ბოლო ამბები
14/12/2024

“ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი შეარჩია

გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. კანდიდატურაზე საბოლოო კონსულტაციები „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომაზე გაიმართა. კონსულტაციების შემდეგ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ.

მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე წარადგინა.

„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არაპირდაპირი წესით გაიმართება. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩვენი პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“ ფლობს. აქედან გამომდინარე, იმთავითვე ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაიკავებს.

მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას.
მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების მანძილზე, ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი, იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი. ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის „დინამოს“, ვლადიკავკაზის „ალანიას“, „მანჩესტერ სიტის“, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს.

პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.
უკანასკნელი 8 წლის მანძილზე, მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის, თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან, წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა.

ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. მიხეილ ყაველაშვილს მინდა ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება.

წელს პირველად საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება.
პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება – მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ 109 წევრს კი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან დაასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.

პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს 09:00 საათზე დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

სხვა ამბების წაკითხვა