ბოლო ამბები
21/03/2025

გავკარი ბიძინას 30 ფულის ერთეულს, ნუ დავაკისრებთ ბიჭებს ერის მამობას და ნუ მოვითხოვთ მათგან ერის ” ვარსკვლავბიჭუნობას” – დავით ბერძენიშვილი

გაზიარება

გავკარი ბიძინას 30 ფულის ერთეულს( მან მილიონის გარდა ფულის სხვა ერთეული არ იცის კაი ხანია – ბავშვობაში კაპიკი იყო მისთვის ფულის ერთადერთი ერთეული, კომპლექსის ამბავია. რატოა მაინცდამაინც 30, მის ტვინში ვერ ჩავიხედავ”– წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში და მიიჩნევს, რომ საფეხბურთო ნაკრების წევრების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობის გამო ისინი არ უნდა შეიძულონ და ნურც ერის “ვარსკვლავბიჭუნობას” მოსთხოვენ.

“ჩემი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი ვოვა გუცაევია, ნახევარი საუკუნეა, ასეა. რამდენიმე წლის წინ დამირეკა( ლევანის ტელეფონი უნდოდა) და რომ მითხრა, ვოვა გუცაევი ვარო, ფეხზე წამოვდექი – გაშტერდა ოჯახი(სახელმწიფოს უფროსებს ტელეფონით რომ ნორმალურად, ადეკვატურად, დამჯდარი ველაპარაკებოდი ხოლმე, შესწრებიან). ამ გაზაფზულზე პირველი არხის შენობის წინ შემთხვევით შევხვდი და მაგრა გავიხარე.

ჰოდა, დინამოს ტოტენჰემთან განმეორებითი მატჩის წინ “მთელს საბჭოთა ხალხს” მიუძღვნა მომავალი მატჩი( 1:5 წავაგეთ. სულ თავით გაგვიტანეს – ” პირველი მერცხალი” მერე გადაიღო ნანა მჭედლიძემ – ამ თამაშის ინსპირაციით, ეტყობა).

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ ძალიან არ მიყვარდა, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვს და მერე სტუდენტს, საბჭოთა კავშირი, ფეხბურთშიც და ჰოკეიშიც მოწინააღმდეგეს ვგულშემატკივრობდი – გულზე რომ СССР ეწერათ რუსეთის იმპერიის ნაკრების, ანუ სსრკ- ს კაპიტან ხურცილავას თუ კაპიტან ჩივაძეს, ასევე შენგელიას, დარასელიას, ჩელეს, სულაქველიძეს თუ ვისაც გინდა, მაინც სსრკ-ს მოწინააღმდეგის მხარეს ვიყავი.

ამას ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ ახლაც ისევე გავიხაროთ და დავაფასოთ ეს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები, როგორც ძველები ვაფასებდით იმ ჩვენს სათაყვანებელ ნაკრებს – “თბილისის დინამო” რომ ერქვა.

სულ მეკიდა დისიდენტს და დაჭერის მოლოდინში მყოფს ვოვას ” ვსემუ სავეტსკომუ ნაროდუ”; ვოვა და ვიტალი იყვნენ მთავარი ქართული გოლების ავტორები 1978 წლის 14 აპრილის თაობისთვის.

გავკარი ბიძინას 30 ფულის ერთეულს( მან მილიონის გარდა ფულის სხვა ერთეული არ იცის კაი ხანია – ბავშვობაში კაპიკი იყო მისთვის ფულის ერთადერთი ერთეული, კომპლექსის ამბავია. რატოა მაინცდამაინც 30, მის ტვინში ვერ ჩავიხედავ.

ამ ფულის ნაწილს საკუთარ უბანსა თუ რაიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას თუ რაიმე სხვა კეთილ საქმეს მოახმარენ, სავარაუდოდ.
არაა ეს ჩვენი საქმე.

ნუ დავაკისრებთ ბიჭებს ერის მამობას და ნუ მოვითხოვთ მათგან ერის ” ვარსკვლავბიჭუნობას”, რათა მალევე გველეშაპებად გადავაქციოთ და დავმარხოთ. მათ უყვართ საქართველო. ჩვენც გვიყვარს საქართველო. მორჩა, ესაა ყველაფერი. საქართველო ფორმაშია! და ქართველი ბობანიც თავად აღმოცენდება!- წერს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა “ქართუ”-მ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონი ლარი ჯილდოს სახით გადასცა.

 

სხვა ამბების წაკითხვა