რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე-ფაქტო „ლიდერს” ედუარდ კოკითს პრეტენზიები აქვს საქართველოს კონტროლირებად ცალკეულ ტერიტორიებზე, როგორებიცაა გუდოს და თრუსოს ხეობები.
“ჩვენ გვაქვს პრეტენზიები. სერიოზულად დგას საკითხი გუდოსა და თრუსოს ხეობაზე, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია”, – თქვა კოკოითმა, რომელიც გამოეხმაურა ქართული მხარის (ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გაჟღერებულ ინიციატივას ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით.
კოკოითი მიესალმება ამ ინიციატივას, თუმცა, საუბრობს ცალკეულ საკითხებზე, რაც მოგვარებას საჭიროებს. ერთ-ერთი მათგანია ზემოთხსენებული ხეობები, რომელზეც ის პრეტენზიას გამოთქვამს.
„გამიხარდა ივანიშვილის განცხადება რომ მოვისმინე. ვიფიქრე, რომ დიახ, არიან პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს არც სამხრეთ ოსეთსა და არც აფხაზეთთან. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მანამდე ხელი მოვაწეროთ შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობაზე. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები. სერიოზულად დგას საკითხი გუდოსა და თრუსოს ხეობაზე, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია”, –თქვა კოკოითმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს