ბოლო ამბები
მაისი 21, 2024

კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს – ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერის კომენტარზე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით

აპრ12,2024
გაზიარება

მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როდესაც გამოეხმაურა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის კომენტარს უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა.

„რაც შეეხება კანონს გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია ბატონ კანცლერთან. მე განვუმარტე მას ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას. გვქონდა საუბარი ამ ყველაფრის მიზეზებზე, მათ შორის, განვმარტეთ ისიც, თუ რამ განაპირობა კონკრეტულად ამ დროს ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება. ეს არის ის, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა.

არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მე განვმარტე ძალიან მკაფიოდ ისიც, რომ ძალიან მოკლეა ეს კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ ყოველწლიური ანგარიშის დეკლარირება, მეტი არაფერი. რა შეიძლება იყოს ამაში პრობლემური დემოკრატიისთვის, ეს არის გაუგებარი, პირიქით, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგები ექნება ამ ყველაფერს დემოკრატიისთვის.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს განხილული სათანადო მსჯელობის, ღია მსჯელობის პირობებში. თქვენ გახსოვთ შარშან ყველანაირად არიდებდნენ თავს დისკუსიას გამომდინარე იქიდან, რომ შარშანაც მიაჩნდათ, შინაარსი იყო ჩვენი ველი. ჩვენ შინაარსობრივად ვართ მყარად, ამ კანონის შინაარსის თვალსაზრისით არის ყველაფერი გამართულად. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის ძალიან ღია დისკუსია ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ნუ გაურბიან დისკუსიას.

რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყოს 6-გვერდიანი თავისი მოცულობით. ეს არის ბიუროკრატიის ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება წესრიგში და ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს“, – განაცხადა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა