ბოლო ამბები
01/12/2024

ახლა ეს კაცი, რომელიც ფოტოდან სანდომიანი სახით შემოგყურებთ კვლავ უნივერსიტეტის რექტორია, ველოდები ლევან ბერძენიშვილს როდის დაასახელებენ რომელიმე უნივერსიტეტის რექტორად

გაზიარება

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად გია ხუბუას დანიშვნას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“მესმის, რომ დრო ბევრ მოვლენას აფერმკრთალებს. ზოგჯერ დამნაშავეებსაც წყალობს. საქართველოში ეს ნამდვილად ჩვენს თვალწინ მოხდა და გია ხუბუაც ამისი ნათელი მაგალითია.
იმ პროფესორთაგან, რომლებიც 2006-2007 წლებში ხუბუას სამართლიანად უპირისპირდებოდნენ, დიდი ნაწილი გარდაიცვალა. ბატონი ხუბუაც, დარწმუნებული ვარ, ფიქრობს, რომ ყველამ ყველაფერი დაივიწყა… ვისაც 2006 წლის მოვლენები ახსოვდა, ან გარდაიცვალა… ან დაიღალა და გაჩუმდა… ან დაავიწყდა ხუბუას “საგმირო საქმეები”… ჰოდა, გვიღიმის.
რა საქმეები? უნივერსიტეტის რექტორობა უკანონოდ ჩაიგდო ხელში! (საერთოდ, რატომ უნდა გამხდარყო რექტორი, რომელი სამეცნიერო მიღწევებისა და დამსახურების გამო?!)

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს უჩივლა და ხულიგნობის მუხლით გაასამართლებინა! მანამდე უნივერსიტეტის ავტონომიისათვის მებრძოლი ეს ხალხი (აკადემიკოსები) სააქტო დარბაზში ჩაკეტა, წყალს ეზოდან ვაწვდიდით… ყველაზე მთავარი- ვითომ რეფორმის სახელით უნივერსიტეტი დაანგრია… ამ ნანგრევების ნაყოფს დღეს ვიმკით.
ახლა ეს კაცი, რომელიც ფოტოდან სანდომიანი სახით შემოგყურებთ, კვლავ უნივერსიტეტის რექტორია. ამჯერად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი! მაგრამ სხვა ფაქტორიც არანაკლებად საინტერესოა- ხელისუფლების პირველი პირების ნდობით აღჭურვილი რექტორია, უბრალო რექტორი არაა, მეგობრებო.

აკრიფეთ ინტერნეტში: უნდა გადარჩეს უნივერსიტეტი! ასევე- დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი (2004-2013). გიორგი გოგოლაშვილი.
გარწმუნებთ, დოკუმენტურადაა აღწერილი ყველა ის უბედურება, რაც ლომაიას განათლების მინისტრობას და ხუბუას რექტორობას მოჰყვა!

P.S. ველოდები ლევან ბერძენიშვილს როდის დაასახელებენ რომელიმე უნივერსიტეტის რექტორად, არც ეს გამიკვირდება.”- წერს ირმა ინაშვილი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენდა.

სხვა ამბების წაკითხვა