ბიძინას გუშინდელი გამოსვლისას ზოგისთვის მწარე სიმართლე ითქვა – დავით ზარდიაშვილი

638
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ზარდიაშვილი – ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენელი


ბიძინას გუშინდელი გამოსვლისას ზოგისთვის მწარე სიმართლე ითქვა, რომ სამწუხაროდ, მძიმე სოციალური ფონის ერთბაშად შეცვლა შეუძლებელია და საზღვარგარეთ შრომითი მიგრაცია შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ;

არც თუ სასიამოვნო სიმართლეა, მაგრამ ტყუილსა და ნაცურ დაბოლებას, მაგ. 400 ლარიან პენსიებზე, ისევ ეს ჯობს!

ობიექტურად რომ შევხედოთ, აშკარაა – ჩვენ უკიდურესად მძიმე სასტარტო პირობებში მოგვიწია გლობალურ, ღია ეკონომიკურ კონკურენციაში ჩართვა და როგორც ჩანს, “დეინდუსტრიალიზაციის შოკიდან” გამოსვლისთვის კიდევ დრო გვჭირდება;

უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც უკანასკნელი 30 წლის პერიოდში დავკარგეთ, ტერიტორიების შემდეგ ყველაზე მძიმე – შრომითი კულტურა და კვალიფიკაციაა; ამჟამად ფაქტიურად არ გვაქვს უნარი გავმართოთ ისეთი ინდუსტრია, მასობრივად ვაწარმოოთ რაიმე ისეთი საქონელი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე კარგად გაიყიდება და შეგვინახავს; ხოლო ის, რასაც ვაწარმოებთ, ცოტაა და არასაკმარისი – მარგანეცი, ღვინო, ციტრუსი, მწვანილი და ხილი, ბორჯომი, ასევე ტურიზმი – სამწუხაროდ, ისე, როგორც გვსურს, თავს ვერ გაგვატანინებს და ვერ გაგვამდიდრებს;

რაღა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ “დეინდუსტრიული ფსკერიდან” რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ; მაგრამ სანამ მაგ. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი სიმძლავრით ამუშავდება, ჩვენი ეკონომიკა ტექნოლოგიურ უპირატესობებზე დაფუძნებულ “ცოდნის ეკონომიკად” გარდაიქმნება, სანამ საქართველო რეგიონის ლოჯისტიკური ცენტრი გახდება და აბრეშუმის გზა ამუშავდება და სხვ. თავი ხომ უნდა ვირჩინოთ?! ამიტომაც, რაც არ უნდა მძიმე იყოს, მოგვიწევს სამუშაოდ საზღვარგარეთ, უწინარესად განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, საკუთარი შრომით მისაღებ საშოვარზე წასვლა; ეს პროცესი გეგმაზომიერი, მოწესრიგებული, ლეგალური და საბოლოოდ, ჩვენი ეკონომიკისთვის სასარგებლო უნდა იყოს და აქ სახელმწიფოსაც, ცხადია, თავისი მნიშვნელოვანი თუ გადამწყვეტი არა, სიტყვა ეთქმის;

ბიძინას საყვედურობენ – რატომ არ გახსნის ფაბრიკა-ქარხნებს და ხალხს არ დაასაქმებსო?

თუ დავფიქრდებით, პასუხი მარტივია – მასობრივი მოხმარების საქონელს დღეს დიდწილად ჩინეთი აწარმოებს, მას რომ კონკურენცია გაუწიო, ან გადამწყვეტი ტექნოლოგიური უპირატესობები უნდა გქონდეს, ანდაც იმაზე დაბალი ხელფასებით უნდა დაკმაყოფილდე, ვიდრე იქაური მუშები იღებენ; შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მაგ. მსუბუქი მრეწველობის ფაბრიკებში, სადაც მასობრივი მოხმარების მსოფლიო საქონლის ნახევარზე მეტი იწარმოება, მუშები დღეში 3-5 დოლარად 10-12 საათი არაადამიანური ინტენსივობით მუშაობენ; ჩვენც ასე და უარესადაც მოგვიწევს – სხვაგვარად, ეს ფაბრიკა-ქარხნები რომ ააშენო, უკიდურესად არარენტაბელურია, თავს ვერ შეინახავს და მალე გაკოტრდება;

ხოლო მაღალტექნოლოგიური კონკურენტული საქონლის წარმოებისთვის კი არც სათანადო ტექნოლოგიები გაგვაჩნია, არც კვალიფიკაცია, არც პროფესიონალიზმი და არც შრომის კულტურა ჯერ არ გვყოფნის; ტექნოლოგია რომც შემოიტანო და ასეთი საწარმო გახსნა, იძულებული გახდები იქ უპირატესად კვალიფიციურ მუშაკებად უცხოელები დაასაქმო, ხოლო ჩვენ “შავ მუშებად” თუ მიგვიღებენ, მაგრამ დღევანლ ტექნოლოგიურ ეპოქაში ასეთ მოწინავე საწარმოს “შავი მუშები” საერთოდაც რომ არ ჰყავს?!

კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის უწინარეს ყოვლისა, ტექნოლოგიური ჩამორჩენის დაძლევა, განათლების, კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის ხარისხობრივი გაზრდა, შრომის კულტურის გაძლიერება და ამ მიმართულებით უპირატესობის მოპოვება იქნება მთავარი, რასაც იგივე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მილიარდი ევროს ინვესტიცია უთუოდ ემსახურება; არარენტაბელური ფაბრიკების ფუჭად შენებას – ცხადია, ეს ჯობს; ასევე, კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის, შრომითი კულტურის ამაღლება, ამ ეტაპზე ევროპაში ლეგალური დასაქმებით, თანაც გაცილებით უკეთესი ანაზღაურებითა და პირობებით, ვიდრე აქ შეიქმნებოდა ნაკლებ, ან სულაც არარენტაბელური წარმოებისას, არის შესაძლებელი;

ამიტომ არის ძალზე მნიშვნელოვანი საზღვარგარეთ დასაქმება, როგორც შესაძლებლობა არა მხოლოდ სარჩოს მოსაპოვებლად, არამედ განვითარებისთვისაც.

ცხადია, საზღვარგარეთ წასვლა ქართველისთვის კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას და ბიძინამაც თქვა ეს! აბა რა ექნა, ნაცებივით ტყუილებით გაებერა და დაებოლებინა ხალხი?!

ამ თემაზე:

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?