ბოლო ამბები
14/12/2024

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა წარადგენს

გაზიარება

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა წარადგენს.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.

საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ/

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა. სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება, 2020 წელს გაეყალბებინათ არჩევნების პარალელური ხმების დათვლის (ე.წ. „პივიტის“) შედეგები, გაევრცელებინათ ყალბი ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებულმა ყალბმა დასკვნამ და განცხადებამ „ყველაზე ცუდი არჩევნების“ შესახებ შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟს და არჩევნების შედეგების არაღიარებას, რის საფუძველზეც რადიკალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ და ქვეყანას მთელი ერთი წლის მანძილზე მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, მდიდარი „ენჯეოები“ 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს. ისინი რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მეორედ 2022 წლის ივნისში მოექცნენ, როდესაც მათ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ ვერმიღების საბაბით, მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, სადაც საკვანძო თანამდებობები თავად უნდა დაეკავებინათ.

მაშინ მდიდარი „ენჯეოები“ ვა-ბანკზე წავიდნენ და საკუთარი პოლიტიკური შინაარსი და რადიკალური დღის წესრიგი სრულად გააშიშვლეს, რადგან შედეგის მიღწევისა და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი ჰქონდათ. თუმცა, საბედნიეროდ, საზოგადოების გამოცდილებისა და პრაგმატულობის წყალობით, რევოლუციური სცენარი არ შედგა. სამაგიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ მიიღო სრული ინფორმაცია ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციური და რადიკალური დღის წესრიგის შესახებ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ 2022 წელს გამართულ ყველა საპროტესტო აქციაში, რომელთა უმთავრესი მოთხოვნა სანქციებთან მიერთება და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა იყო.

ასევე, ყველას გვახსოვს მდიდარი „ენჯეოების“ ერთ-ერთი ლიდერის შემდეგი განცხადება: „რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“. დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, თუ რა შედეგებამდე მივიყვანდით ჩვენს ქვეყანას, მათი კარნახით და ომისკენ მათი მოწოდებების შესაბამისად რომ გვემოქმედა. წლების მანძილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ მიზნით, ისინი ახორციელებენ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების სტიგმატიზებას. მიუხედავად იმისა, რომ „ენჯეოებმა“ დღემდე ვერ წარმოადგინეს სასამართლო საქმეები, რომლებიც სასამართლოში სისტემური ან თუნდაც, მეტ-ნაკლებად სერიოზული არა-სისტემური პრობლემების არსებობას დაადასტურებდა, ისინი დღესაც არ ამბობენ უარს ზემოაღნიშნული კამპანიის წარმოებაზე და გაუმჭვირვალე ფინანსების გამოყენებით, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის შერყევას ცდილობენ.

გარდა ამისა, მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალურ პარტიებთან ერთად, თავს ესხმოდნენ სასამართლო ხელისუფლებას იმ საქმეების გამო, რომლებსაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ეს იყო „რუსთავი 2-ის“, გიორგი უგულავას, ნიკანორ მელიას, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეები, რომლებთან დაკავშირებითაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების დისკრედიტირებას აქტიურად ცდილობდნენ. შეგახსენებთ, რომ ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები გაიზიარა, რამაც „ენჯეოების“ მიერ წარმოებულ კამპანიას ცივი წყალი გადაასხა. შეგახსენებთ იმასაც, რომ „ენჯეოებს“ არ ჰქონდათ არავითარი რეაქცია, როდესაც ყოფილ და მოქმედ ქართველ მოსამართლეებს, „ბანგალორის პრინციპების“ წინააღმდეგ, ფაქტობრივი სანქციები შეუფარდეს და იგივე სანქციები მათი ოჯახის სრულწლოვან და არასრულწლოვან წევრებზეც გაავრცელეს, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში შელახვის უკიდურესი ფორმაა.

ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ე.წ. სამოქალაქო სექტორისთვის სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებს ჩალის ფასიც კი არა აქვს. გარდა ამისა, „ენჯეოები“ აქტიურად არიან ჩართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასა და ე.წ. „ლგბტ“-პროპაგანდაში; კამპანიებში, რომელთა მიზანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაა; საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის მხარდაჭერაში; საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში და ა.შ. სამწუხაროდ, მდიდარი „ენჯეოების“ ზემოაღნიშნულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა. ასევე, არავის აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 2020 წელს უცხოური დაფინანსებით წარმოებდა არჩევნების დელეგიტიმაციის ყალბი კამპანია რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მთელი რიგი მედიასაშუალებების მიერ.

ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ ისტერიულ კამპანიას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი, საქართველოში არა ამ ქვეყნის, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა. როგორც შემდეგ გაირკვა, მას ბევრი რამ ჰქონდა დასამალი. „ენჯეოების“ დაფინანსების სრული გაუმჭვირვალობის მიუხედავად, შარშან ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომლებიც რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. კერძოდ, გასული ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია „დროას“, ფრანკლინის კლუბის, კანვასის ტრენინგების, აგრეთვე უცხოური ფონდებიდან სხვა გაერთიანებებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას უწყობდა ხელს. „დროას“ დაფინანსება და სხვა მსგავსი შემთხვევები გვიჩვენებს, თუ რამდენად უხეშია შესაბამისი უცხოური ძალის დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ისევე, როგორც, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ. განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება მკაცრად იზღუდება და საქართველოს კანონმდებლობაც ამ მიდგომით არის გაწერილი.

ამ ფონზე, „დემოკრატიის ევროპული ფონდი“ (EED) სრულიად უხეშად მოქმედებდა და პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო მიზნებით თავხედურად აფინანსებდა. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატიის ევროპულმა ფონდმა“ უკვე მოახდინა არალეგიტიმური გავლენა 2024 წლის არჩევნებზე, რაც აუცილებლად მოხვდებოდა ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში, შესაბამისი „ენჯეოები“ იგივე წყაროებიდან რომ არ იღებდნენ დაფინანსებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ გვიკვირს, რომ ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, „რუსულ კანონად“ მონათლა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელჩის პირობებში, საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა, გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა მართალია შესუსტდა, მაგრამ ამგვარი პრაქტიკა სრულად აღმოფხვრილი არ არის. გარდა ამისა, კვლავაც გაუმჭვირვალე რჩება „ენჯეოების“ დაფინანსების 90 პროცენტზე მეტი.

ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველაზე მსხვილი ამერიკული და ევროპული ფონდების, მათ შორის „დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ (EED) ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა, ვერ მივაღწიეთ ვერავითარ პროგრესს ამ ფონდების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ ვერ ვიქნებით კონკრეტული ელჩების კეთილგანწყობის იმედად. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა მხრიდან არის დასაცავი. ასეთ პირობებში, მიგვაჩნია, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობას საქართველოში ალტერნატივა არა აქვს. რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე, რომელიც მათ წინაშე „ენჯეოების“ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებდა.

ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან.

იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვნად შესუსტდა რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა. თუმცა, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში. ჩვენ არაერთგზის ვცადეთ გამჭვირვალობის პრობლემის სრულად აღმოფხვრა, თუმცა, უშედეგოდ. პირვანდელი დაპირებების მიუხედავად, დონორებმა, საბოლოოდ, უარი თქვეს დაფინანსების გასაჯაროებაზე და ბოლოს, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების გზავნილებს ვეღარც პასუხობდნენ. იმ ვითარებაში, როდესაც სრულყოფილი შედეგი არ დადგა და საზოგადოებამაც ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო საკითხის შესახებ, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიცირებას ალტერნატივა არა აქვს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არმიღების ლოგიკური პირობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პრაქტიკული უზრუნველყოფა იყო, რაც, სამწუხაროდ, საელჩოებთან და დონორებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგაც ვერ იქნა მიღწეული. მეტიც, ვხედავთ, თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოში რადიკალიზმის მხარდაჭერა წინა 3 წელიწადთან შედარებით შესუსტებულია, ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან, როგორც ცნობილია, მოჩვენებითი სიჩუმე ხშირად ქარიშხლის მომასწავებელია. სამწუხაროდ, დონორები კვლავაც უარს ამბობენ, ქართველ ხალხს გაუმჟღავნონ, თუ ვის და რისთვის აფინანსებენ საქართველოში. სადაც დონორები არ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა ჩვენი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს. სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა, ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ. შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი ე.წ. არგუმენტი ცარიელი სიცრუე იყო.

წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, თუ რა მასშტაბის სიცრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომლის გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე“, – აღნიშნულია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში.

სხვა ამბების წაკითხვა