„როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რითაც გორში გაკეთებული განცხადების შემდეგ რადიკალების რეაქციებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა თუ რას გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაში.
მისივე განმარტებით მათი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ – საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში.
„ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველაზე მეტად სწორედ მათი სიტყვა და ქმედება ააშკარავებს. უკვე ორ თვეზე მეტია გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ ნაციონალებმა დაიწყეს, თუმცა, არცერთ მათგანს მცდელობაც კი არ ჰქონია, თავი ემართლებინა. გასაგებია, რომ ნაცმოძრაობის მიერ ომის გაჩაღების მტკიცებულებები ხელის გულზე დევს, გასაგებია, რომ ცნობილ რეზოლუციაზე ხმის მიცემით, შემდეგ კი ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, მათ საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც აღიარებული აქვთ, მაგრამ, ალბათ, მსგავს თვითლუსტრაციას მაინც არავინ ელოდა. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საკითხი სწორედ ის საკვანძო თემაა, რომელმაც მთელი აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან. მათი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ – საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს