჯვება…

კი, კი, გლოვის დღეა ნამდვილად, რადგან ვითომ პატრიოტების, სინამდვილეში კი დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტურისა და მათივე „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენელთა ძირგამომთხრელი საქმიანობით დაიკარგა და განადგურდა ეს ყველაფერი; დაიხურა კვლევითი ინსტიტუტები, უფუნქციოდ დარჩა ოდესღაც სახელგანთქმული მეცნიერებათა აკადემია; ჯართად გაიყიდა ფაბრიკა-ქარხნები; დაინგრა და გაიძარცვა, რისი დანგრევა და გაძარცვა შეიძლებოდა; საქართველო სამ ნაწილად დაიშალა; მოსახლეობა განახევრდა; შრომისუნარიანი ნაწილი გარბის ქვეყნიდან…

უცნაური კი ისაა, რომ დასავლეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული ამ უბედურების გამო არავინ გლოვობს, საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი იმ ისტორიის გამო გლოვობენ, რომელმა ისტორიამაც ქვეყანა ააშენა და ააყვავა; უსაფრთხოების გარანტიები მისცა; თავისუფალი შრომის პირობები შეუქმნა; კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო, პირველ სოციალისტურ კავშირში შემავალ მოწინავე რესპუბლიკად ჩამოაყალიბა.

ქართველთა დიდ ნაწილს ისე აუბნიეს თავ-გზა, რომ იმას გლოვობენ, რასაც უნდა ზეიმობდნენ და, იმას ზეიმობენ, რასაც უნდა გლოვობდნენ.

მიდით, ქართველებო, ჟორდანიას, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ზურაბიშვილის გზაზე ილოცეთ, სტალინის გზა კი წყევლა-კრულვით მოიხსენიეთ. ჯერ კიდევ როდის დაგისვათ დიაგნოზი ილია ჭავჭავაძემ: „მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი!“ – წერს ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა