პუტინთან შეხვედრამდე, სააკაშვილმა გამომიგზავნა ოქრუაშვილი და მითხრა, კარგი იქნება, თუ პუტინი გახსენებსო (ვიდეო)

752
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე პერიოდს, როდესაც მასთან ირაკლი ოქრუაშვილი მივიდა და სთხოვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ შეხვედრაზე საუბრისას  პუტინი ვალერი ხაბურძანიას ახსენებდა.

“წასვლის წინ გამომიგზავნა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც მითხრა, მიშა მიდის მოსკოვში, იქ არაფორმალური საუბრებში, კარგი იქნება თუ პუტინი შენ გახსენებსო, მიშას ეს სჭირდებაო. გულში კი გამკრა, მაგრამ რა გამოსავალი მქონდა, მთხოვენ, რომ რაღაც მოქმედება გავაკეთო, მივხვდი, რომ ეს სააკაშვილის დავალება იყო, მეც გადავრეკე მოსკოვში და ვუთხარი, რომ ასეთი თხოვნა აქვთ და თქვენ შეგიძლიათ, ობიექტურად უთხრათ ჩემზე რა აზრის ხართ თქო?  სხვათაშორის მკითხეს, გჭირდება შენ ეს? და  ვუთხარი, მე არა, ეს სჭირდება სააკაშვილს.

მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ოქრუაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მიშა ძალიან გაბრაზებულიაო, პუტინმა შეჭამა შენი გულისთვის სააკაშვილი, რა კარგი ბიჭიაო და ხომ იცი, მიშა ასეთ რაღაცებზე ბრაზდებაო, ცოტა მეტი მოუვიდა პუტინსო. მე ვუთხარი, რომ გამორიცხულია და ასეთი რამ არ ხდება, მან მიპასუხა, მიშამ რაც მითხრა იმას გეუბნებიო .

მე გადავრეკე მოსკოვში იმ ადამიანებთან, ვინც ამ თემაში იყო ჩახედული და მათ მითხრეს, რომ შენ როგორც გვითხარი, ერთადერთხელ, დილის საუზმეზე სააკაშვილთან საუბარი იყო ანტიტეროტისტულ ცენტრზე, რასაც სააკაშვილი ჰპირდებოდა, რომ გახსნიდა ბათუმში და მაშინ აღნიშნა პუტინმა, რომ თქვენი მინისტრი რომ იყო, ხაბურძანია, კარგი ახალგაზრდა იყო, კარგად თანამშრომლობდა ჩვენთან და კარგი შედეგები ჰქონდაო.

2008 წლის ომის გამოძიების დროს, სააკაშვილმა ეს ყველაფერი შეატრიალა და თავის ჭკუით სათავისოდ გამოიყენა, რაღაც სისულელეები თქვა, თითქოს პუტინმა სთხოვა ჩემი დატოვება მინისტრის თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მან  იცოდა, რომ აღარ ვიყავი მინისტრი, თუმცა სააკაშვილმა ამაზე უარი უთხრა მას, რის გამოც პუტინი გაბრაზდა” – განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ “ობიექტივი”-ს ეთერში ჩართვისას.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 2006 წელს შეხვდნენ.

თქვენი კომენტარი?