რუსუდან შარაძე ნინო ბურჯანაძეს დაუპირისპირდა

724
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე პარტია “ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ მოიპოვა სახელისუფლო ლეგიტიმაცია.

“შეხედავ ნინო ბურჯანაძეს, მოუსმენ – გესიამოვნება. ოჯახურ გარემოშიც ნანახი მყავს ერთხელ, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, მისი სპიკერი იყო მაშინ. სასიამოვნო ქალია ურთიერთობაშიც.  ოღონდ, არ უნდა იცოდე, ვინაა. წეღანაც ვუსმენდი და ერთი წამით, ისიც გავიფიქრე, რას ვერჩი ამ ქალს-მეთქი, მითუმეტეს, დღევანდელი პარლამენტარების შემხედვარე.

არადა, ვერჩი! რომ არა ნინო ბურჯანაძე და მისი უმაღლესი პოსტი პარლამენტის თავმჯდომარისა, სააკაშვილი ვერცერთხელ, ვიმეორებ – ვერცერთხელ, იმ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებდა, რაც ძალით მოიხვეჭა. ნინო ბურჯანაძემ, ჯერ 2003 წელს, ე.წ. ,,ვარდების“ რევოლუციის (სინამდვილეში, სახელმწიფო გადატრიალების) დროს, ხოლო მეორედ – 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ორივეჯერ, პრეზიდენტის სავარძელი თბილად შეუნახა სააკაშვილს (თუმცა, გემო არ დაავიწყდა).
მისი მომხრეები იტყვიან, ბოდიში მოიხადაო. მახსოვს ეს „ბოდიშიც“, რომელიც ისე განსხვავდებოდა წარმომთქმელის ჩვეული რიხისგან, როგორც ლომის ღრიალი – კატის კნავილისგან.

2007 წელს, როდესაც მამაჩემი მოკლეს, ქალბატონი ნინო ისევ პარლამენტის თავმჯდომერე იყო და მგზნებარედ ეთანხმებოდა მკვლელობის ოფიციალურ ვერსიას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რამე მონაწილეობა აქვს მიღებული, მაგრამ დავიჯერო, ისეთი ბრიყვია, რომ უპირობოდ მიიღო ის სისულელე? თუ სულ ვერ გაიგო, ქვეყნის უმაღლესმა პირმა, კულუარებში რა ხდებოდა? – ვერ დავიჯერებ. გავუგებდი, რომ ეშინოდა და სხვაგავარად ვერ მოიქცეოდა, მაგრამ რამდენი წელი გავიდა? ვის უნახავს საიდუმლოს? როგორ უნდა ვიწამო მე, ამომრჩეველმა, მისი სიმართლე? ამიტომ, ის უფრო მჯერა, რომ მან და სააკაშვილმა საარჩევნო სიებზე დახოცეს ერთმანეთი, თორემ ისევე ოსტატურად „გააპრავებდა“ ყველაფერს, როგორც იქამდე – წარბშეუხრელად!

იმაზე რაღა უნდა ვთქვა, რომ სააკაშვილი ლამის გურამ შარაძის ენით ალაპარაკდა. ნიშნისმოგებით ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:

სააკაშვილის ბოკერიაზე ნათქვამს და ამაზე ნინო ბურჯანაძის კომენტარს კომიკურობა რომ ჩამოვაშოროთ, ეს აღიარებით ჩვენებაა –  სააკაშვილი ხელს ადებს ბოკერიას და მოწმედ დგება, ხოლო ორივეს ერთად – ნინო ბურჯანაძე – მათი მაშინდელი მარჯვენა ხელი, ამხელს და ასევე მოწმედ დგება.

და რას ამბობდა გურამ შარაძე? ის ამბობდა, რომ ამათ სძულთ ყველაფერი ქართული, ებრძვიან ტრადიციებს, რელიგიას, პატრიარქს… თავად პატრიარქს რა დამართეს, ეს უკვე რამდენი წელია, არაერთი წყაროსგან დადასტურდა და თქვენც ყველამ იხილეთ.

მე ის ხალხი მაინტერესებს, ნუთუ, ოდნავ მაინც სინდისის ქენჯნას არ განიცდიან, ვინც ამ ყველაფრის გულისთვის მამაჩემს აქილიკებდა? თუმცა, ვიცი, ადამიანების უმეტესობას უჭირს საკუთარი სულელობის აღიარება საკუთარ თავთანაც კი და მათთვის ყველაფერი ისევე დარჩა, როგორც აქამდე იყო…

საერთოდ არაფერს ვიტყოდი, რომ ყოფილიყო პატიოსანი ბრძოლა პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და მათ მიმდევრებს შორის, ასე ვთქვათ – მამათა და შვილთა ჭიდილი. ხალხს აერჩია, ვინ ერჩივნა, მაგრამ არა – მოკლეს და ისიც, ზურგიდან ესროლეს, ისევე ლაჩრულად, როგორებიც თავად არიან!  ეს არამზადები! აქ გავჩერდები, თორემ ვატყობ, ვეღარასდროს გავჩერდები”- წერს რუსუდან შარაძე.

თქვენი კომენტარი?