ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია.
ნანუაშვილის თქმით, რუსეთის პირველ არხზე გასული სიუჟეტი არის დამონტაჟებული, ორიგინალში კი აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი.
პრანკერები დაუკავშირდნენ უჩა ნანუაშვილს, რომელმაც, პრანკერების სიტყვებით, მათ რამდენიმე პროექტი გაუგზავნა დასაფინანსებლად.
უჩა ნანუაშვილმა „ეხო კავკაზას“ დაუდასტურა, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა – მას ეგონა, რომ კასპაროვს ესაუბრებოდა. თუმცა ნანუაშვილი ამბობს, რომ მისი სიტყვები დაამახინჯეს:
„ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება სხვადასხვა სიუჟეტი, რამაც გამოიწვია პუტინის, დუგინისა და გავრილოვის ფანების ჟრიამული რუსულ სივრცეებში, მათ შორის ინტერნეტსივრცეებში, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. თურმე არაფორმალურ დაჯგუფებებს ვქმნი და ვაწყობთ „მაიდანს“ საქართველოში. მოდით, ერთად შევხედოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში და რასთან გვაქვს საქმე. სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსეთის „პირველ არხზე“, პუტინის მთავარ არხზე, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი, შეიძლება ითქვას, სრულიად საწინააღმდეგოც კი.
საუბარია, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის მიმდინარეობის დროს ე.წ. ტიტუშკების მიერ არაფორმალური, შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, ადამიანთა წამებაში, არასათანადო მოპყრობაში. ეს უკანონობა დღეების განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავებული იყო 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ამ ბანდიტების მხრიდან. საპყრობილეში დღემდე 50-ზე მეტი ადამიანი რჩება და სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობ, რომ სწორედ ხელისუფლება უწყობდა ხელს ამ ჯგუფების პარპაშს, მათ საქმიანობას, სწორედ ეს შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ხელისუფლების მიერ დასმულნი, სწორედ ამ ძალებზეა საუბარი.
საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს აღნიშნულ მესიჯებს, ამაში მათ ეხმარება პროპაგანდისტული მედია და მარტივად იმეორებენ რუსულ პროპაგანდას, რუსული ტელევიზიის ნარატივს. ოკუპანტის მთავარი არხი ავრცელებს დამონტაჟებულ ფალსიფიცირებულ მასალას და არავის გასჩენია კითხვა, იქნებ ეს არის მონტაჟი? და ეს არ გიჩენთ კითხვას, რატომ არ გასჩენია არავის ეს კითხვა? ვინმემ ჩემი ხმა მოისმინა? თუ მხოლოდ რუს პროპაგანდისტებს ვუსმენთ და არა იმ თარგმანს, რომელიც არის ვითომ თარგმანი. სამწუხაროა, რომ ქართული პროპაგანდისტული მედია ასევე იმეორებს რუსულ პროპაგანდას. გუშინ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირების კომენტარებიც ვნახე, რომლებიც ფაქტის გადამოწმების გარეშე იმეორებენ ამ მესიჯებს.
სამწუხაროა, რომ ერთ ნარატივს ავითარებენ კრემლი, მისი მთავარი არხი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები. ათწლეულებია, ვსაუბრობ იმ უფლებების დარღვევაზე, რომლებიც ქვეყანაში ხდებოდა და ხდება. ამ პრობლემებზე ყოველთვის საჯაროდ ვსაუბრობ. ადრეც და ახლაც ვისაუბრებთ იმ დარღვევებზე, რომელსაც აქვს ადგილი საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ნოემბრიდან დაწყებული რეპრესიების ტალღაზე, ადამიანთა დარბევაზე, ე.წ. ტიტუშკების გამოყენებაზე პოლიციასთან ერთად. ამ არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების გამოყენებაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ასევე არის კრემლის მეთოდი და რასაც იყენებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს