ოქტომბრიდან იწყება ხელფასების ზრდა ყველა სტატუსმიღებული მასწავლებლისთვის – მამუკა ბახტაძე

483
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩვენი ეროვნული იდეა – განათლება არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც გადაგვიდგამს დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა.” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამკა ბახტაძემ, რომელიც პედაგოგებს შეხვდა.

“დღეს შევხვდი ჩვენს პედაგოგებს საქართველოს ყველა კუთხიდან და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ეროვნული იდეის – განათლების მხარდაჭერისთვის.

უკვე საკანონმდებლო დონეზე არის გარანტირებული, რომ ყველა ხელისუფლება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ვალდებული იქნება, ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე.

ეს გაკეთდა სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ჰქონდეს სტრატეგიული განვითარების ხაზი; მშობლებს ჰქონდეთ გარანტია თავიანთი შვილების წარმატებული მომავლისა და ახალგაზრდებს ჰქონდეთ თავიანთი ნიჭის სრულფასოვანი რეალიზაციის შესაძლებლობა საქართველოში.

ჩემთვის ტრაგიკულია იმ რეალობის წინაშე ყოფნა, რომ საქართველოში არსებულ ისედაც მცირე საშუალო ხელფასთან შედარებით, მასწავლებლები რიგ შემთხვევებში 2-ჯერ ნაკლებ ანაზღაურებასაც კი იღებდნენ.

ჩვენი ეროვნული იდეის მიხედვით, სწორედ პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს ყველაზე დაფასებული და პრესტიჟული. ჩვენი მასწავლებლები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც უზრდიან ქვეყანას მომავალ საჯარო მოხელეებს, მეწარმეებს, სამხედროებს, პოლიციელებს, ინჟინრებს, ექიმებს, პროფესიონალ და პატრიოტ ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას სახელმწიფოს სიძლიერე.

როგორც რამდენიმე თვის წინ შევპირდი მასწავლებლებს – ოქტომბრიდან იწყება ხელფასების ზრდა ყველა სტატუსმიღებული მასწავლებლისთვის. ხელფასის ზრდა ამავე დროს შეეხება სკოლების ადმინისტრაციასა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს.

ჩვენ არ გვექნება პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები, საქართველოში ყველა სკოლა იქნება უმაღლესი კატეგორიის! ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში იყოს უმაღლესი დონის სკოლები და ამავე დროს გვჭირდება, ღირსეული საცხოვრებელი პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილი მაღალი რანგის პროფესიონალები.

ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ეს ინვესტიციები გარანტირებულია ბიუჯეტის 25%-ის მუდმივი მიმართვით განათლების სფეროში. ამავე დროს, ეს უზრუნველყოფს ყველა მასწავლებლისთვის ხელფასების ყოველწლიურ ზრდას, რომელიც 2022 წელს საშუალოდ მიაღწევს 2000 ლარს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პენსიონერ პრაქტიკოს მასწავლებლებს.  6000-მა პენსიონერმა მასწავლებელმა მიიღო გადაწყვეტილება პროფესიის დატოვების შესახებ და ოქტომბერში ჩვენ მათ მივცემთ 2 წლის ხელფასის ოდენობის ფულად ჯილდოს.

ესენი არიან ადამიანები, რომელთაც მადლობა ეკუთვნით მთელი საზოგადოებისგან.
ეს არის ხალხი, რომელმაც დაფინანსების და ინფრასტრუქტურის არქონის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში მავნებლური პოლიტიკის პირობებში, მუხლჩაუხრელი შრომით დღემდე მოიტანა განათლების სისტემა და მოგვცა შესაძლებლობა, 21-ე საუკუნეში დაგვეწყო ყველაზე გაბედული და ამბიციური პროექტი ქართული სახელმწიფოსთვის.

ძალიან მიხარია, რომ გამოცდილი პედაგოგების გვერდით ბევრი ახალგაზრდა გეგმავს გამოცდების ჩაბარებას და ამ პროფესიაში შესვლას. ცოდნა არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ! მე მწამს, რომ სწორედ ეროვნულ იდეას – განათლებას აქვს იმის ძალა და ენერგია, რომ დავძლიოთ ოკუპაცია, ეკონომიკური პრობლემები და შევქმნათ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო.

ჩვენი სახელოვანი წინაპრები ყველა ეპოქაში, სახელმწიფოს ქვაკუთხედად მიიჩნევდნენ განათლებას. პირველმა რესპუბლიკამ 1918-1921 წლებში, მიუხედავად უდიდესი განსაცდელისა, შეძლო 1000-ზე მეტი ახალი სკოლის გახსნა.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გმირი წინაპრების ისტორიულ მისიას და ჩვენი ეროვნული იდეა – განათლება უზრუნველყოფს იმას, რომ მთელი მსოფლიო, 21-ე საუკუნეში კიდევ ერთხელ აღმოაჩენს საქართველოს, როგორც ყველაზე ნიჭიერი და განათლებული ხალხის სამშობლოს.”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თქვენი კომენტარი?