ბოლო ამბები
19/02/2025

ჩვენი უბედურება ისაა, ლიდერობის პრეტენზიის მქონეთა ჯარი რომ გვყავს, საქმე საქმეზე რომ მიდგება კი-არავინ

გაზიარება

“ჩვენი უბედურება ისაა, ლიდერობის პრეტენზიის მქონეთა ჯარი რომ გვყავს, საქმე საქმეზე რომ მიდგება კი-არავინ”– წერს სოციალურ ქსელში მხატვარი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე, რომელიც ოპოზიციის საპროტესტო აქციებს აფასებს.

“არჩევნების შემდეგ გასულმა რამდენიმე კვირამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რაც აქამდეც ვიცოდი: ჩვენი მთავარი პრობლემა ამ კონკრეტულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე არის ის, რამაც რუსულ რეჟიმს 12 წელი გააძლებინა-საზოგადოებას არ ჰყავს ლიდერი (ან ლიდერები). ვინ არის ნამდვილი ლიდერი და რითი განსხვავდება ის ფსევდო-ლიდერისგან? ჩვენი უახლოესი ისტორია ამ კითხვაზე მკაფიოდ გვცემს პასუხს-ნამდვილი ლიდერი (ლიდერები) არის პიროვნება, ვინც საზოგადოებაში ობიექტურად არსებულ უკმაყოფილების დიდ მუხტს ერთ მძლავრ მუშტად კრავს ისე, როგორც მზის სხივები იკვრება ლუპაში და ერთად აღებული ბევრად მძლავრ და მწველ ზემოქმედებას ახდენენ.

ნამდვილი ლიდერი იკვებება მასების ენერგიით და უკან მას გაათმაგებულად გასცემს, რითაც ხალხს აელექტრონებს და ბრძოლის ჟინს უათმაგებს, ნამდვილი ლიდერი ბრძოლაში ყოველთვის თავგანწირულია-ასეთი ლიდერი არასდროს გასცემს ფუჭ, ყალბ დაპირებებს, ხოლო თუ გასცემს, მისი შესრულებისთვის პირდაპირი მნიშვნელობით თავს გადადებს-ბრძოლის ხაზზე პირველი იქნება და უკანდახევის შემთხვევაში კი ბოლო. ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ ასეთი ლიდერი (ლიდერები) არ გვყავს, ვინც გვყავს-სურვილის შემთხვევაშიც კი საკუთარ თავზე მაღლა ვერ ხტებიან, რადგან ლიდერობა დაბადებისეულია: თუ არ ხარ ლიდერი, ვერ გახდები-ტელესტუდიებში სიბრძნეების ფრქვევა და მიტინგებზე ომახიანი შეძახილებით გამოსვლები ნამდვილად არაა ამისთვის საკმარისი.
ჩვენი უბედურება ისაა, ლიდერობის პრეტენზიის მქონეთა ჯარი რომ გვყავს, საქმე საქმეზე რომ მიდგება კი-არავინ.

მოჭარბებული ამბიციის გარეშე ლიდერი არ არსებობს, მაგრამ მძიმე ვითარება იქმნება მაშინ, როცა სახეზე მხოლოდ ამბიციებია და სხვა არაფერი. ისევე, როგორც სხვა ეპოქებსა და ქვეყნებში არაერთხელ ყოფილა-დღეს საქართველოში ობიექტურად რევოლუციური სიტუაციაა, რადგან რუსულმა ხელისუფლებამ ქვეყანას მომავალი წაართვა და ძალაუფლება მიიტაცა. ამაზე ლეგიტიმური მიზეზი სახალხო აღშფოთებისა აღარ არსებობს, ხალხში ობიექტურად უზარმაზარი, ბუნებრივი მუხტი არსებობს არჩევნების მიმტაცებელი რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ ამ მუხტის არათუ გამაორმაგებელი, შემნარჩუნებელიც კი არავინ ჩანს სამწუხაროდ-ასე იცის ნამდვილი ლიდერების არარსებობამ.

ამიტომ ამ უმძიმეს ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად პირადად მე ისევ ხალხის მიერ ინიციატივის ხელში აღებას ვხდავ ისე, როგორც ერთხელ უკვე შესანიშნავად გაართვა თავი ამა წლის აპრილ-მაისში, როდესაც ყოველგვარი პარტიული ჩარევის გარეშე მსოფლიოს ექსტრაკლასის უწყვეტი, მასობრივი და კრეატიული პროტესტი დაანახა.

პოლიტიკოსები კი მრჩევლებად დაიხმარეთ, რაკი მოვლენების მსვლელობამ გვანახა-მათ იმ ეფექტურობით პროცესების მართვა ვერ შეძლეს, რაც თქვენ მოახერხეთ-ქართველო ახალგაზრდებო და ქართველო ხალხო. სწორედ ყალბი მოლოდინების შექმნა და მერე მათი არაღსრულება იწვევს ადამიანებში ეროვნული მასშტაბის აპათიას, ნიჰილიზმსა და დეპრესიას, რომლის უფლება ამ საბედისწერო ჟამს ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს-რადგან ეს ქვეყნის დასასრულის ტოლფასი იქნება! დრო აღარ ითმენს, დრო!”- წერს მაია ორჯონიკიძე.

სხვა ამბების წაკითხვა