ბოლო ამბები
20/03/2025

დავტოვე ქვეყანა, ბოდიში, რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ – აქტივისტი სანდრო ქინქლაძე

გაზიარება

საპროტესტო აქციების მონაწილე სანდრი ქინქლაძემ საქართველო დატოვა. როგორც ის წერს, ამის მიზეზი გახდა მასზე და მის ოჯახზე ზეწოლა და ფსიქოლოგიური ტერორი.

“დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო. სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან რაც ბავშვთა სამყარო დაიწვა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და მეორედ როცა 2023 წლის 7 მარტს რუსული კანონის წინაღმდეგ დავდექი რუსთაველის გამზირზე.

17 წლის ასაკში გავაანალიზე, რომ რუსეთისკენ იმაზე ჩქარა მივექანებით, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.

იმ დღის მერე არ გავჩერებულვარ, არ დამისვენია, ყოველდღე ჩემს მაქსიმუმს ვდებდი ცვლილებებისთვის. სიცივეში, სიცხეში, რუსთაველის გამზირზე ვიდექი ღამე ქუჩაში ვხატავდი საპროტესტო წარწერებს, სოციალურ ქსელებში ვეძებდი და ვავრცელებდი ინფორმაციებს, ვიბრძოდი რეჟიმის ყველა უსამართლო გადაწყვეტილების, თუ ქმედების წინაღმდეგ.

გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და მათთან ერთად ყოველდღიურად ვცდილობდი ცვლილებების დაწყებას ამ ქვეყანაში, შემდეგ გავიცანი ჩემი აწ უკვე მეუღლე ელენე ხუბულავა და მასთან ერთად გავაგრძელე ეს ბრძოლა.

მოგვიანებით, მისი სახლიდან გამიტაცეს, დამატყვევეს. ფიზიკურად, თუ ფსიქოლოგიურად გამისწორდნენ, მომისაჯეს პატიმრობა, გამოვედი და გამოვიყოლე არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა და ტრავმა, თუმცა არ გავჩერებულვარ.

დღე რესტორანში ვმუშაობდი, ღამე კი რუსთაველზე ვიდექი. ამ ყველაფრის მერე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი, ჯერ უიმედობამ შემიპყრო, მერე ხელისუფლებამ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის თვალთვალი, ჯერ ელენეს დაჰყვებოდნენ ყველგან, სადაც კი წავიდოდა, მერე დედამისის თვალთვალიც დაიწყეს და საბოლოდ, დედაჩემის ფოტო გამიმიგზავნეს, თუ როგორ მიდის სამსახურში.

შემდეგ, მე დამხვდა ორი ჩაბურული “შკოდა” {ავტომობილი} და იარაღის დამიზნებით გამაცილეს უბნიდან, კიდევ ბევრი რამ, თუმცა მოკლედ რომ ვთქვა, დიდი ზეწოლა და სტრესი გამომატარეს.

პატიმრობის მერე საბოლოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა და ჩემ მეუღლესთან ერთად აქ მაინც შევძლო მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრება, სადაც არ მექნება იმის შიში, რომ სადმე მომკლავენ, ან დამიჭერენ.

იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი, თუმცა, ამჯერად ამ ბრძოლაში მე ვეღარ ვიქნები ჩემი მეგობრების, ახლობლების გვერდით და ვერ დავტკბები სცენით, სადაც ყველა ერთმანეთს ეხუტება და ამდენი წიწაკის და გაზის ცრემლების მერე, სიხარულის ცრემლებს ვერ ვნახავ.

ვერ ვნახავ დედაჩემს, რომელიც მეტყვის  – აწი მაინც ხომ დაეტევი სახლში და მეისვენებ. ბოდიში, რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ, იმედია გამიგებთ”– წერს სანდრი ქინქლაძე.

სხვა ამბების წაკითხვა