ჩვენი მხარდაჭერა 55 %-დან 60 %-მდეა, ოპოზიციას რაც შეეხება, ნაცმოძრაობის ბოლო რეიტინგი იყო 18 % და დღევანდელი მოცემულობით, ვერცერთი სხვა პარტია ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ასეთ პირობებში, ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში რჩება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს კოალიციური მთავრობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.
მისი თქმით, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი, განწირულია მარცხისთვის.
„პოლონური მოდელი რაც არის, აღარ მინდა, ჩავუღრმავდე, ძალიან კარგად იცის ყველამ, ვინც ერკვევა ამ საკითხებში. ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში 55%-დან 60%-მდე მერყეობდა ჩვენი მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგ არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 55-დან 60-მდე გვაქვს ურყევი მხარდაჭერა გასული ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებისგან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში კოალიცია პრაქტიკულად გამორიცხულია. რა თქმა უნდა, წინ არის კიდევ დაახლოებით 7-8 თვე, ვიდრე არჩევნები ჩატარდება, მაგრამ არსებით ცვლილებებს არ ველოდებით.
აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი, განწირულია მარცხისთვის – ეს ერთი, მეორე – როცა საუბრობენ კოალიციაზე, აქ იგულისხმება სინამდვილეში ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში. გასაგებია, რაც იგულისხმება ამ ყველაფერში; ნაცმოძრაობის გარშემო უნდა შეიქმნას კოალიცია, იქ ჩაერთვებიან სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“ და ასე შემდეგ. ეს ყველა ერთი ხალხია, ერთი ნიშნით არიან ისინი წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საუბრობს ნაცმოძრაობის დაბრუნებაზე ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია.
ვერანაირი შეფუთვით „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. ერთი ფაქტორი, 55-დან 60%-მდეა ჩვენი მხარდაჭერა, ოპოზიციას რაც შეეხება, „ნაცმოძრაობის“ ბოლო რეიტინგი იყო 18%. 20%-ს არიან ჩამოცილებული ძალიან დიდი ხანია და ვერცერთი სხვა პარტია, დღევანდელი მოცემულობით, ვერ ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ასეთ პირობებში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება რჩება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებდა.
„ის არ არის კრიტიკული, ის არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შეამდგენელი ნაწილი. ამიტომ ემთხვევა ერთ-ერთში მისი რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას. მე შეგახსენებთ, როდესაც საუბარია ანტიდასავლურ ქმედებებზე, ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როდესაც ამბობდა, რომ ჩვენ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებდა სტატუსის მისაღებად. ის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ პირდაპირ აწარმოებდა აგიტაციას. სწორედ ეს არის ანტიდასავლური ქმედებები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა“, – განაცხადა კობახიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს