საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა.
“მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და, ამ კონტექსტში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს ამერიკის საელჩოც:
„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”, – აღნიშულია საელჩოს ინფორმაციაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს