მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება დავით უსუფაშვილის მიერ, მის შესახებ გაკეთებულ კომენტარს, რომელშიც ამბობს, რომ 2012 წელს, სააკაშვილმა, არჩევნებში დამარცხება უცხოეთიდან განხორციელებული ზარის შემდეგ აღიარა.
“12 წლის წინ მე მშვიდობიანად, ორგანიზებულად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადავაბარე ძალაუფლება. გუშინ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მე ეს თურმე გავაკეთე უცხოეთიდან ზარის შედეგად და ჩემი გუნდის ზეწოლის შედეგად.
მე არ მინდა დათოს რაიმე სახის კრიტიკა, უბრალოდ შესწორება – 2012 წლის 1 ოქტომბერს მას შემდეგ, რაც ტელევიზიით ვნახე ეგზიტპოლების შედეგები სულ რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ გამოვსულიყავი და მეღიარებინა მარცხი. ამ რამდენიმე წუთში არ მქონია საუბარი და შეხვედრა არავისთან და ვმოქმედებდი მხოლოდ ჩემი შიდა რწმენით და სიტუაციის სრული გააზრებით.
ასევე დათომ თქვა რომ მე უზომოდ მიყვარდა ძალაუფლება, ძვირფასო დათო, მე ძალაუფლება კი არ მიყვარდა, არამედ მიყვარდა სახელისუფლებო ინსტიტუტების გამოყენება ხალხის დასახმარებლად, საქართველოს ფეხზე წამოსაყენებლად, დიდი პროექტების განსახორციელებლად.
ძალაუფლება რომ არაფრად მიღირს, დავამტკიცე მოგვიანებით საქართველოზე მრავალჯერ დიდ უკრაინაში, სადაც სამჯერ ვთქვი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე უარი, იმიტომ რომ ვთვლიდი, რომ იქ არსებული კონფიგურაციით ვერ შევძლებდი ცვლილებების განხორციელებას.”- წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს