ბოლო ამბები
14/12/2024

ვის აყრიდით თვალებში ნაცარს და რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებას აპირებდით? – ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას

გაზიარება

არ გაბედოთ და ხალხს არ უსაყვედუროთ ქუჩაში რატომ არ გამოვიდაო. იცით რატომ არ გამოვიდა? საკუთარი ამომრჩევლის გონიერებაში და ნიჭიერებაში რომ ეპარებათ ეჭვი იმიტომ – ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ tv “პირველი”-ს გადაცემა  „დღის ამბებში“ განაცხადა.

„ჩემო მეგობრებო, გეკითხებით 26-ში, საღამოს 9 საათზე, რატომ იდექით გაოგნებული სახეებით, ვინც გაბედეთ და დადექით ეკრანების წინ და დანარჩენები საერთოდ არ ჩანდით საათების განმავლობაში, როცა აღმოაჩინეთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა. თქვენ ხომ ეს ყველამ იცოდით, რომ ყველაზე რეალისტური სცენარი იქნებოდა არჩევნების მიტაცება. რატომ არ იყავით ამ სცენარისთვის მზად. თუ ასეთი გულუბრყვილოები და არაკვალიფიციურები ხართ, მაშინ რა გინდათ პოლიტიკაში. თუ არ ხართ გულუბრყვილოები და ხართ კვალიფიციურები, კიდევ ერთხელ ვკითხულობ, რატომ არ დაუშვით ყველაზე რეალისტური სცენარი, რომ 26-ში საღამოს 9 საათზე დაწყებულიყო მიტაცებული ხელისუფლების უკან წართმევის პროცესი.

ეს პირველი შეკითხვა, რატომ არ იყავით ამისთვის მზად და რატომ არ იყო დაგეგმილი 26-ში საღამოს 9 საათიდან მიტაცებული ხელისუფლების უკან დაბრუნების პროცესი. დღეს ვსაუბრობდი არაჩვეულებრივად ნიჭიერ და კვალიფიციურ ხალხთან პარლამენტის წინ აქციაზე, ერთის მხრივ სასოწარკვეთილ და მეორეს მხრივ ბრძოლისთვის შემართულ ხალხთან. მეორე კითხვა და იმ ადამიანების კითხვაა ეს- რომ დავზუმოთ და ზემოდან დავხედოთ 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე გასულ ერთ თვეს. რატომ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩაკლულიყო პროტესტი. რატომ ხდებოდა პროტესტის იმიტაცია მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში. ვკითხულობ და გამეცით პასუხი ამ ლეგიტიმურ კითხვაზე. ვინც არ იყო ავანგარდში, რატომ არ იყო? ესეც კითხვაა“

ამ დროს, ელემენტარული თვლა მაინც იცის ამ ამომრჩეველმა და ძალიან კარგად თვლის იმას, რომ ოთხივე პარტიის შეთანხმებული მოქმედების გარეშე, მათი ხმების გარეშე ვერ შედგებოდა კოალიციური მთავრობა.

და დღეს, როცა ეს პარტიები ერთი კადრი მაჩვენეთ ერთად დგომის, როცა იმას ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება და ხმები დაიცვან ამ ერთი თვის მანძილზე და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ ესენი, ამიტომაც არ გამოვიდა ამომრჩეველი. სხვა თუ არაფერი, თვლა ხომ ვიცით და ელემენტარულად დათვალა ამომრჩეველმა, რომ ეს ხალხი კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მზად არ ყოფილა იმიტომ, რომ მათი ხმების დასაცავად ვერ დადგა და არ დადგა გარეთ. თუ ასე არ ენდობოდნენ ერთმანეთს, მაშინ ვის აყრიდით თვალებში ნაცარს და რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებას აპირებდით და რის და ვის ხარჯზე აპირებდით?-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა