ბოლო ამბები
11/12/2024

“გირჩი” (იაგო ხვიჩია) არ უერთდება დანარჩენი ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს

გაზიარება

“გირჩი” (იაგო ხვიჩია) არ უერთდება დანარჩენი ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს. ამის შესახებ განცხადება მათ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

1. რას ეძახიან ოპოზიციური პარტიები „ბოიკოტს“? ეს როცა სესიაზე გიწევდა მისვლა, რომ დარეგისტრირებულიყავი, თორემ ისე ხელფასს ჩამოგაჭრიდნენ, ახლა კი შეგიძლია საერთოდ არ იარო, მაგრამ ხელფასიც გექნება, პარტიული დაფინანსებაც, მანქანაც და ყველა სხვა სიკეთე, რაც დეპუტატობას მოჰყვება.
2. რა პერიოდზე ვრცელდება „ბოიკოტი“? ყველაზე მეტი, ბოიკოტი შეიძლება გაგრძელდეს სამი სასესიო კვირა, ანუ დაახლოებით, 10-12 სამუშაო დღე, ვინაიდან პარლამენტი ივნისის ბოლოს წყვეტს მუშაობას და თუ არა რაიმე ფორს-მაჟორი, აღარ შეიკრიბება, სანამ ახალ პარლამენტს არ ავირჩევთ.
3. რატომ აცხადებენ ბოიკოტს? ეს უფრო რთული კითხვაა, ამიტომ აქაც ჩავშლი.

3.1 ოპოზიციური დეპუტატების უდიდესი ნაწილი, ჩვენდა სამწუხაროდ, პარლამენტში დიდად არც არაფერს აკეთებს. ეს ასე რომ არ იყოს, ჩვენ სულ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით. მაგალითად, თავდაცვის კოდექს რომ 9 თვე ვებრძოდით, მხოლოდ ანი წითლიძე გვეხმარებოდა სისტემატურად, და 3-4 დეპუტატი ალაგ-ალაგ. არადა, 50 დეპუტატს ხმა რომ ამოეღო, ამ კანონს უბრალოდ ვერ მიიღებდნენ.

3.2 ქვეყანაში დაძაბულობაა, ხალხი მეტად რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვს, ჩემი კოლეგები კი ვერ ბედავენ თქვან, რომ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ, არც ის იციან, თუ როგორ მივიდნენ არჩევნებამდე, რომ ეს მუხტი შეინარჩუნონ, არც გამბედაობა აქვთ, რომ სიტყვა რევოლუცია გამოიყენონ (არათუ დაგეგმონ), ამიტომ საკუთარი რადიკალიზმის დასამტკიცებლად „ბოიკოტს აცხადებენ“.

3.3. პარლამენტი ერთადერთი ადგილია, სადაც ქოცებთან შეიძლება დებატებში შეხვიდე და ამომრჩეველს აჩვენო პოლიტიკური პროცესი და საკუთარი უნარები. ვინაიდან მეტი არსად ტარდება დებატები, თუ პარლამენტში არ დადიხარ, ესე იგი, ნორმალური პოლიტიკური სივრციდან გამოდიხარ. თუ პოლიტიკა გაინტერესებს, მაგრამ პარლამენტში არ გინდა სიარული, შეგიძლია დიდი მიტინგი შეკრიბო და იქ ხალხს საათობით ელაპარაკო. ასეთ პირდაპირ პოლიტიკას არაერთი ლიდერი იყენებდა, მათ შორის ზვიად გამსახურდია, მარტინ ლუტერ კინგი და ა.შ. ასეთი ლიდერები „შატალოზე მყოფ ოპოზიციაში“ არ იძებნება. ბოლო და მესამე გზა აკეთო პოლიტიკა, თუ ამ ორ გზაზე უარს ამბობ, რევოლუციის მოწყობაა, თუმცა, როგორც დავწერე, ამას არავინ გეგმავს. და რა გამოდის? ის, რომ ეს ხალხი საერთოდ არ არიან პოლიტიკოსები. მათ საჯარო პოლიტიკა სძულთ და ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რომ საჯარო პოლიტიკიდან გავიდნენ. პარლამენტში ლაპარაკის ნაცვლად ჩხუბს ირჩევენ, ხოლო მიტინგებს „აპოლიტიკურად“ და „სპონტანურად დაორგანიზებულს“ აცხადებენ და ჩრდილში რჩებიან.

4. რა შეიცვლება ამ ბოიკოტით? არც არაფერი, უბრალოდ, სასესიო დარბაზში ნაკლები გინება და ჩხუბი იქნება. ან მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ეს გმირული ოპოზიცია „ბოიკოტს“ „დროებით“ შეწყვეტს და „ვეტოს დაძლევის დროს დაბრუნდება დარბაზში“.

5. რატომ არ ვუერთდებით ბოიკოტს? ეს შეცდომა ჩვენ ერთხელ უკვე დავუშვით, ხოლო შეცდომების გამეორება არ არის ჩვენი სტილი.”- ნათქვამია “გირჩი”-ს წერილში.

სხვა ამბების წაკითხვა