ამ პოსტს ვაქვეყნებ მათთვის, ვინც ურმით მოსულ სამართალზე ხელი ჩაიქნია – ნინო მიქიაშვილი

434
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი მისი ძმის, გიორგი მიქიაშვილის დაკავებას და პატიმრობას იხსენებს, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ წამების მსხვერპლად აღიარა, სახელმწიფოს 12 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა  და საქმის ხელახალი გამოძიება დაავალა.

“21 წლის სტუდენტი და წარმატებული ფეხბურთელი, გიორგი მიქიაშვილი 2005 წლის 29 ოქტომბერს დოლიძის ასახვევთან, კაფე „მალიბუსთან“, მეგობრებთან და მათ მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, როგორც ყაჩაღი ისე დააკავეს. რამდენიმე წუთში გადამღებ ჯგუფთან ერთად იქ გაჩნდა შსს-ს პრესსამსახურის იმჟამინდელი უფროსი გურამ დონაძე.

მან შემთხვევის ადგილზე შს იმჟამინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მიიყვანა – ხედავთ, როგორ მუშაობს საპატრულო პოლიცია?! აგერ „ლოტკინის ბანდის“ წევრები აიყვანესო (ვინც იკითხავთ რატომ ლოტკინი, იმათ განგიმარტავთ, რომ გიორგი ლოტკინზე დაიბადა, გაიზარდა და ბავშვობის მეგობრები დღემდე ლოტკინზე ჰყავს).

დოლიძის ასახვევთან 11 საპატრულო ეკიპაჟი იყო მისული. დაკავების ვიდეოკადრები, მათ შორის შავი მასალა, რომელიც ბატონმა დონაძემ ტელევიზიებს მიაწოდა, შენახული მაქვს. ამ კადრებში ჩანს სასტიკად ნაცემი, ხელბორკილდადებული გიორგი მიქიაშვილი.

დოლიძის ქუჩიდან გიორგი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც ბორკილდადებულს გამომძიებელმა თავზე ჭიქა გადაამსხვრია.

ეს ღამით ხდებოდა. მისი დაკავების ამბავი მე დილის ცხრა საათზე შემატყობინეს. 31 ოქტომბერს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. უკლებლივ ყველა არხი სასამართლო დარბაზში იყო, შსს-ს იმჟამინდელი პრესსამსახურის გურამ დონაძის მითითებით. გისოსებს მიღმა მყოფ გიორგი მიქიაშვილს სახეზე ესკორიაციები და სისხლნაჟღენთები ჰქონდა.

დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა გაიგეს და შემდეგ მათი მეშვეობით ყველამ შეიტყო სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე – „ბანდის წევრობა“ არავის უხსენებია; გიორგის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლი მიუყენეს და წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ფეხბურთი უკან დარჩა, ნახევარი ჯანმრთელობაც ციხეში დატოვა. ერთ წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდეს. სასჯელი სრულად მოიხადა – 2005-ის 29 ოქტომბერს დააკავეს და 2007-ის 28 აპრილს გაათავისუფლეს.

2006 წლის მაისში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მივმართეთ. გადაწყვეტილება 2012 წლის 9 ოქტომბერს გამოვიდა – ევროსასამართლომ გიორგი წამების მსხვერპლად აღიარა და სახელმწიფოს დააავალა მისთის 12 000 ევროს გადახდა და მისი საქმის ხელახალი გამოძიება.

აი, ამ დავალების ფარგლებში არაერთი მიმართულებით არის დაწყებული გამოძიება. ერთი მიმართლება დასასრულს მიახულოვდა და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სამი პოლიციელი პასუხისგებაშია მიცემული. ისინი საბრალდებო სკამზე სხედან, ოღონდ სააპატიმროში არა – 5 ივნისს დანიშნულ პროცესზე თავ-თავიანთი სახლებიდან მოვლენ.

ახლა ველოდები იმ დღეს, როცა საბრალდებო სკამზე ვნახავ ციხის ჯალათებს, რომლებიც ჩემი ძმის პერმანენტულ წამებაში მონაწილეობდნენ, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და რუსთავის N6 საპატიმროში. მათ გვარები ვიცი და სახეებიც შესანიშნავად მახსოვს.”- წერს ნინო მიქიაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE