გაჭირვების გამო 47 წლის მამაკაცი თვითმკვლელობას აპირებდა

607
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ორიოდე დღის წინ, გვიან ღამით, 47 წლის მამაკაცი თვითმკვლელობას აპირებდა, თუმცა პატრულმა გადაარჩინა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი,  მიზეზი მისი გაჭირვება გახდა. Multimedia.ge-ს ჟურნალისტი  მამაკაცს ესაუბრა.

“უკვე მე-7 წელია, რაც სამსახურის გარეშე დავრჩი, ავტობუსების კონტროლიორად ვმუშაობდი და ასე თუ ისე ვახერხებდი ცხოვრებას, ქირით ვიყავი და თავი გამქონდა. მას შემდეგ რაც გამათავისუფლეს, ჩემი ცხოვრება მთლად უკან წავიდა, დავრჩი ქუჩაში, ლუკმაპურის გარეშე. ცოლს წლების წინ დავშორდი, ბინა მათ დავუტოვე, შვილებმაც აღარ მოისურვეს ჩემი ნახვა. მთლად მარტო დავრჩი. წლებია დავდივარ და ვეძებ სამსახურს, ხან სად, ხან სად, მაგრამ ყველგან ვიღაც გინდა, რომ დასაქმდე. შარშან ზამთარი ქუჩაში გავატარე, ხან რომელ სარდაფს ვაფარებდი თავს და ხან  ავტობუსის გაჩერებაზე მეძინა.

ვერც სოციალურ დახმარებას ვიღებ, რადგან არსად არ ვარ ჩაწერილი და ვარ ასე ცას გამოკიდებული.  რამდენი ხანია წესიერი საჭმელიც არ მიჭამია, თითქმის პურზე ვარ და ხანდახან ესეც არ მაქვს. რა ვქნა, ვის მივმართო? ყველგან მომიხურეს კარი, ახლობელმა ბინა მიქირავა და 1 თვის ქირა გადამიხადა, 300 ლარი. ამ თვიდან საიდან რა უნდა მოვიტანო არ ვიცი, ისევ ქუჩაში აღმოვჩნდები და ალბათ ჩემ განზრახვას საბოლოოდ მაინც მოვიყვან სისრულეში, რადგან ამ ქვეყანაში არ მაქვს იმის განცდა, რომ სახელმწიფო ფიქრობს გაჭირვებულ მოქალაქეებსა და მათ დასაქმებაზე. მოგმართავთ, თუ გაქვთ რამე ვაკანსია, გთხოვთ, დამასაქმეთ, დაცვაში მაქვს ნამუშევარი, მუშადაც წავალ, ოღონდ არსებობის იმედი მომეცეს.” – გვითხრა მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგან არ სურს, შვილებმა გაიგონ მის შესახებ.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 591 92 88 51  გიორგი.

თქვენი კომენტარი?