ვიდრე ცილისწამება დანაშაულებრივ ქმედებად არ დაკვალიფიცირდება, ასე უსასრულოდ გაგრძელდება – მარიამ კუბლაშვილი

747
წაკითხვა/ნახვა

“ვიდრე ცილისწამება დანაშაულებრივ ქმედებად არ დაკვალიფიცირდება და კვლავ არ განიხილება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, ასე უსასრულოდ გაგრძელდება სხვადასხვა სცენარები, განურჩევლად ობიექტის მდგომარეობისა, სქესისა თუ ასაკისა.”- წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და აღნიშნული კანონის ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს.

“პოლიტიკოსები ყველაზე მსუყე სამიზნეა და მარტივი გზა მიზნის მისაღწევად, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადამიანის ფანტაზია ბევრად შორს და უკიდეგანოდ გაიჭრა. დღეს ჩვენი ფიზიკურად დასუსტებული, მოხუცებული, ერის სულიერი მამა, ჩვენი ერთიანობის, რწმენის, მშვიდობის სიმბოლო, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გამოიტანეს სამსჯავროზე და დაატარებენ კედელ – კედელ, ეთერ – ეთერ და არჩევენ მართალი ხომ არ არის მასზე ცილისწამებაო…

ვაი, ჩვენ ადამიანები, რა ცოდონი ვართ. განა ასე რთულია დავინახოთ, რომ ბინძური თამაშების მომწყობნი და დამგეგმავნი, საკუთარი ამბიციების და გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, უფრო და უფრო მეტს ,,მოაწყობენ”, რომ ხალხის გონება და აზროვნება, მოთმინება გადაიღალოს, რომ გავბოროტდეთ და რწმენაში მეტად დავსუსტდეთ, რომ ერთმანეთი დავძიძგნოთ, ბოლოს კი შევჭამოთ..რა გაგკვირვებიათ, რამ დაგაფიქრათ, რატომ გაგაოცათ ერთმა იუდამ? ეს დიდი განსაცდელია პატრიარქისთვის და მადლობას სწირავს დარწმუნებული ვარ უფალს, რომ ეს უკანასკნელი მას მოუვლინა. ცრუ მოწმეებს და ცილისმწამებლებს რა დალევს, ეშმაკს სძინავს? არა ბატონო, ის დღითიდღე უფრო ძლიერდება, ძლიერდება ადამიანთა უხამსობით, ცბიერებითა და კაცთმოძულეობით.

დროა, პარლამენტმა იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან სპეკულაციები და ცილისწამებათა თუ შეურაცხყოფათა ციკლი ჯერ მხოლოდ დაიწყო. წინ არჩევნებია და თუ არ შეაჩერეს მოძალადეები – ცრუ, მატყუარა, ცილისწამების და მანიპულაციების გზით მიზნის მიმღწევნი და ქვეყანაში არეულობის, ქაოსის, ყოველგვარი უბედურების თუ ბინძური ფონის შემქმნელნი, დაემხობა სახელმწიფოებრიობა და ამას ვინ ჩივის, რწმენას ვკარგავთ უფლის, ეკლესიის ხალხნო! პატრიარქი გავასამართლეთ თითქმის, სადღაც გულში იქნებ გავიფიქრეთ მაინც, ნეტავ მართალი ხომ არაა პეტრეო? და თუ ასე მოხდა, ჩვენ დავიწყეთ ნგრევა ჩვენი წინაპრების სისხლით და რწმენით მოტანილი ბედკრული საქართველოსი…ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის.- წერს მარიამ კუბლაშვილი.

თქვენი კომენტარი?