78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მევიოლნე ლიანა ისაკაძე. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ სოციალურ ქსელში.
ლიანა ისაკაძე 1946 წლის 2 აგვისტოს დაიბადა თბილისში.
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1974). თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე. იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა,3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. თბილისის საპატიო მოქალაქე (2016). ბათუმის საპატიო მოქალაქე (2016)
პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში პროფესორ ლეო შიუკაშვილის ხელმძღვანელობით. 1956 წელს (10 წლისა) რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა (I პრემია), 1957 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის (მცირეწლოვანების გამო პრემია არ ერგო), ხოლო 1961 წელს — საკავშირო კონკურსის ლაურეატი (II პრემია). 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია (პროფესორ დავით ოისტრახის კლასი). 1971 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია. ისაკაძე მუსიკის შემსრულებელთა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის, პარიზი, 1965, I პრემის; ჩაიკოვსკის სახელობის, მოსკოვი, 1970, III პრემია; სიბელიუსის სახელობის, ჰელსინკი, 1970, I პრემია).
1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა. მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. ქართველი კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების (მაგ. ოთარ თაქთაქიშვილის სავიოლინო კონცერტის) პირველი შემსრულებელია. გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში — „სიბელიუსი“ (1975). მის შესახებ გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი (1974).
გასული საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას. 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე მრავალი წელია „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობდა. 1992 წელს ინგოლშტადტში ლიანა ისაკაძემ დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1979). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.
ლიანა ისაკაძემ 1982 წელს საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს “ღამის სერენადები”.
Multimedia.ge მწუხარებას გამოთქვამს მუსიკოსის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს