ბოლო ამბები
19/02/2025

ჩვენ მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში – გიგი უგულავა

გაზიარება

“როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში სწორედ ტელეკომპანია “იმედია”. ისევე როგორც, მეტწილად, ჩვენ მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში. ისევე როგორც მემარცხენე მედიის გიჟურმა ისტერიამ დააბრუნა ტრამპი ოვალურ ოფისში. “– წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში და ეხმიანება ტელეკომპანია “იმედი”-ს მფლობელ ირაკლი რუხაძის ინტერვიუს.

“ვერცერთი პოლიციელი ვერ გაბედავს მოქალაქისთვის ცხვირ-პირის დამტვრევას, მოსამართლე თეთრზე შავის თქმას, ბიუროკრატი – უსისხლძარღვო უტიფრობას, სახლში მისულს იმედისმაგვარი რომ არ ეგულებოდეს, სადაც ჩართავს და დაინახავს მისი უკანონობის გაპრავებას და მისგან დაჩაგრული ადამიანის კიდევ უფრო გათელვას.

ენით [სიტყვით] დაკოდილი – გაგიგიათ ალბათ გამოთქმა. რომ არა ხელისუფლების ხელში ასეთი კოლექტიური “იმედი”, ძალაუფლების ერთ ხელში თავმოყრა ვერ მოხერხდებოდა. საზოგადოების პოლარიზაციას ძლაუფლების ხელში მედიის პროპაგანდის იარაღად ქცევა იწვევს.

როცა ეს ძალაუფლება ემხობა სწორედ რომ მისგან რადიკალურად დაპირისპირებული მეორე პოლუსი იღებს ძალაუფლებას. დიახ, ასეა თუ ქოცი დაემხო ნაცი მოვა ხელისუფლებაში. ნაცი არა აუცილებლად პარტიული გაგებით ან კონკრეტული ადამიანებით, ვინც ამ პარტიას განვასახიერებთ, არამედ როგორც არსებული რეჟიმის აბსოლუტურად საპირისპირო, თუნდაც სხვა სახელით და სახეებით. აქ მე არ ვსაუბრობ რაა კარგი და რა ცუდი. და არც ტოლობის ნიშანს ვსვავ. ვსაუბრობ მოვლენების განვითარების კანონზომიერებაზე. ივანიშვილზე საშინელება ვერ მოვა, რადგან ივანიშვილი რუსია. ივანიშვილს მოვიშორებთ, მაგრამ ინფორმაციული მოწამლვის პრობლემა კვლავ იარსებებს.

ეს ყველაფერი ირაკლი რუხაძემ და სხვებმა, ვინც დღეს ივანიშვილის რეჟიმის ატლანტებს წარმოადგენენ კარგად იციან. ზოგი ტვინით ხვდება, ზოგიც კანით გრძნობს. უბრალოდ, ისინი ჰოტენტოტების ტომის ლოგიკით ცხოვრობენ. ბოროტებაა, როცა შენ გაოხრებენ, სიკეთე – როცა შენ აოხრებ. აი ამ ტრაიბალიატური ინსტინქტის ძრავია “იმედი” – წერს უგულავა.

სხვა ამბების წაკითხვა