თბილისის საქალაქო სასამართლომ, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა და ის სხდომათა დარბაზში დააკავეს.
საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა განმარტა, რის საფუძველზე შეიცვალა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო პატიმრობით.
„მოცემულ შემთხვევაში შეფასდა ბრალდებულის პიროვნება, მისი ქმედება, მისი დამოკიდებულება როგორც საგამოძიებო ორგანოსადმი, ისე სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, მისი დამოკიდებულება კანონისადმი და კანონიერი მოთხოვნისადმი. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა გირაოს ოდენობა, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობა, გირაოს ოდენობის თანხის უზრუნველყოფაც არ მოუხდენია უძრავი ქონებით. შესაბამისად, აღნიშნული იყო მთავარი საფუძველი, რის გამოც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო შეიცვალა პატიმრობით. არ შეასრულა გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა მოსამართლის კანონიერი მოთხოვნა და უგულებელყოფა იყო მისი მხრიდან მომდინარე. გარდა მის მიერ დარღვეული პირობისა, ძირითადი ფაქტორი ასევე იყო მისი ქმედება, როდესაც ბრალდებული განმარტავს, რომ არ გადაიხდის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრულ გირაოს ოდენობას, მისთვის სპორტული ჟინი იყო აღნიშნული, რის გამოც არ შეასრულებდა გირაოს პირობებს. ასევე, ბუნებრივია, მისი საჯარო მოწოდებებიც, რომ სხვა ბრალდებულებსაც არ გადაეხადათ გირაოს ოდენობა და არ შეესრულებინათ განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – განაცხადა პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
„ირაკლი ოქრიაშვილს გირაო ჰქონდა შეფარდებული, მან ეს გირაო არ გადაიხადა, მაგრამ თუ ადამიანი არ იმალება, არაფერს არ აშავებს, კანონი იმპერატიულად არ ითხოვს, რომ მაინცდამაინც გირაო პატიმრობით შეცვლილიყო. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება არის უკანონო, რადგან ადამიანი პროცესზე იყო, თავისი ნებით მოვიდა, არაფერს არ არღვევს. გათვლადი იყო, რომ პროკურატურა და სასამართლო ამაზე წასულიყო, თუმცა იმასაც ვუშვებდით და პრაქტიკაშიც ყოფილა, როდესაც ადამიანს გირაო არ გადაუხდია, ან ვერ გადაუხდია და სასამართლო ხედავს, რომ პიროვნება მის წინაშეა, არსად არ იმალება და გამოძიებას ხელს არ უშლის, უარი უთქვამს პატიმრობის შეფარდებაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო ასე უნდა მოქცეულიყო“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
სხდომის დაწყებამდე ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს ხუმრობით განუცხადა, თუ რატომ არ გადაიხადა გირაო
„გირაო არ გადავიხადე, ხილვა მქონდა, ვიღაცამ ჩამომძახა – არ გადაიხადოო. ვინ ხარ-მეთქი, ვკითხე, „დიფ სთეითიო“, მითხრა, მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება, ასე რომ, ვერ გადავიხდიდი. შვიდ ადამიანს წაგვიყენეს ბრალი ამ საქმეზე, მხოლოდ მე შემიფარდეს ქვეყნის დატოვების აკრძალვა, დანარჩენს არავის. 50 000-ად ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, ხაზარაძეს, გვარამიას, ვაშაძეს თუ შეუძლიათ, წელიწადში სამჯერ-ოთხჯერ დაარტყან დედამიწას წრე, 20 000-ად მე უნდა ვიმოძრაო მარტო ქუთაისი-თელავის მარშრუტზე? ვერ გავიგე, სადაური წესია ეგ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს