მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ირინა სარიშვილი წერილს აქვეყნებს

649
წაკითხვა/ნახვა

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ირინა სარიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს.

“ამ დღეებში ნიკა გვარამიამ ორი უსერიოზულესი ინტერვიუ დადო დღევანდელ რეალობაში ორ უმნიშვნელოვანეს პერსონასთან – პეტრე ცაავასთან და მიხეილ სააკაშვილთან. ამ ინტერვიუებზე დღესაც არ წყდება ვნებათაღელვა ქოცებშიც, ნაცებშიც, არვნაციარცქოცებშიც, მოკლედ ყველგან. დაიბნენ მათი მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც.

მოწინააღმდეგეთა დაბნევის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, მივესალმები, მაგრამ აი მომხრეთა შორის ზოგჯერ დაპირისპირებამდე მისულმა აზრთა სხვადასხვაობამ გადამაწყვეტინა ამ სტატუსის დაწერა, რომელიც შეიძლება ცოტა გრძელი გამოვიდეს, რაზეც ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ თემების მიმართ ინტერესიდან გამომდინარე, ალბათ ამიტანთ და ბოლომდე წაიკითხავთ.

გამომდინარე იქიდან რომ არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, არც პრეზიდენტობას და არც პატრიარქობას, ჩემს და თქვენს დროს და ნერვებს დავზოგავ და რასაც ვფიქრობ, პირდაპირ ვიტყვი, პირველ რიგში თანამოაზრეთა საყურადღებოდ.

მოდით ერთმანეთთან პარალელში განვიხილოთ მეუფე პეტრეს და მიხეილ სააკაშვილის გამოსვლები, თან თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი გამორიცხულია, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მათი დღევანდელი ტაქტიკა ერთმანეთს – პეტრე ცაავა პრეზიდენტობას არ აპირებს და მიხეილ სააკაშვილი პატრიარქობას.

განვიხილოთ მათი გამოსვლების ზუსტად ის ადგილები, რამაც მათივე მომხრეებში დაბნეულობა გამოიწვია, რომ აღარაფერი ვთქვათ ბრინჯივით დაბნეულ ქოცობაზე.

მეუფე პეტრეს გამოსვლაში ასეთი მომენტი იყო მისი დაუფარავი ლოიალობა ივანიშვილის, გახარიას და სხვათა მიმართ პატრიარქთან რადიკალურად დაპირისპირების ფონზე, თან ქართველებისთვის ყველაზე სენსიტიურ თემაზე.

მიხეილ სააკაშვილმა უპირობოდ მხარი დაუჭირა პატრიარქს, მეუფე არ გაულანძღავს მაგრამ კატეგორიულად არ დაეთანხმა მას პატრიარქთან დამოკიდებულებაში.

თუ ჩვენ იმას დავუშვებთ რომ მეუფე პეტრე შესაძლოა პატრიარქობისთვის ემზადება, და მე ვთვლი რომ ეს ასეა და ვერაფერს ცუდს ამაში ვერ ვხედავ, მაშინ ფაქტია რომ ის აბსოლუტურად გააზრებულად მონაწილეობას იღებს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაგეგმილ სცენარში, ოღონდ სხვა მიზნით და არა იმიტომ, რისთვისაც იბრძვის ივანიშვილი – გაანადგუროს ეკლესია და პატრიარქი.

რამდენად სწორია მეუფე პეტრეს გათვლა, ეს სხვა საკითხია – ის ფაქტიურად ცდილობს ივანიშვილი–გახარიას გეგმის გამოყენებას საკუთარი გეგმის სასარგებლოდ, რაც ძალიან რთული ამოცანაა, რადგან ივანიშვილი მარტო თამაშობს და მას ფაქტიურად მომხრე აღარ დარჩა გარდა ფასიანი მეხოტბეებისა, ის საკუთარი მრევლის გარეშე მუშაობს მთელი ეს პერიოდი და ერთადერთი რაც მის პირად გეგმებს ხელს უშლის, პატრიარქი და ეკლესიაა, რომელსაც უნდა რომ თავად დაეპატრონოს. მეუფე პეტრე პოლიტიკოსი არ არის და ამიტომ მე არ ვიცი, რამდენად ზუსტად აქვს მას საკუთარი ძალები გათვლილი რათა ამ ძალიან საშიშ თამაშში თავად არ აღმოჩნდეს გამოყენებული.

მიხეილ სააკაშვილი, რომლის ბოლო გამოსვლამ საბოლოოდ დაადასტურა რომ ის გეგემავს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, სხვა გზას ირჩევს, სხვა ტაქტიკას – ის მეუფე პეტრესგან განსხვავებით არ აპირებს ივანიშვილის თამაშში თუნდაც ტაქტიკური მოსაზრებებით ჩართვას, მან იცის რომ ივანიშვილს საკუთარი მრევლი არ ჰყავს და ეხლა პატრიარქის (ეკლესიის) მრევლის დასაკუთრებას გეგმავს და ამიტომ იცავს რა პატრიარქს, წმინდად პრაგმატულად მის მრევლზე მუშაობს, რომელიც საქართველოში. მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, უმრავლესობაა და ყველგან არიან – ქოცებშიც, ნაცებშიც, მოკლედ ყველგან.

სააკაშვილის მიერ არჩეული ტაქტიკა სრულიად გასაგებია როგორც პრაგმატული, ასევე რეალისტური მხრიდანაც: აბა რა გვინდა, თუ ამ ხალხზე არ ვიმუშავებთ, რა ვუყოთ – დავხოცოთ? თუ მათი შეხედულებები არ მოგვწონს, ამის გამო მტრებად გამოვაცხადოთ ნახევარი საქართველო, თუ მეტი არა? მაშინ რატომ ვსაყვედურობთ ქოცებს – რით განვსხვავდებით ჩვენ მათგან?! აქ ლაპარაკი არ არის დაფინანსებულ ლიდერებზე. აქ საუბარია უბრალო, დაბნეულ, მართლა ძალიან საცოდავ ადამიანებზე, რომლებიც ამ ცხოვრებიდან ყველანაირად ამოვარდნილები, მშივრები, მწყურვალები, ხან ვასაძეს გაყვებიან კომბლეებით და ხან კარტოფილს და ხახვს დახარბდებიან და ასეთ გაუბედურებულ ადამიანებზე დგას დღეს ეს ხელისუფლება.

მომავალმა ხელისუფლებამ, მიშა იქნება თუ გრიშა, ეს ამ ცხოვრებისგან გაბოროტებული ხალხი, ისედაც გარიყული და გამათხოვრებული კიდევ უფრო კი არ უნდა გარიყოს, პირიქით, მათ ისეთი ცხოვრების პირობები უნდა შეუქმნას, რომ განათლდნენ, დაპურდნენ, დამშვიდდნენ და საქმით დაკავდნენ. ნაციონალების ხელისუფლების დროს ყველაზე დიდი შეცდომა ხწორედ ის იყო, რომ ამ ადამიანებისთვის სრულიად უცხო, გაუგებარი რეფორმების ფონზე, სადაც მათ საკუთარი თავი ვეღარ დაინახეს, არავინ იზრუნა რომ მათთვის რამე აეხსნათ, სადაც შესაძლებელი იყო, საქმეში ჩაერთოთ. აბა როგორ გვინდა სხვანაირად?!

გარდა ამისა, ამ ადამიანებს შვილები ჰყავთ, რომლებიც სულ სხვანაირად ფიქრობენ, ზუსტად ისე როგორც მომავალ საქართველოს ჭირდება, მაგრამ ისინი პავლიკა მაროზოვები არ არიან რომ მშობლების მტრების გვერდით დადგნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ამიტომ ნუ გვიკვირს როცა მიშა იმ ხალხის გასაგონადაც საუბრობს, ვისაც ჩვენ დავცინით და ვლანძღავთ. და ეს არ არის პოპულიზმი – ეს სწორია პრაგმატულადაც და ზნეობრივადაც – რუსეთიდან დაფინანსებულ ნაძირალა ლიდერებს არ ვგულისხმობ – ჩვეულებრივ ხალხზეა საუბარი. ზოგს ის არ მოეწონა რომ რაღაც შეკითხვებს პასუხი არ გასცა – ზუსტად იქ გაჩუმდა სადაც უნდა გაჩუმებულიყო, თუ მას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება სურს წარსული შეცდომების კარგად გააზრებით.

არ ვიცი, რამდენად გასაგებად ავხსენი მეუფე პეტრეს და მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების შესაძლო ვარიანტი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ისინი ერთმანეთს არ ებრძვიან რადგან სხვადასხვა ტაქტიკით ერთი მიზნისკენ მიდიან და რამდენად გამოუვათ მათ ეს, დიდწილად სწორედ მათ ტანამოაზრეებზეა დამოკიდებული.
ნუ მოვთხოვთ მათ ყოველთვის ისე ილაპარაკონ, როგორც ჩვენ გვესიამოვნება. ჩვენ არავინ გვიშლის ჩვენი მოსაზრებების ხმამაღლა გამოთქმას როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით, მაგრამ ნუ შევიტანთ დაბნეულობას ამ ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში და ნუ დავუპირისპირდებით ერთმანეთს იმის გამო რაც შესაძლოა კარგად არ გვესმოდეს.

ისე არ გამიგოთ ვინმემ, თითქოს თავს ვინმეზე ჭკვიანად ვთვლიდე – არა ჩემო კარგებო – უბრალოდ მე იქაც ნამყოფი ვარ – აქტიურ პოლიტიკაში, ლიდერობაც ვიცი რა არის, და დღეს, უკვე როგორც ერთ–ერთი თქვენიანი, იმას გიზიარებთ რაც შეიძლება უბრალოდ მე ვიცოდე და თქვენ არა – ეს არის და ეს.

ძალიან გრძელი სტატუსი გამოვიდა მაგრამ ვერ შევამოკლებდი ვერანაირად.
ყველას გთხოვთ, ვინც კომენტარებში მონაწილ;ეობას მიიღებთ, შეეცადოთ რომ პასუხად იგივეს განმეორება არ მომიწიოს, რაც უკვე წერია სტატუსში.” – წერს ირინა სარიშვილი.

თქვენი კომენტარი?