ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, განსაკუთრებით იმ 4-წლიანი პროცესების ფონზე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში; ყველას გახსოვთ რევოლუციის 2 მცდელობა, რასაც დაემატა მე-3 მცდელობა წინა კვირების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი და ამერიკელი ხალხის ინტერესებშია, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
„გადახედვა ნამდვილად სჭირდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. მე ამაზე მქონდა გულწრფელი საუბარი ქალბატონ ელჩთან და მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ პატივისცემა პირადად მის მიმართ. ასევე, იგივე თემაზე მქონდა საუბარი ბატონ ო’ბრაიენთან. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, განსაკუთრებით იმ 4-წლიანი პროცესების ფონზე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. ყველას გახსოვთ რევოლუციის 2 მცდელობა, დაემატა მე-3 მცდელობა წინა კვირების განმავლობაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები საჭიროებს გადახედვას. რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხისა და ამერიკელი ხალხის ინტერესებში, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ შევიდა კრიზისში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.
„არ ვიცი, რატომ იყო რევოლუციის 2 მცდელობა 2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს. არ ვიცი, რატომ იყო ასეთი მცდელობები. ფაქტია, რომ წინა ელჩმა ძალიან ბევრი რამ გააფუჭა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ წლების განმავლობაში, ამას სჭირდება გამოსწორება. პირდაპირ იდგნენ, მათ შორის ამერიკიდან დაფინანსებული NGO-ები რევოლუციურ სცენაზე, როდესაც მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის ჩამოყალიბება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ამიტომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს შედის როგორც ქართველი ხალხის ინტერესებში, ასევე, მე მჯერა, ამერიკელი ხალხის ინტერესებშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს