ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ეხმიანება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეწყდეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი.
“ჩემი პოზიცია ხელისუფლების ბოლო განცხადებაზე: ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც დროებითი შეჩერების გამოცხადება არის საკუთარივე ამომრჩევლის მიმართ გაცემული ევროპისკენ ღირსეული სვლის დაპირების საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას. ამ ნაბიჯით
“ქართული ოცნება” დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია.
ევროინტეგრაცია ორმხრივი პროცესია და მისი განახლება და გაწევრიანების მოლაპარაკებისთვის ვადების განსაზღვრა კანდიდატი ქვეყნის ცალმხრივი პრეროგატივა არ არის. პროცესის შეჩერება საქართველოს მხრიდან იძლევა უკიდურესად ნეგატიურ სიგნალს ქვეყნის სტრატეგიის თვისობრივი ცვლილების თაობაზე. გაუგებარია, რა პოლიტიკური და პრაგმატული არგუმენტები დგას ამ ქმედების უკან.
ვფიქრობ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოახდინოს მთავარი საარჩევნო დაპირებისადმი ერთგულების დემონსტრირება, რაც გულისხმობს ევროევროკავშირთან აქტიური ინტეგრაციის პროცესის აღდგენას ტრადიციული და ოჯახური ღირებულებების დაცვაში კომპრომისის გარეშე.”– წერს კვირიკაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს