ასე გამოიყურება განახლებული კოსტავა-შარტავას გამზირი (ფოტოები)

301
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

თბილისში, კოსტავასა და შარტავას გამზირზე, ასევე მიმდებარე ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

“საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, წყალარინების სისტემა მოწესრიგდა, წყლის მილები მთლიანად შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრე ქსელები. გარე განათების ბოძები გამოიცვალა და დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე ტიპის ბოძები თავისი LED სანათებით. ჰაერში გადაჭიმული სადენები მიწისქვეშ არის ჩატანილი. ასევე, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები მოეწყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი. შშმ პირებისთვის კი ადაპტირებული ჩამოსასვლელები გაკეთდა.

ზოგადად მიდგომა შევცვალეთ არამხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით. სადაც შესაძლებელია, გვინდა, მწვანე სივრცეები გავაკეთოთ. აღნიშნულ მონაკვეთზე დაახლოებით 200 ძირი ხე-მცენარე განთავსდა. ვფიქრობ, რომ ეს ორივე ქუჩა ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩვენ ასეთი მიდგომები გვექნება ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელსაც სამომავლოდ განვახორციელებთ.

გარდა ამისა, მოეწყო ველობილიკი, რომელიც კოსტავა-შარტავას ქუჩებს გამჭოლი ქუჩებით აკავშირებს პეკინის გამზირთან; ტროტუარებზე განთავსდა მოსასვენებელი სკამები, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის მოსაცდელები.

დღესვე დასრულდა ქუჩების ორივე მხარეს ავტობუსის ზოლის დახაზვა, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ 150 000 მგზავრს, რომელიც ამ ქუჩებზე ყოველდღიურად გადადგილდება, შეუფერხებლად და კომფორტულად იმგზავროს.”– განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები განახორციელეს თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა, „ბლექ სი გრუპმა“ და „ენ სი სიმ“. პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.”

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE